"იმისათვის, რომ ადამიანმა დაიცვას კანონი, ის უნდა იყოს მკაფიო!"

Your browser doesn’t support HTML5

2020 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები „საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონში“, რომლებიც ეხება ბავშვებისა და მოზარდების დაცვას „მავნე ზეგავლენის მომხდენი“ ინფორმაციისგან. კანონი იმგვარად აღწერს შინაარსობრივ შეზღუდვებს, რომ აჩენს უამრავ კითხვას მათ პრაქტიკულად შესრულებაზე.

არსებული კონტექსტისა და არჩევნების დღემდე ორი თვით ადრე ამ ცვლილებების ამოქმედების პერსპექტივაში საფრთხეებს ხედავენ მაუწყებლები. ოთხმა ტელეკომპანიამ: „მთავარმა არხმა“, „კავკასიამ“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“, აგრეთვე „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსმა“ პარლამენტსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართეს შეკითხვების მთელი წყებით. ისინი აგრეთვე ითხოვენ მორატორიუმს ამ ცვლილებებზე და დროს უამრავი საკითხის განმარტებისთვის.

„მთავარი არხის“ დირექტორი თამთა მურადაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ყვება, რომ აღნიშნული ცვლილებების ("მაუწყებლობის შესახებ კანონის" 56-ე, 56-1, 56-2 მუხლები) განხილვაში არ იყვნენ ჩართული მედიაორგანიზაციები. მათ მხოლოდ პოსტ ფაქტუმ შეიტყეს ცვლილებებზე, რომლებიც მაისის ბოლოს მიიღეს და იმდროინდელი ფორმულირებით 1 ივნისს უნდა ამოქმედებულიყო:

„მე დავუკავშირდი მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელს და ვუთხარი, რომ წარმოუდგენელია ასე სწრაფად შევიდეს ეს კანონი ძალაში, რომ ეთერს სჭირდება გადაწყობა, მთლიანად უნდა ამოტრიალდეს სამუშაო სისტემა. „კი, გვესმის“, - ასეთი უკუკავშირი გვქონდა და მოახერხეს ის, რომ გადაიტანეს ამ კანონის ამოქმედების ვადა 1 სექტემბრამდე. ეს გადატანა მოხდა, საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ შეიკრიბა, იმ საპარლამენტო მუშაობის ფარგლებში და მოესწრო პირველ სექტემბრამდე გადადება.

ამის შემდეგ, მქონდა მოლოდინი, რომ მარეგულირებელი კომისია შეიმუშავებდა დამატებით დადგენილებას, გაიდლაინს, სადაც გაწერილი იქნებოდა მარეგულირებელი კომისიის ხედვა - როგორ წარმოუდგენია თითოეული ამ ნორმის განხორციელება პრაქტიკაში. ის ერთხელ მოიქცა ასე, როცა შემოიტანეს ახალი რეგულაცია სპონსორობასთან და პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებით. კანონის ის ნორმები დღესაც ძალიან ზოგადი და ბუნდოვანია, მაგრამ კომისიას აქვს ცალკე გაიდლაინი, სადაც აღწერს საკუთარ ხედვას, რომელიც ჩვენთვის არის ერთგვარი სახელმძღვანელო და თუ მე არ მინდა კანონი დავარღვიო, წინასწარ ვიცი, როგორ ხედავს და განმარტავს ამას კომისია.

მსგავსი სახის დოკუმენტის შემუშავებას ველოდით ამ ცვლილებებზეც. თუმცა, ნაცვლად დადგენილების შემუშავებაზე ინფორმაციის მიღებისა, კომისიისგან მივიღეთ წერილი, რომ 1 სექტემბერს ამოქმედდება ეს კანონი და ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. ვერც ერთი მაუწყებელი, ვერც ერთი ონლაინ-პლატფორმა ვერ ვიქნებით მზად იმისთვის, რომ სრულფასოვნად დავიცვათ ეს კანონი. რეალურად არ მგონია, რომ მართლა „ბემბის“ ეთერში გაშვების გამო დაგვაჯარიმონ, მაგრამ იძლევა ამის საფუძველს ასეთი ბუნდოვანი განმარტებები და ჩვენ არ უნდა ვიყოთ რისკის ქვეშ, რომ მარეგულირებელ კომისიას როცა მოუნდება, განმარტოს ერთნაირად, ხოლო მეორე ჯერზე განმარტოს სხვანაირად.

კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი და მე, როგორც კანონიერმა მოქალაქემ და კომპანიამ, უნდა ვიცოდე რომელი კანონი რას მავალდებულებს. აქედან გამომდინარე, ეს კონკრეტული ჩამონათვალიც, რომელიც მუხლშია და ეს მთავარი პრობლემა და რისკები, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის მართლა ძალიან სახიფათო. რეალურად, თითქოს, ასაკობრივად არის დაყოფილი გადაცემათა კატეგორია, თუმცა კარგად რომ წაიკითხოთ ეს ჩამონათვალი, პრაქტიკულად მთელი ეთერი არის +18“.

ვითარებაში, როცა ხელისუფლება ლაპარაკობს ბავშვის ინტერესების და უფლებების დაცვის პოზიციიდან, მარტივია მაუწყებლების კრიტიკული პოზიცია გაფორმდეს, როგორც ბავშვის უფლებების წინააღმდეგ სვლა. თამთა მურადაშვილი ხედავს ამ საფრთხეს და იმეორებს:

„ამიტომ, ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ ამ საკითხში: პირიქით, გვინდა რომ დავიცვათ ბავშვის უფლებები, თუმცა ისე, რომ ცენზურა არ იყოს და სხვა სიკეთეებიც იყოს დაცული. კანონის მიზანი ხომ არ არის მედიის დაჩაგვრა და ბავშვის უფლებებია მისი მიზანი? აი, ამისთვის მივყვებით მათ. გვინდა, რომ ეს გავაკეთოთ. უბრალოდ, კანონი უნდა იყოს უფრო მკაფიო, არ უნდა იყოს ისეთი ბუნდოვანი, რომელიც კანონის მილიონნაირად ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ: იმისათვის, რომ ადამიანმა დაიცვას კანონი, კანონი უნდა იყოს მკაფიო“.

პარლამენტისა და მარეგულირებელი კომისიისთვის გაგზავნილი შეკითხვების ავტორები მიმართავენ კანონმდებლებს:

„გთხოვთ, გამოაცხადოთ მორატორიუმი და საარჩევნო შედეგების საბოლოო ძალაში შესვლამდე არ მოხდეს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მაუწყებლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება“.

„დილის საუბრების“ სტუმრის თქმით, მორატორიუმის დრო უნდა მოხმარდეს კანონმდებლებისა და კომისიის წევრების კომუნიკაციას მაუწყებლებთან:

„ეს დრო გამოვიყენოთ ყველა მხარემ, რომ შევიკრიბოთ, დამყარდეს კომუნიკაცია და ვიმსჯელოთ ამ ნორმათა სავარაუდო განმარტებაზე - როგორ აღიქვამს ამას კომისია. კონცეფციის დონეზე მაინც რომ ვიცოდეთ, მაგალითად, „ბავშვის სოციალიზაციისთვის ხელის შეშლა“ რას ნიშნავს, დააახლოებით მაინც რომ ვიცოდეთ.

სხვა შემთხვევაში, ეს არის ძალიან ბუნდოვანი. პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველ სიტყვაზე შეიძლება გამოგედაოს კომისია. „ბემბი“-ზე და „ტომი&ჯერი“-ზე მართლა არ მგონია დაგვაჯარიმონ, მაგრამ მსგავსი შინაარსის უბრალო საინფორმაციო გადაცემაზე შეიძლება რომ დაგვაჯარიმონ“.

თამთა მურადაშვილის განმარტებით, ცვლილებების მიხედვით, ასაკობრივი ნიშანდება საინფორმაციო გადაცემაზეც გავრცელდება:

„ერთ-ერთი კითხვაც ეს არის ჩემი, რომელი სამყაროს მაგალითიდან აიღეს ეს მეთოდი. შეიძლება ვინმეს აქვს ნანახი. მე არ მინახავს არც ერთი უცხოური არხი, არც ამერიკული, არც ევროპული, სადაც უწყვეტად, მათ შორის - საინფორმაციოს ადევს ასაკობრივი ნიშანდება.

ესთეტიკურადაც არ არის კარგი. ვინც მედიაში მუშაობს, ესმის ეს.

მითუმეტეს, არხები, რომლებიც არ პოზიციონირებენ როგორც საბავშვო, რატომ უნდა ჰქონდეთ ასეთი შეზღუდვები? გარდა ამისა, საერთოდ არ ჩანს მედიაში ე.წ. „მშობლის კონტროლი“. მშობელი ზრუნავს ბავშვის აღზრდაზე, მის ინტელექტუალურ, ფიზიკურ განვითარებაზე, როგორც ეს ჩვენ ჩაგვიწერეს პასუხისმგებლობად კანონში. მშობელმა უნდა აკონტროლოს ბავშვი როდის დაიძინებს, უნდა უყურებდეს თუ არა ის ღამის ათ საათზე საინფორმაციოს ან პოლიტიკურ ტოკშოუს. მშობელი განსაზღვრავს ბავშვის ცხოვრებას, ეხმარება მას განვითრებაში. მედია ვერ აიღებს ტოტალურ პასუხისმგებლობას ამ საკითხებზე.

აი, მაგალითად, ინტერნეტთან დაკავშირებით [კომისიამ] ცალკე დადგენილება მიიღო და იქ არის აღწერილი, ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციაზე მშობლის კონტროლის უფლება. თუმცა, წერია, რომ ცალკე პროტოკოლის სახით უნდა შემუშავდეს ეს გაიდლაინები“.

„მთავარი არხის“ დირექტორი თვლის, რომ ამ ცვლილებების მიზანი სხვა რამ არის და არა ბავშვის მავნე ზეგავლენებისგან დაცვა:

„ანუ, ეს არ იყო დაგეგმილად, უფლებების დაცვისთვის შემუშავებული, არამედ ნაჩქარევად გაკეთდა იმისთვის, რომ: ა) მედიას შეექმნას პრობლემა და ბ) ჩემი აზრით, ქალბატონ სოფიო კილაძეს ეს სჭირდებოდა გაეროში ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად წარდგენილიყო და ერთგვარ კრედიტად ჩაწერილიყო ეს მის ბიოგრაფიაში. ცხადია, ეს კარგი ინიციატივაა, მივესალმებით და მას არ დაეკარგება ეს კრედიტები, უბრალოდ ეს არ უნდა მოხდეს სხვა სიკეთეების ხარჯზე.

თუ რეალური მიზანი არის კეთილშობილური, რომელიც ჩვენ გვიხარია და გვინდა, რომ შევასრულოთ, მაშინ ეს უნდა მოხდეს კომუნიკაციით, საერთო ენის გამონახვით და არა ისე, რომ მედია საერთოდ გაქრეს. ამ შემთხვვევაში უკვე ბავშვებსაც არ ეყოლებათ დამცველები. მედია, მათ შორის, იმისთვის არის, რომ ბავშვის უფლებებიც იყოს დაცული და ის ბავშვის კოდექსი, რომელიც ქალბატონი სოფიო კილაძის სახელობისაა, ასე ვთქვათ და მისი ავტორობით, იქ ძალიან ბევრი სიახლეა გაწერილი, კარგი, რომლის შესრულების ვალდებულება სახელმწიფოს აქვს. მედია კი საჭიროა იმისთვის, რომ ამონიტორინგოს როგორ სრულდება ეს კანონი“.

თავისივე კომპანიის გამოცდილების გათვალისწინებით, თამთა მურადაშვილს ნათლად წარმოუდგენია, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუკი საკანონმდებლო ცვლილებები დღეს არსებული სახით, დაზუსტებების და კომისიის განმარტებების გარეშე ამოქმედდება:

„თუ ჩვენს შორის არ შედგა კომუნიკაცია და ეს კანონი ამოქმედდა, ჩაირთვება პასუხისმგებლობა 1 სექტემბრიდან, რაც, ჩვენი აზრით, ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში, სამიზნეები იქნებიან ოპოზიციური არხები. ამ კანონის ბუნდოვანება სწორედ იმიტომ არის საშიში, რომ მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად, მარეგულირებელი კომისია ჩათვლის, რომ „მთავარ არხზე“ გასული კონკრეტული ინფორმაცია არის კანონის დარღვევა და მაგალითად „იმედზე“ გასულ იმავე ინფორმაციას, მსგავს ან უარეს შემთხვევაშიც, არ ჩათვლის დარღვევად.

პირველ ჯერზე მოვა სანქცია და შემდეგ დაგვემუქრება საქმიანობის ჩამორთმევა. სანქციებიც არის ცოტა ბუნდოვანი. ზოგადი წესი მარეგულირებლის არის, რომ პირველ დარღვევაზე გაქვს გაფრთხილება. შემდეგ, თუ ერთ წელიწადში გაიმეორე იგივე, არის ჯარიმა. თუ კიდევ გაიმეორე ერთ წელიწადში, უფრო დიდი ჯარიმა და შემდეგ უკვე - საქმიანობის ჩამორთმევა. არ მახსენდება შემთხვევა, როცა რომელიმე მაუწყებელს დაემუქრა მსგავსი პრაქტიკა, მაგრამ ამ შემთხვევაში დაწერეს გამონაკლისი, რომ პირდაპირ ჯარიმაა და მერე უკვე ლიცენზიის ჩამორთმევა. აქ ტერმინოლოგიაშიც გვაქვვს გაუგებრობა და ჩვენი ერთ-ერთი კითხვა ესეც არის: ლიცენზია, დღევანდელი კანონის რედაქციით, აქვთ მხოლოდ რადიოებს, ხოლო მაუწყებლებს გვაქვს ავტორიზაცია. ეს კითხვაც მივწერეთ მარეგულირებელს, რომ ცოტა დავიბენით სანქციების ინტერპრეტაციაში და ამაზეც გაგვცენ პასუხი. თუმცა, რადიოებსაც რომ ეხებოდეს მარტო, მაუწყებლები, ანუ ავტორიზაციის მფლობელები, არ ვართ დაზღვეული. ეს წავა ჩვეულებრივი სქემით, ანუ: გაფრთხილება, ჯარიმა, უფრო დიდი ჯარიმა და საქმიანობის ჩამორთმევა და ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს სულ რაღაც ერთ კვირაში.

ჩვენ, მაგალითად, გვქონდა შემთხვევა მარეგულირებელ კომისიაში: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სოციალური კლიპები, რომლებიც არხმა საკუთარი რედაქციით მოამზადა - ანუ არავის მოუტანია, მათ ჩათვალეს პოლიტიკური შინაარსის რეკლამად, რადგან მასში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი. პოლიტიკური რეკლამა ნიშნავს, რომ პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს და დეფინიციის მიხედვით ეს არის სუბიექტი, რომელიც არჩევნებში იყრის კენჭს და გამოსახულია საარჩევნო ნომერიც. რომ ვკითხე, აბა, რომელი ნომერი აქვს, იურისტებმა მითხრეს - მომავალში ხომ მიიღებს მონაწილეობასო. წარმოიდგინეთ, როგორ კომისიასთან გვაქვს საქმე. ამიტომ არის საშიში ასეთი ბუნდოვანი კანონი მარეგულირებელი კომისიის ხელში. ჩვენ რომ გვქონდეს მყარი ინსტიტუტი, შეიძლება ასეთი საფრთხე არ გვეგრძნო.

მარეგულირებელმა პირველ დღეს გაგვაფრთხილა, ზუსტად მეორე დღეს გააკეთა მონიტორინგი, ვერ მოვასწარით ბადიდან ამოღება და დაგვაჯარიმა. ანუ, ძალიან მარტივად შეუძლია მარეგულირებელ კომისიას, რომ ერთ კვირაში პრაქტიკულად დაასრულოს მაუწყებლის საქმიანობა. არ მგონია, რომ წინასაარჩევნოდ ეს მომგებიანი იყოს ვინმესთვის. დარწმუნებული ვარ, კომისიაშიც არიან თანამშრომლები, რომლებსაც ამ კანონის შესრულება, მონიტორინგი გაუჭირდებათ მათ და ექნებათ კითხვები. არ შეიძლება ეს ერთ ადამიანზე - ბატონ კახა ბექაურზე იყოს დამოკიდებული და ის როგორც ჩათვლის, ისე იქცეოდეს მთელი აპარატი. ამიტომ მსგავსი მიდგომები უნდა დასრულდეს და კანონი უნდა იყოს უფრო მკაფიო.

საარჩევნოდ ისედაც დიდი მასალა უნდა ამონიტორინგონ. გაუჭირდებათ ამ კანონის იმპლემენტაცია და ამიტომ, მოვუწოდებთ, გამოგვყვნენ კომუნიკაციაზე. ასე ყველა მხარე უფრო ბედნიერი იქნება, ჩემი აზრით“.

თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ერთი სიკეთის დაცვის სახელით სხვა სიკეთე არ უნდა შეილახოს. ამასთან, ხაზს უსვამს იმას, რომ, თუკი ხელისუფლებამ გადაწყვიტა მაუწყებელთა ქცევის კოდექსით რეგულირებადი საკითხების კანონში გადატანა, კეთილი ინებოს და მკაფიოდ განმარტონ ისინი:

„მშობელთან მუშაობაა საჭირო, თუ ბავშვის უფლებების მოწესრიგება გვინდა, რომ ბავშვებს არ ჰქონდეთ შეხება საფრთხის შემცველ ინფორმაციასთან. ბავშვები ძალიან კარგი საბაბია მანიპულაციისთვის. არ მეგულება არც ერთ მედიაში არც ერთი გონიერი ადამიანი, რომელიც ამას ეწინააღმდეგებოდეს. იმისთვის, რომ არ დაზიანდეს სხვა სიკეთეები, თან წინასაარჩევნოდ, საჭიროა მორატორიუმი. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე.

საერთაშორისო სტანდარტები ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არ გულისხმობს იმას, რომ მედიაზე უნდა განხორციელდეს ცენზურა და მას შეეშალოს ხელი. ჩვენი ნდობა მარეგულირებელი კომისიის მიმართ არის ნული. რა თქმა უნდა, პირველივე შემთხვევაზე ძალიან ბოროტად ისარგებლებს მარეგულირებელი კომისია და გამოიყენებს ძალიან მკაცრ სანქციებს ოპოზიციური არხების მიმართ. ეს ყველაფერი ძალიან ზედაპირზე დევს“.