"ის, რაც დღეს პრობლემას უქმნის ეკლესიას, სწორედ მისი ჭარბი პოლიტიზირებაა და ძალაუფლებრივ მექანიზმებში ჩართულობა“

თამთა მიქელაძე, EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

„პეტრე რას ამბობს, არ მაინტერესებს, იმიტომ რომ, სინამდვილეში, ძირითადი ჯგუფები - პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, აი, ამ საფუძვლადმდებარე სისტემურ პრობლემებზე არ ლაპარაკობენ“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი და განმარტავს:

„რეალურად, დღეს მეუფე პეტრეზე ან სხვებზე ლაპარაკი არის პრობლემის შემცირება და სტატუს-კვოს შენარჩუნება. ვფიქრობ, ეს კრიზისი თვითონ საპატრიარქომ და ჩვენმა საზოგადოებამაც ტრანსფორმაციისთვის უნდა გამოვიყენოთ. ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ შევცვალოთ ეს რეალობა, როგორი იდეალების ეკლესია შეიძლება გვინდოდეს და როგორ შეიძლება რეფორმის დაწყება. ამიტომ, მეუფე პეტრეზე და მეუფე საბაზე ლაპარაკი არის არა გამოსავლის ძიებაზე და ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული დისკუსია, არამედ მხილება, სკანდალი და გაყვითლება მთელი პროცესის და საბოლოოდ - დავიწროება.

ბუნებრივია, რომ ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება პირველ რიგში საპატრიარქოს აწყობს, იმიტომ, რომ (მიუხედავად იმისა, არ ვეთანხმები მეუფე პეტრეს მიერ გამოყენებულ რიტორიკას) მისი განკვეთა სინოდიდან ამის ნიშანი იყო - კრიტიკული აზრი განდევნეს და ისევ იმ მოცემულობაში დარჩნენ“.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტისთვის მიმართვაც, თამთა მიქელაძის შეფასებით, არის იმისთვის, რომ ამ საქმის მიმართ არსებული კრიტიკა აღარ გავრცელდეს საპატრიარქოზე.

უფლებადამცველისთვის ნათელია, რომ რაც დღეს ეკლესიაში ხდება, არავისთვის არის გასახარი:

„ბუნებრივია, როცა საპატრიარქოზე ან ეკლესიაზე ვლაპარაკობთ, არ ვგულისხმობთ რეალურ სულიერ პრაქტიკებს, რომელიც სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებშია, სამრევლოებშია და მათ შეიძლება არა მხოლოდ სულიერი, საინტერესო სათემო პრაქტიკებიც ჰქონდეთ გაზიარებისა და ერთმანეთის მხარდაჭერის.

არ ვლაპარაკობთ არც მორწმუნის საკითხზე. მორწმუნეებისთვის, რომლებიც მძიმე და დამღლელ შრომაში, სოციალურ სასოწარკვეთაში, სიღარიბეში ვართ, ეკლესიები ჩვენთვის შეიძლება იყოს სწორედ შვების სივრცეები, სადაც ადამიანად ყოფნა შეგვიძლია“.

თამთა მიქელაძე აღნიშნავს ფაქტს, რომ ვერცერთმა სხვა ინსტიტუტმა ვერ შეძლო საზოგადოების კონსოლიდაცია, რაც გარკვეულწილად მოახერხა ეკლესიამ, თუმცა, ლაპარაკობს ამ კონსოლიდაციის პრობლემურ მხარეებზეც:

„იმ პირობებში, როცა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ვერ შექმნეს ჩვენი თანაარსებობის მაკონსოლიდირებელი პოლიტიკური პროექტი - ვინ ვართ ეს „ჩვენ“ და როგორ გვინდა განვვითარდეთ, რა ღირებულებებზე დაფუძნებით ვარსებობთ როგორც საზოგადოება - ეკლესია მაინც წლების განმავლობაში ახერხებდა ამ კონფლიქტური, დაპირისპირებული, ტრავმირებული საზოგადოების რაღაც ტიპის კონსოლიდირებას. თუმცა, ისიც უნდა გავიგოთ, რომ ის მექანიზმები, რომლებსაც ამ გავლენებისთვის იყენებდა ეკლესია, ძალიან ხშირად პრობლემური იყო. პირველი პრობლემა, რომელსაც მე დავასახელებდი, არის ის, რომ ეკლესიის იდეოლოგიის საფუძველშივე მუდმივად იდგა რაღაც პროფანული, არასაკრალური და ეს იდეა იყო ყოველთვის ნაციონალიზმი“.

EMC-ს წარმომადგენელი ხაზს უსვამს ეკლესიის, როგორც მამხილებლის როლის დეფიციტს:

„მამხილებლის ფუნქცია, რომელიც ეკლესიას უნდა ჰქონდეს: სარკეში ჩახედვის, კრიტიკული რეფლექსირების ფუნქცია, როცა შენ საზოგადოებაში, სისტემაში, ძალაუფლების რგოლებში არსებული პრობლემები უნდა ამხილო და ყოველთვის სამართლიანობის, ჰუმანიზმის მხარეს უნდა იყო, ეს მამხილებლის როლი არასდროს შეასრულა საპატრიარქომ.

აი, მაგალითად, როცა ქალთა მკვლელობები იყო, ის ლაპარაკობდა ქალების მორჩილებაზე. როცა 17 მაისი მოხდა, - და ეს იყო პრობლემა არა მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტული ჯგუფები დაზარალდნენ, არამედ იმ მხრივაც, რომ მრევლის წევრები მზად აღმოჩნდნენ კოლექტიურ ძალადობაში მონაწილეობისთვის და სხვა ადამიანის განადგურებისთვის, - მაშინაც რეფლექსია არ გააკეთა. როცა ჭიათურაში, ტყიბულში, მშენებლობებზე მუშები კვდებიან, ეს არ აინტერესებს ეკლესიას. როცა გარემოსდაცვითი პრობლემებია, ეს არ აინტერესებს ეკლესიას. ის ყოველთვის დგას ძალაუფლებების მხარეს“.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც თამთა მიქელაძე ლაპარაკობს, არის სეკულარიზმის პრინციპების დაუცველობა, რამაც, მისი თქმით, შექმნა დღევანდელი რეალობა:

„ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა თავად ეკლესიისთვისაც, რადგან ის მას დაიცავდა პოლიტიკური ჯგუფების გავლენებისგან, მათ შორის - პოლიტიზირებისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან, ნდობის დაკარგვისგან და ა.შ. ამას ვხედავთ დღეს რეალობაში. ვფიქრობ, ის, რაც დღეს პრობლემას უქმნის ეკლესიას, სწორედ მისი ჭარბი პოლიტიზირებაა და ძალაუფლებრივ მექანიზმებში ჩართულობა“.

Your browser doesn’t support HTML5

თამთა მიქელაძე ეკლესიის სკანდალსა და კრიზისის ფართოდ გააზრების საჭიროებაზე