"მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ - ორგანიზაციას, რომელიც წარმოადგენს მაჩალიკაშვილების ინტერესებს, არ გვაქვს საქმის მასალებზე წვდომა"

თამთა მიქელაძე, EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

მას შემდეგ, რაც გამოძიება შეწყდა თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებულ ორივე საქმეზე - ერთი შეეხებოდა სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავთა მიერ ძალის შესაძლო გადამეტებას, მეორე კი - თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობას ტერორისტების ხელშეწყობაში, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) მიმართა პროკურატურას და მოითხოვა საქმის მასალების გაცნობა, მათ შორის - თემირლანის ბრალდების ნაწილში. პასუხი ჯერჯერობით არ არის. EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„გვინდა, საბოლოო შეფასებები საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გავაკეთოთ და არ ავყვეთ ამ სპეკულირებას, რასაც ხელისუფლება მისი მედიასაშუალებების გზით აკეთებს“.

მეორე მხრივ, თამთა მიქელაძე აფასებს ვითარებას, რომელიც ამ საქმესთან მიმართებით არის შექმნილი:

„ცხადია, გვესმის, რომ ამ ბრძოლაში მაჩალიკაშვილების ოჯახი ძალიან უთანასწორო მდგომარეობაშია და, ბუნებრივია, მთელი ეს საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ხელისუფლება მათ წინააღმდეგ იყენებს, ძალიან რთულია, დააბალანსო რაციონალური, დამოუკიდებელი მსჯელობით და, მათ შორის, მედიების გზით, და რატომ? მთავარი პრობლემა ამ საქმეში არის ის, რომ ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, რომელიც წარმოადგენს მაჩალიკაშვილების ინტერესებს, ისევე როგორც კერძო ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს, არ გვაქვს საქმის მასალებზე წვდომა.

როცა თემირლანის დაჭრა მოხდა, [2017 წლის] დეკემბერში, უკვე იანვარშივე, დასაწყისშივე ჩავერთეთ ამ საქმეში და სანამ გარდაიცვლებოდა თემირლანი, ვითხოვდით მისთვის ბრალდებულის სტატუსის მინიჭებას, რაც იქნებოდა ჩვენთვის საფუძველი, რომ საქმის მასალებზე წვდომა გვქონოდა და გარდაცვალების შემთხვევაშიც, სანამ მის მიმართ გამოძიება შეწყდებოდა, გვქონოდა წვდომა საქმის მასალებზე. ეს იქნებოდა მინიმუმ საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ამ მტკიცებულებების და ინფორმაციის ვალიდურობა შეგვემოწმებინა, დაგვესვა გამოძიებისთვის კრიტიკული შეკითხვები და სიმართლის დადგენის გარკვეული მცდელობები გვქონოდა. ბუნებრივია, ამ საქმის სასამართლოში გაგრძელების მცდელობა ვეღარ გვექნებოდა გარდაცვალების ფაქტის გამო. მაგრამ მაშინ პროკურატურამ ამაზე უარი თქვა და მიუხედავად იმისა, რომ ბატონი შოთაძე ოჯახთან შეხვედრაზე დაგვპირდა, რომ რაღაც ეტაპზე ამ საქმის მასალებს გაგვაცნობდა, ეს დაპირება არ შეასრულეს.

ორი დღის წინ გავაგზავნეთ თხოვნა პროკურატურაში და ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, არც ახლა დაგვიშვებენ და ეს იდუმალება - ეს სტრატეგია (ისინი გველაპარაკებიან ინფორმაციაზე, რომელსაც ვერავინ ამოწმებს. მათ შორის, მათ ავთენტურობას, სიზუსტეს), ბუნებრივია, მათი იარაღი ხდება ამ საინფორმაციო და პოლიტიკურ ბრძოლაში.

ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რასაც სუს-ი აქვეყნებს, ნამდვილია თუ არა. იქნებ, ეს „ექსელის“ ფაილები მათი გამოგონილია. ვერავინ ამოწმებს ამას.

ამის მიუხედავად, შეიძლება მეთოდური არ არის, მე რომ აქ ვაგრძელებ ამაზე მსჯელობას, ჩვენ ოჯახთან, უკვე დაკავებულ პირებთან შევეცადეთ, ყველა ეს ინფორმაცია, როგორც იყო ეს მედიით წარმოდგენილი, გადაგვემოწმებინა“.

რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ თამთა მიქელაძე პასუხობს სახელმწიფოს მიერ საჯაროდ გამოთქმულ არგუმენტებს. რამდენიმეს ტექსტურ ვერსიას გთავაზობთ:

„ამ საქმეში, რაზეც სუს-ი გარკვეულ დეტალებს და ფრაგმენტებს აქვეყნებს, მათ შორის, გუშინ გოგაშვილმა რაც ილაპარაკა, ვნახეთ, რომ არის ის მტკიცებულებები, რაც „იმედმა“ გაუშვა და იმის იქით სხვა ინფორმაცია არსებითად მათ არ აქვთ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ მტკიცებულებებზე ყველაზე არსებობს პასუხი.

ეს აჩვენებს, რომ თემირლანს რაღაც ტიპის კომუნიკაცია იმ ორ პირთან ჰქონდა, თუმცა, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ჩატაევთან მისი კომუნიკაციის დამადასტურებელი ერთი მომენტის გარდა, რომელზეც სუს-ი მიუთითებს და ამაზეც ვილაპარაკებ...

თვითონ ამ დანაშაულს - ტერორიზმის მხარდაჭერას აქვს ორი ძირითადი ელემენტი: ერთი მხრივ, ეს არის გარკვეული მხარდაჭერის და მომსახურების გაწევის ელემენტი, სადაც ჩანს რაღაც ტიპის სერვისით, რესურსებით მხარდაჭერის ელემენტი და, მეორე მხრივ, სუბიექტური ელემენტი, რომ შენ იცოდი ვის ეხმარებოდი, ვის უწევდი მომსახურებას ან მხარდაჭერას, იცოდი და ნამდვილად აღქმადი იყო შენთვის, რომ ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ან ტერორისტები იყვნენ“.

EMC-ს წარმომადგენელი ჰყვება ორგანიზაციის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე, რომლის ნაწილი ტერორიზმის საქმეზე დაკავებულებმა მიაწოდეს:

„თითქმის ყველა დაკავებულს შევხვდით, ვინც ამ საქმის გამო არიან დაკავებულები, მათ შორის, [შოაიფ] ბორზიევს. ისინი ამბობენ, რომ ამ ადამიანებს - [ასლანბეგ] სულთახმედოვს და ბორზიევს თემირლან მაჩალიკაშვილი იცნობდა სხვა სახელებით. ისინი თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში, როგორც ჩეჩნეთიდან გამოქცეული პირები. ამ ოჯახთან მოდიოდნენ, მდინარეში ბანაობდნენ, ა.შ., ანუ მათ ყოფითი ურთიერთობები ჰქონდათ მათთან ისე, როგორც ბევრ ადამიანს პანკისის ხეობაში.

რაც შეეხება ხიზრი მარგოშვილს (ეს იყო ვახა [მალხაზ] მაჩალიკაშვილის მეზობელი, მისი აღზრდილი და მეგობარი): თემირლან მაჩალიკაშვილი წინა წლებში თბილისში კოლეჯში სწავლობდა და სწორედ ხიზრი მარგოშვილის სახლში რჩებოდა, რადგან ოჯახს აქვს ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ადამიანმა დაუთმო სივრცე თავის სახლში. ამიტომ, კალაუბანზე როცა ლაპარაკობენ, „ვაიფაიზე“ და პასვორდ „თემირლანზე“, ეს ყველაფერი უკავშირდება თანაცხოვრების დროს ყოფით შეხებას, სადაც ეს ადამიანებიც ხანდახან მიდიოდნენ სწორედ იმიტომ, რომ მათი მასპინძელი უფრო მეტად ხიზრი მარგოშვილი იყო. იმის თქმა მინდა, რომ ეს ურთიერთობები რაღაც ტიპის შეხებებს გამოიწვევდა აუცილებლად, როგორც ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან.

...ზარის განხორციელება - რომელიც თითქოს ყველაზე ახლოს არის ჩატაევთან: ამ საკითხზე სუს-ის მიერ არ არის დადგენილი (და ჩვენ პირიქით ვიცით, რომ სხვა რამეა დადგენილი) და ოჯახის წევრები და სხვებიც ამბობენ, რომ ამ ნომრით არასდროს უსარგებლია თემირლან მაჩალიკაშვილს, ის არ დებულა თემირლანის ტელეფონში. რატომღაც, სუს-ი არ აქვეყნებს ანტენების ამონაწერს, რომელიც აჩვენებდა საიდან განხორციელდა ეს ზარი. გადავამოწმებდით იმ დღეს, იმ საათებში სად იმყოფებოდა თემირლანი. ჩვენი ვარაუდია, რომ შეიძლება თემირლანმა ეს ნომერი ვიღაცას აუღო - მეგობარს ან ამ პროცესის რომელიმე მონაწილეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს და მეეჭვება, რომ ჩატაევმა დაურეკა თემირლანისნაირ ადამიანს, რომელიც თავის ამბებში იყო და ცოტა დაბნეული, სხვა ცხოვრება ჰქონდა, რომ პირველივე ზარს ამ ახალგაზრდის მიმართ განახორციელებდა ასეთი ძლიერი ტერორისტი. ცოტა სისულელე მგონია. მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ ამ მტკიცებულებებს სრულად არ აქვეყნებენ: სუს-ი არ ამბობს საიდან განხორციელდა ზარი, ვის ტელეფონში იდო და ამის დადგენა მათ შეუძლიათ და, როგორც ვიცით, დადგენილიც არის, რომ ეს თემირლანის ტელეფონში არ იდო. ამიტომ ეს დეტალიც არის პრობლემური.

შემდგომში არის გადარიცხვები და ხიზრი მარგოშვილთან რაღაც კომუნიკაცია ჩარიცხვების თაობაზე. ჩვენ შევხვდით ხიზრი მარგოშვილს, ოჯახსაც. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მარგოშვილების ოჯახი იყო სოციალურად დაუცველი და მან ერთხელ ან ორჯერ, როგორც ოჯახს ახსოვს, სთხოვა, რომ თემირლანთან გადმოერიცხა მცირე თანხა თბილისში ბინის ქირისთვის, რადგან ესენი სოცდაუცველები იყვნენ და თუ ეს თანხა გამოჩნდებოდა, შეიძლება სოცდახმარება შეწყვეტოდათ და იმ ვიდეოშიც, სადაც ქისტურად ჩანაწერია თემირლანს და მარგოშვილს შორის, ბინაზეა საუბარი, რომელიც სუს-მა ბოლომდე ზუსტად არ თარგმნა. ჩვენ გადავამოწმეთ ენის მცოდნეებთან და იქ ზუსტად ბინაზე როა საუბარი, არის ძალიან ნათელი“.

თამთა მიქელაძე ლაპარაკობს თემირლანის მიმოწერაზე მეგობარ გოგოსთან. ამ მიმოწერის ტექსტიც მედიით გასაჯაროვდა:

„ის ფილმზე მსჯელობს. რა თქმა უნდა, პრობლემურია ის განცხადება ჩემთვის, რასაც აკეთებს, მაგრამ ის არ უკავშირდება კონკრეტული ქმედების ჩადენას, ორგანიზებას, ან მომზადებას. ის მეგობარ გოგოსთან რაღაც ფილმს არჩევს, გარკვეულ ტერმინებს განმარტავს და აკეთებს პრობლემურ განმარტებას, მაგრამ არ აჩვენებს რაიმე კავშირს ამ დანაშაულთან ან ზოგადად დანაშაულთან“.

თამთა მიქელაძე ხელყუმბარის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას და გამოძიების წარმოების რამდენიმე ასპექტზე მიუთითებს:

„იმთავითვე ვამბობდით, რომ ამ საქმეზე ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი დაირღვა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სამართლებრივ შედეგზე, ამოიღო თავად სუს-მა. ანუ, ჩვენ ამ საქმეში სუს-ის შესაძლო ბრალეულობაზე ვმსჯელობთ და იმ პირებს, ვისი ბრალეულობაც გამოძიებამ უნდა შეისწავლოს, თვითონ აქვთ შეხება პირველად მტკიცებულებებთან.

მათ შორის, სპეცრაზმელების ჩვენებებში, ვინც ისროლა და მეორის, საუბარია იმაზე, რომ ხელყუმბარა როცა დავარდა, მათ გადაიტანეს ოთახის სხვა ადგილას. შემდეგ ჩხრეკა-ამოღება ისევ სუს-ის გამომძიებლებმა ჩაატარეს და არა პროკურატურის გამომძიებლებმა. აქ არის ცენტრალური პრობლემა - ის, ვინც არის ბრალეული უწყება, არ შეიძლება გამოძიება ჩაატაროს და მტკიცებულებები ამოიღოს. ასეთი მტკიცებულებები იმთავითვე ითვლება არასანდოდ და არავალიდურად, რადგან ხარ დაინტერესებული პირი და საქმეში, სადაც სიცოცხლის ხელყოფის არააუცილებლობის და არაპროპორციულობის საკითხზე ვლაპარაკობთ, ხელყუმბარის და წინააღმდეგობის გაწევა იყო ის ვერსია, რომელიც ძალიან სჭირდებოდა სუს-ს იმისთვის, რომ ძალის გამოყენება გაემართლებინა.

რატომღაც ის პაკეტი [ხელყუმბარის] არის დათარიღებული 21 ნოემბრით და არა 26 დეკემბრით (რაც სალოსის ქუჩის ოპერაციის თარიღია), რაც ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს - რატომ და როგორ გაჩნდა ის პაკეტი იმ თარიღით?

იანვარში სუს-ის გადაწყვეტილებით ხდება ხელყუმბარის აფეთქება, როცა საქმის გამოძიება 26 დეკემბერსვე დაიწყო პროკურატურამ. წარმოიდგინეთ, პროკურატურა იძიებს და თითქმის თვე და ათი დღე პროკურატურას არც სპეცრაზმელების ჩვენებებს აძლევს სუს-ი, არც მტკიცებულებებს გადასცემს და ხელყუმბარას ანადგურებს. სუს-ი ცვლის იმ იარაღის დეტალებს, საიდანაც გასროლა განხორციელდა, რადგან მასრა ვერ გადმოვარდა, დაზიანება ჰქონდა ავტომატსო და პროკურატურის ყოველგვარი ჩარევის გარეშე, თავად ეს თანამშრომელი მის სხვა თანამშრომელთან ერთად უცვლის ნაწილს ავტომატს და შემდგომში ხდება ამაზე ანგარიშის გაზიარება სუს-ისთვის.

ანუ, თითქოსდა, გამოძიებას პროკურატურა ატარებს, მაგრამ 26 დეკემბრიდან თითქმის თებერვლის შუა პერიოდამდე ყველა მტკიცებულებას ამოიღებს, აფორმებს, ანადგურებს, ცვლის სუს-ი. სპეცრაზმელებთან დაშვება პროკურატურას რამდენიმე თვე არ ჰქონდა. მონაცემებსაც კი არ უზიარებდა სუს-ი პროკურატურას. რაზე ვლაპარაკობთ, მგონი, ძალიან ნათელია“.

რაც შეეხება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხსა და მის საწინააღმდეგოდ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ის შეიძლება კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს:

„საგამოძიებო კომისია, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პროცესი არ არის და მას პოლიტიკური შინაარსი აქვს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მას საქმის მასალების გაცნობის და გარკვეული სიმართლის დადგენის ფუნქციაც ექნება. ამაზეც უარს ამბობს სახელმწიფო.

რეალურად, დღეს სახელმწიფო [თემირლან] მაჩალიკაშვილს აცხადებს ტერორიზმის მხარდამჭერად ისე, რომ მან არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური პროცედურები არ გამოიყენა ამ საქმეზე რაღაც ტიპის სიმართლის დასადგენად, ნახევარი სიმართლის დასადგენად მაინც.

არ დავეთანხმები იმ პოლიტიკოსებს და პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამბობენ, რომ კომისია იქნებოდა საკითხის პოლიტიზირება. პირიქით, ამ საკითხის მედიაპროპაგანდაში დატოვება, ქუჩაში დატოვებაა პოლიტიზირების ძალიან მაღალი რისკის შემცველი. კომისიაზე მოხდებოდა ადვოკატების, სუს-ის, პროკურატურის მონაწილეობა და რაღაც რაციონალური, სტანდარტებით დადგენილი პროცესი შეიქმნებოდა სიმართლის დადგენის“.

Your browser doesn’t support HTML5

თამთა მიქელაძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესა და თანმდევ საინფორმაციო კამპანიაზე