"გამოძიების ვიწრო ფოკუსი მხოლოდ გასროლის მომენტს ეხება და არც კი იკვლევს სპეცოპერაციის დაგეგმვის, განხორციელების დეტალებს"

თამარ სამხარაძე, EMC-ს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით გასულ კვირაში სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ამის საფუძველი კი გახდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობა. EMC-ს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი, თამარ სამხარაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია ვთქვათ - აღარ გვაქვს იმის იმედი, რომ რაიმე შედეგი მიიღწევა. თუკი იქნებოდა ამის შესაძლებლობა, უკვე ყველა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მნიშვნელოვანია საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, არის მზად და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთვისაც მომწიფებულია საქმე, თუმცა, მაინც არ დგება შედეგი და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ერთადერთი გზა დარჩა სტრასბურგისთვის მიმართვა“.

თამარ სამხარაზე განმარტავს სარჩელის სტრუქტურას:

„ორი მიმართულებით არის საქმე: ერთ შემთხვევაში არის სიცოცხლის მოსპობაზე დავა და აქედან გამომდინარე ეფექტურ გამოძიებაზე. მეორე შემთხვევაში ეს შეეხება არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას. ამ კუთხით გამოძიებაც კი არ დაწყებულა და ერთადერთი, რაც ხელისუფლებამ განახორციელა, ეს იყო გამოკითხვა ოჯახის წევრების, თუმცა ესეც სიცოცხლის მოსპობის საქმის ფარგლებში და ცალკე არანაირი საგამოძიებო მოქმედება ამ კუთხით არ განხორციელებულა.

რაც შეეხება სიცოცხლის მოსპობის საქმეს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დეკემბერში გახდა ცნობილი, იყო თემირლანის პოზიციასთან დაკავშირებით. ანუ, აქ სახელმწიფო და დამოუკიდებელი ექსპერტიზების დასკვნებში ცოტა განსხვავება არის, თუმცა, ორივე შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ექსპერტიზამ დაადგინა ის ხაზი, რომლის ქვემოთაც იმყოფებოდა თემირლანი გასროლის მომენტში და ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ იგი იყო მწოლიარე მდგომარეობაში. ამის შემდეგაც, არანაირი პროგრესი არ მოჰყოლია და ამ დაკსვნის შემდეგაც ვერ ვხედავთ გამოძიების კონკრეტულ შედეგებს. დაზარალებულის სტატუსი ისევ არ არსებობს, მნიშვნელოვან მასალებზე წვდომა ისევ არ არსებობს, და ამასთან გამოძიების ვიწრო ფოკუსი მხოლოდ გასროლის მომენტს ეხება და არც კი განიხილავს და იკვლევს სპეცოპერაციის დაგეგმვის, განხორციელების დეტალებს და ამ კუთხით სახელმწიფოს პირების პასუხისმგებლობას“.

რისი გაკეთება შეუძლია სტრასბურგის სასამართლოს?

„სიცოცხლის უფლებასთან კავშირში, რომელიც სარჩელის ერთ-ერთ მოცულობით ნაწილს წარმოადგენს, არის როგორც ნეგატიური ისე პოზიტიური ვალდებულების დარღვევა. ნეგატიური გულისხმობს შემდეგს: არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ სახელმწიფო წარმომადგენელთა მხრიდან მოხდა სიცოცხლის მოსპობა და სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დასაბუთება იმისა, რომ გამოყენებული ძალა თემირლანის წინააღმდეგ იყო აუცილებელი და პროპორციული და ტვირთი სწორედ სახელმწიფოს ეკისრებოდა გამომდინარე იქიდან, რომ ყველანაირი ინფორმაცია, რაც ეხება ამ სპეცოპერაციის დაგეგმვას და განხორციელებას, სახელმწიფოს ხელშია და შესაბამისად, სტრასბურგის სტანდარტია, რომ სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს ძალის გამოყენების აუცილებლობა და პროპორციულობა, რაც ჩვენი განცხადებით, მან ვერ მოახერხა. ეს არის ერთი ნაწილი და ამ შემთხვევაში სტრასბურგს შეუძლია დარღვევა დაადგინოს და თქვას, რომ სახელმწიფომ დაარღვია ნეგატიური ვალდებულება სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით.

ასევე რაც შეეხება პროცედურული მხარეს სიცოცხლის უფლების, ეს უკვე მოიცავს, რომ ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ეროვნულ დონეზე დაიკმაყოფილონ საკუთარი უფლების დარღვევა - სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით ეს არის ეფექტური გამოძიების უფლება, პირველ რიგში. ამ კუთხით, სასამართლო ითვალისწინებს როგორც გამოძიების მიმდინარეობისას არსებულ დარღვევებს: ინსტიტუციური დამოუკიდებლობის კუთხით; მტკიცებულებების მოპოვების, დამუშავების, შენახვის კუთხით და ა.შ.. ბევრი ასპექტი აქვს ძაან ამ პროცედურულ ნაწილს და ასევე, რა თქმა უნდა, შედეგის არარსებობას, ანუ იმას, რომ შესაბამის პირთა პასუხისმგებლობა ჯერ არ დამდგარა. ამ კუთხითაც სასამართლოს შეუძლია დაადგინოს დარღვევადა სახელმწიფოს დაავალოს, რომ გამოიძიოს ეფექტურად შესაბამისი დანაშაული.

მსგავსი სტრუქტურით არის ასევე არაადამიანური მოპყრობის შესახებ მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ დაარღვია არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის მუხლი“.

Your browser doesn’t support HTML5

თამარ სამხარაძე სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ მაჩალიკაშვილების ოჯახის სარჩელზე