თამლიანი თავისუფალია: "ხელისუფლებამ შეთანხმების შესრულება დაიწყო"

კორონავირუსის საფრთხემ თითქმის ყველა სხვა თემა გადაფარა და ეს გარკვეულწილად შეეხო 20 ივნისის მოვლენების გამო დაკავებული ბესიკ თამლიანის გათავისუფლებასაც. თუმცა, ოპოზიციის აზრით, 23 მარტს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - ხელისუფლებამ დაპირების შესრულება დაიწყო. ოპოზიციონერებსა და აქტივისტებს ახლა უკვე სხვა პოლიტიკოსების გათავისუფლების იმედიც აქვთ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასეთი დაპირების არსებობას არასოდეს ადასტურებდა.

მოულოდნელი გათავისუფლება

ადვოკატი ლევან იოსელიანი საერთოდ არ მოელოდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 23 მარტს გაათავისუფლებდნენ. სრულიად მოულოდნელად, სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა თავად დააყენა 20 ივნისის მოვლენების გამო დაკავებული პირის - ბესიკ თამლიანის გათავისუფლების საკითხი. საუბარია იმავე მოსამართლეზე, რომელმაც 13 მარტს უარი თქვა თამლიანის გათავისუფლებაზე.

ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გირაოთი (4000 ლარი) შეეცვალა. მას აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა და მოსამართლემ დაადგინა პასპორტის ჩამორთმევის აუცილებლობაც.

„ნამდვილად არ მოველოდით... სასამართლომ თავისი ინიციატივით მიიღო ეს გადაწყვეტილება. 23 მარტს ჩვენ გათავისუფლების შუამდგომლობით აღარ მიგვიმართავს. ეს ჩვენ 13 მარტს გავაკეთეთ და მოსამართლე იაშვილისგან უარი მივიღეთ... ბოლო სხდომაზე სასამართლოს პროკურატურაც დაეთანხმა, მაშინ, როცა 13 მარტს ამტკიცებდა - მიმალვის საფრთხის გამო თამლიანი პატიმრობაში უნდა დარჩესო... და რა შეიცვალა მას შემდეგ?! არაფერი შეცვლილა“, - უთხრა ლევან იოსელიანმა რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ ბესიკ თამლიანი: ვამზადებ სარჩელს და იქით მინდა წავუყენო ჩემს მთავრობას

ბესიკ თამლიანი ბრალს არ აღიარებს

20 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულს ბრალად ედება სს კოდექსის 225-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაული - ჯგუფური ძალადობა. მანამდე თამლიანი, ამავე მოვლენების გამო, ადმინისტრაციული წესით იყო გასამართლებული.

აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მას 6 ივლისს შეეფარდა. წინასწარი პატიმრობისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული 9-თვიანი ვადა 4 აპრილს იწურება. ყველაზე გვიან, 4 აპრილს თამლიანი მაინც გათავისუფლდებოდა.

„მოსამართლეს აღარ უხსენებია, რომ 4 აპრილს თამლიანი ისედაც გათავისუფლდებოდა, მაგრამ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის ფაქტი, რომ ვეღარ ესწრებოდა მოწმეების დაკითხვა და ვერ ხერხდებოდა დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელება... თუმცა ამით არ წყდება. ეს საქმე. აწი შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს...“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა.

ასევე ნახეთ რა უფრო მტკივნეულია ხელისუფლებისთვის

ადვოკატი ლევან იოსელიანი თამლიანის გათავისუფლებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების აღსრულების ჭრილში განიხილავს - „იმ შეხვედრაზე ვინც იყო, ყველა ადასტურებს, რომ ლაპარაკი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და მათ შორის ნახსენები იყო ბესიკ თამლიანიც... ხელისუფლებამ თქვა, რომ ამ საკითხს მოაგვარებდა“.

უნდა გათავისუფლდნენ დანარჩენებიც, თორემ...

8 მარტის შემდეგ, ბესიკ თამლიანის სახელსა და გვარს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ხშირად ახსენებდნენ.

ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით გამართულ შეხვედრაზე (როცა საარჩევნო სისტემის მოდელი შეთანხმდა და მხარეებმა ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი) ხელისუფლებამ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების შეწყვეტის პირობაც დადო.

შეთანხმების დოკუმენტში გვარები მოხსენიებული არ არის. თუმცა ოპოზიცია ლაპარაკობდა ხელისუფლებისგან მიღებულ სიტყვიერ დაპირებაზე კონკრეტული პირების გათავისუფლების შესახებ.

4-კაციან სიაში შედიოდნენ:

ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული ამ ოთხი პირიდან მხოლოდ გიგი უგულავაა მსჯავრდებული და ამიტომ, მისი გათავისუფლების იმედები მხოლოდ პრეზიდენტის ხელთ არსებულ შეწყალების მექანიზმს უკავშირდება.

ასევე ნახეთ "დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გაასამართლებ ადამიანს და ვინ გაასამართლებს"

„პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა (საარჩევნო სისტემის გარშემო მიღწეული) შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იყო და, როგორც ჩანს, ამ შეთანხმების შესრულებაც დაიწყეს... კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო... როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებამ ეს პროცესი გარკვეული პაუზის შემდეგ დაიწყო, რადგან ის არ აღიარებდა ასეთი დაპირების მოცემას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ:

  • ხელისუფლებამ დაპირება ბოლომდე უნდა შეასრულოს, აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს სხვებიც და უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა;
  • ამ დაპირების ბოლომდე შესრულების გარეშე, ძალას დაკარგავს და ჩაიშლება საარჩევნო სისტემის გარშემო მიღწეული კომპრომისული შეთანხმებაც.
ასევე ნახეთ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება

დაკავებულების გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარეშე, საარჩევნო სისტემის გარშემო მიღწეულ შეთანხმებას ასევე ჩაშლილად ჩათვლის „ევროპული საქართველო“.

„თამლიანის გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება შევთანხმდით... ცოტა ფეხის ათრევით, მაგრამ ხელისუფლებამ ეს პირობა შეასრულა და ეს კარგია. იმედი მაქვს მეც და სხვებსაც, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა პირებიც დატოვებენ საპატიმროს და ვერანაირი კორონა ვერ შეუშლის ამას ხელს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. სწორედ მის გუნდშია ბესიკ თამლიანის ადვოკატი ლევან იოსელიანიც.

ბესიკ თამლიანის გათავისუფლების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას განცხადებები აღარ გაუკეთებია. მანამდე კი ლიდერები აცხადებდნენ, რომ ოპოზიცია იტყუება, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, ხელისუფლებას პატიმრების გათავისუფლების არანაირი პირობა არ დაუდია და ის ვერ ჩაერევა სასამართლოს საქმეებში.

„გავა ერთი კვირა, ორი კვირა და თქვენ თავად გექნებათ იმის გადამოწმების შესაძლებლობა, რამდენად სწორ ინფორმაციას აწვდის ოპოზიცია საზოგადოებას“, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, 9 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

ასევე ნახეთ გახარია: შეწყალებას პოლიტიკური ფასი აქვს და ეს ძალიან მარტივია - აღიარება

ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას მრავალთვიანი ბრძოლის „ძალიან დიდ გამარჯვებად“ მიიჩნევს მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი, ნოდარ რუხაძე.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსთაველის გამზირზე თუ სხვაგან გამართული ხანგრძლივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ე.წ. გავრილოვის ღამის პატიმრების გათავისუფლება იყო.

„ჩვენ დავდიოდით ამ პატიმრებისა და მათ შორის - ბესიკ თამლიანის პროცესებზე. ვხედავდით, როგორი ჩამონგრეულია, ჩამომპალია ეს საბჭოთა სისტემა, რომელიც ჯერ წინა ხელისუფლებამ, ხოლო შემდეგ ამ ხელისუფლებამ გადაიბარა... ვხედავდით, როგორ ცდილობდა მთლიანი სისტემა ადამიანების დაჩაგვრას... ადამიანები დაისაჯნენ იმისთვის, რაც მათ არ გაუკეთებიათ... სასამართლო, პროკურატურა და სხვა სტრუქტურები ერთიანად იყვნენ ჩართული ამ ამბის გაყალბებაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნოდარ რუხაძემ.