„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) სამთავრობო ცვლილებები და მთავრობის პროგრამა შეაფასა: “თვალშისაცემია საარჩევნო წელს, სწორედ ძალოვანი მინისტრების გაძლიერების ინტერესი და მცდელობა მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რაც ცხადია, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საპოლიციო და სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური გამოყენების რისკებს და ნიშნებს ატარებს“, - წერენ შეფასების ავტორები.
რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ EMC-ს თანასწორობის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე განმარტავს: „ის კრიზისი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, საკმაოდ ღრმაა და სტრუქტურული. ის ერთი მხრივ უკავშირდება ქვეყანაში არსებულ უკიდურესად მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, სიღარიბეს, ეკონომიკურ უთანასწორობას, სოციალურ დაუცველობას და ამის პარალელურად ინსტიტუციების რღვევის ნიშნებს და მათი პოლიტიზირების ძალიან მძიმე ნიშნებს. მთელი ეს პერიოდია ვხედავთ შერჩევითი მართლმსაჯულების ტენდენციას, ვხედავთ პროკურატურის აშკარა პოლიტიზების ნიშნებს - ბოლო პერიოდში ყველა ოპონენტი, ვინც კი „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლება პრობლემური ყოფილიყო, სამართლებრივი დევნის საგანი გახდნენ. ნაცვლად იმისა, რომ როდესმე ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებას ამ კრიზისისთვის ეპასუხა რეფორმებით და სოციალური ცვლილებებით, მათ კვლავ დაიწყეს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველა საშუალების გამოყენება და პრინციპში, ღარიბაშვილის, გომელაურის და გახარიას, როგორც ყოფილი პოლიციელების შემოყვანა პოლიტიკაში ამას მიანიშნებს“.
Your browser doesn’t support HTML5