“4 ძირითადი შიშია, რომელსაც თესავს კრემლის პროპაგანდა ბოლო წლებში: პირველია ომის შიში და ამაზე აპელირებენ; მეორეა ტერიტორიების დაკარგვის შიში და უკავშირებენ ნატოს წესდების მეხუთე მუხლს და ლუკ კოფის ანგარიშს, რომელიც სულ სხვა რამეს გულისხმობდა; მესამეა ბიოდივერსიის საფრთხე, რაც ლუგარის ლაბორატორიას უკავშირდება და ასიმილაციის, ანუ იდენტობის დაკარგვის შიში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ კინწურაშვილი, „მედიის განვითარების ფოდის“ (MDF) აღმასრულებელი დირექტორი. ის არის ავტორი გამოკვლევისა - „ანტიდასავლური პროპაგადნა 2018“, რომელიც MDF-მა 9 ივლისს გამოაქვეყნა.
თამარ კინწურაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში იცვლება ნარატივები. გამოკვლევის ყურადღების ცენტრში მოექცა 18 მედიასაშუალება, რომელთა შორისაა როგორც მეინსტრიმული, ისე ტაბლოიდური საინფორმაციო საშუალებები:
„ნარატივების მხრივ არის ცვალებადობა: ზრდა არის უფრო მეტად ანტიამერიკული გზავნილების, განწყობების. იდენტობასთან დაკავშირებული ნარატივი მუდმივად იყო, მაგრამ ადრე უფრო დომინანტი იყო.
ის, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ იცვლება ეს გზავნილები, აჩვენებს, რომ იდენტობის დაკარგვის საფრთხე უფრო ნიადაგის შესამზადებლად იყო და მათი სტრატეგიული მიზანია ჩვენი პარტნიორების და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საზოგადოების პოლარიზება.
ისინი აგრეთვე იყენებენ დესტრუქციულ და ირიბ დესტრუქციულ სტრატეგიას ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით, რაც მზარდია. პარალელურად, პოზიტიური სტრატეგია რუსეთის მიმართ არის ასევე მზარდი“.
ნაშრომში ნახავთ, რომ ანტიდასავლური გზავნილები ყველაზე ხშირად ეხება ამერიკას, იდენტობის დაკარგვის თემას, ნატოს, დასავლეთს, რუსეთის უალტერნატივობას:
„მიზანი არის, თანდათან მეინსტრიმიზაცია მოახდინონ იმის, რომ რუსეთი არის ერთადერთი გადამრჩენი ყველა იმ საფრთხისგან, რომელსაც რუსეთი თვითონ ქმნის“.
თამარ კინწურაშვილი გამოყოფს ერთ სიახლესაც, რაც ეხება პასუხისმგებლობების სხვაზე გადაბარების თემას:
„ახალი ნარატივია გარკვეულწილად საფრთხეების უარყოფა - ეს ჩვენი ომი კი არ არის, ორი დიდი სახელმწიფო ებრძვის ერთმანეთს და ჩვენი ინტერესები ეწირება ამ პროცესს; აგრეთვე უარყოფა საკუთარი პასუხისმგებლობის - რატომ უნდა ვიომოთ სხვის ომში? ეს არ არის ჩვენი საქმე და სხვამ უნდა გააკეთოს, ანუ სახელმწიფოებრივი ინტერესები და დამოუკიდებლობა უნდა დაიცვას სხვამ“.
ერთია, რასაც აკვირდებიან და ბოლო წლების განმავლობაში აანალიზებენ MDF-ის მკვლევრები, თუმცა მნიშვნელოვანია როგორ, რამდენად სისტემურად პასუხობს საქართველო კრემლის გზავნილებს? მაგალითად:
„რას ვეუბნებით საზოგადოებას? ვუმძაფრებთ ამ შიშებს - რომ ომი იქნება, თუ რუსეთზე აუგს ვიტყვით, თუ გვაქვს რაღაც ჩამოყალიბებული საკომუნიკაციო სტრატეგია?“.
გამოკვლევის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსულენოვანი მედიის მიმართ ნაკლები ნდობაა, რის გამოც კრემლი თავისი გზავნილებისთვის აქტიურად იყენებს ქართულენოვან საშუალებებს, რაც ხელს უშლის მათი წყაროს ამოცნობას:
„წყაროების გამჭვირვალებასაც ვუყურებთ, კავშირებსაც ვუყურებთ და ნარატივების საფუძველზე მივდივართ იმ დაკსვნამდე, რომ რაღაც საერთოა პირდაპირ რუსული წყაროს მიერ მოწოდებულ გზავნილებსა და მათ გზავნილებში“.
თამარ კინწურაშვილი აგრეთვე განმარტავს, რომ ანტიდასავლური პროპაგანდისთვის უმეტესწილად გამოიყენება ირიბი დესტრუქციის სტრატეგია:
„პირდაპირი დესტრუქციული სტრატეგია კი არ არის, რომ პირდაპირ ვთქვათ - დასავლეთი ცუდია. ირიბად ხდება ამ დესტრუქციის შექმნა. მიზანი არის მთავარი პრობლემიდან (რაც დღეს არის რუსული ოკუპაცია) აქცენტის გადატანა სხვა საფრთხეებზე, რომ თითქოს, ყველა მტერია რუსეთის გარდა“.
Your browser doesn’t support HTML5