ორგანიზაცია „ჰეპა პლუსის“ სოციალური მუშაკი თამუნა გახოკიძე აივ-დადებითია. 2 დეკემბერს რადიო თავისუფლების ეთერში მან ილაპარაკა საზოგადოებაში აივ-ინფიცირებულთა მიმართ არსებულ სტიგმაზე როგორც ზოგად პოპულაციაში, ისე რისკჯგუფებსა და ექიმებს შორის და რაც მთავარია, ილაპარაკა გზაზე, რომელიც წლების განმავლობაში გაიარა. დღეს ის სამი შვილის დედაა და მეოთხეს ელოდება:
“თითქოს ხალხს ეშინია, თითქოს... არ ვიცი, რა სჭირთ. ხშირად მიწევს ველზე გასვლა მობილური ამბულატორიის მანქანით და ადამიანებს, ზოგადი პოპულაციიდან როცა ვთავაზობთ უფასო ტესტირებას აივ-შიდზე, ცე-ჰეპატიტზე, „აივ-შიდსს“ როგორც კი გაიგებენ, ეგრევე ტრიალდებიან და გარბიან. შეიძლება იმიტომ, რომ ჯერ კიდევ დაბალია მათი ცნობიერების დონე. დადებითი რომ აღმოვჩნდე, მერე რა ვვქნა? - კითხულობენ. ეშინიათ და ზუსტად ამიტომ ვლაპარაკობ ყველგან, რომ არ არის საშიში და მომაკვდინებელი...
ძალიან ბევრია სამუშაო. ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც „შიდსიანებს“ გვეძახიან, რომლებიც არ გვიღებენ, მომსახურეობას არ გვიწევენ. რაც ციხიდან გამოვედი, ეგეთი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ მქონდა ციხეში შემთხვევა, როცა სტომატოლოგთან მივედი კბილის ამოსაღებად და გინეკოლოგმა უთხრა სტომატოლოგს, შიდსიანია და ფრთხილად იყავიო, სტომატოლოგი საპირფარეშოში გაიქცა, იქ ჩაიკეტა და საღამოს 6 საათამდე იყო ჩაკეტილი. ციხეში მეც მეტი რა საქმე მქონდა - ვიჯექი და ველოდებოდი როდის გამოვიდოდა იქიდან. გარეთ არ მქონია ეგეთი შემთხვევა“.
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ პროგრამის დირექტორი, მაკა გოგია საქართველოში აივ-ინფიცირებულების მიმართ არსებული სტიგმით გამოწვეულ კონკრეტულ ზიანზე ამბობს:
„სტიგმა დამაზიანებელია თავად აივ-ინფიცირებული ადამიანებისთვის და პოტენციურად აივ-ინრიცირებული ადამიანებისთვის. იმდენად ძლიერია სტიგმა, რომ რეგიონში მცხოვრები ინფიცირებული ადამიანი თბილისში ჩამოდის მედიკამენტების ასაღებად იმისთვის, რომ არ გამოჩნდეს თავისი რეგიონის ცენტრში, არ მოხდეს მისი იდენტიფიცირება. წარმოიდგინეთ, რომ ზოგიერთი ადამიანი 300 კილომეტრს და მეტს თვეში ერთხელ გაივლის მხოლოდ იმისთვის, რომ ის არ დაინახონ...
სტიგმა ნამდვილად უშლის ხელს ადამიანებს მიიღონ შესაბამისი სერვისები: პრევენციული სერვისი იქნება ეს, ტესტირება თუ მკურნალობა“.
მაკა გოგიას თქმით, მომავალ წელს საქართველოში ჩატარდება სტიგმა-ინდექსის დასადგენი გამოკვლევა და გამოჩნდება თუ რა ხარისხით არის გამჯდარი ამა თუ იმ დაავადების მიმართ სტიგმა საზოგადოებაში.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ თამუნა გახოკიძეს ორი შვილი შეეძინა, ორივე ჯანმრთელია. მას გაუმართლა - მცოდნე და გამბედავი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ შეძლო ის, რაც ყველაზე მეტად უნდოდა:
„წლების მანძილზე შიდსის ცენტრთან თანამშრომლობდა ერთი გინეკოლოგი, პაატა ჟორჟოლიანი, რომელმაც საკეისრო კვეთა გამიკეთა პირველ ბავშვზე. შემდეგ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეკა გაგუა, რომელმაც მამშობიარა და ფიზიოლოგიური გზით გავაჩინე გაბრიელი. კი, გამიმართლა, რადგან პირველ ბავშვზე როცა ვიყავი ფეხმძიმედ, იმუნიტეტი მქონდა დაბალი თავიდან, ფილტვების ანთება მქონდა და გამიმართლა, რომ კარგად მომხედა, მომიარა ბოლომდე.
მეორე შემთხვევაში აღარ მქონია ისეთი გართულებები, იმუნიტეტი მაღალი იყო და ჩვეულებრივი ორსულობა იყო. არანაირი პრობლემა არ მქონია. მაგრამ, მინდოდა მშობიარობა და არა საკეისრო. აქაც გამოვძებნე გამოსავალი და ეკა გაგუამ მამშობიარა.
ახლაც ფეხმძიმედ ვარ და მშობიარობას ვაპირებ“, - ასეთი სასიხარულო ამბავი გვამცნო პირდაპირ ეთერში თამუნა გახოკიძემ, რომელიც ყოველთვის მზად არის დაეხმაროს ადამიანებს, თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს უკეთესად გამოსდის, ვიდრე სხვა შეძლებდა:
„მზად ვარ იმისთვისაც, რომ რაღაც ნეგატიური წამოვიდეს. ყოველთვის ველოდები, რომ ვიღაც რაღაცას ვერ გაიგებს, მაგრამ ვცდილობ, რომ გარკვეულად ვილაპარაკო იმიტომ, რომ იმ ადამიანმა, ვინც ვერ გაიგებს, მეტნაკლებად შეიცვალოს თავისი დამოკიდებულება აივ-ინფიცირებულების მიმართ“.
მაკა გოგია აივ-ინფიცირებულთა თემის მეტად აქტიურობის უდიდეს მნიშვნელობაზე ლაპარაკობს:
„თამუნასნაირი კიდევ რამდენიმე ადამიანი გვყავს ირგვლივ. ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ თავად ინფიცირებული ადამიანები და ღიად დაიწყეს თავის თავზე ლაპარაკი და სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლა. მინდა, მივმართო სხვა ინფიცირებულებს, რომ გამოვიდნენ, დაგვიდგნენ გვერდით, დაამარცხონ თვითსტიგმა და იბრძოლონ საერთო საზოგადოებაში ამ სტიგმის წინააღმდეგ. თამუნას სჭირდება მოკავშირეები!“.
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ აივ-ინფიცირებულებს, ვინც დისკრიმინაციის მსხვერპლია და დიაგნოზის გამო უთხრეს უარი დასაქმებაზე:
„კრიტიკულად სჭირდებათ სამსახური, მაგრამ თვითსტიგმა იმდენად მაღალია, რომ მაინც უჭირთ მოვიდნენ იურისტამდე და მოუყვნენ თავიანთი ამბავი, რომ დავეხმაროთ. ზიანის შემცირების ეროვნული ქსელი სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას და საქმის ბოლომდე მომსახურებას აივ-ინფიცირებულთა დისკრიმინაციის შემთხვევებში. მთავარია მათ გადალახონ ბარიერი და გამოვიდნნენ თავიანთი უფლებების დასაცავად“.
დრო მიდის და მედიცინა ვითარდება, აივ-ინფიცირებულთა მკურნალობაც უფრო იოლდება. მაკა გოგია ყვება:
“ძალიან დიდი პროგრესი განიცადა მკურნალობამ. სულ სხვა მიდგომებია ახლა, ვიდრე რაც იყო 30, 20, 10 წლის წინ. ძალიან გამარტივებულია. დღეში 1-2 ტაბლეტის მიღებით ამოიწურება მკურნალობა, თუ ადამიანი დროულად იქნა იდენტიფიცირებული აივ-ინფექციის სტადიაზე და არ არის შიდსის სტადია. ჩვეულებრივად ცხოვრობენ, იმდენსავე წელს, რამდენსაც არაინფიცირებულები. უბრალოდ, ეს მედიკამენტები უნდა მიიღონ. ყველაზე კარგი პროგრესი რაც არის და ამასწინათ კონფერენცია იყო ბაზელში, სადაც წარმოადგინეს შედეგები, ეს არის ინექციური პრეპარატი, რომელსაც ადამიანი 3 თვეში ერთხელ გაიკეთებს და ტაბლეტების მიღებაც არ დასჭირდება. ეს ქრონიკული, მართვადი დაავადებაა. თუ შევადარებთ დიაბეტს ან არტერიულ ჰიპერტენზიას, როცა მედიკამენტის მიღება ყოველდღიურად არის საჭირო და პლუს წნევისა და შაქრის კონტროლი, ეს გაცილებით მარტივი სამკურნალო ფორმა გამოდის.
ეს კვლევის შედეგები იყო, 2000 ადამიანზე აჩვენა ეფექტიანობა. 2-3 წელიწადში გადმოვა ეს რეალობა და საქართველოშიც აისახება“.
Your browser doesn’t support HTML5