ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რა რაოდენობით მიიღებს საქართველო პრეპარატ „რემდესვირს“, მაგრამ ცნობილია ის, რომ გამოიყენებენ მხოლოდ კვლევის ფარგლებში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. ე.წ. სოლიდარობის კვლევაში საქართველოდან ის 7 კლინიკა იქნება ჩართული, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.
„რამდენი [პრეპარატი შემოვა საქართველოში], ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დავაკმაყოფილებთ და რამდენი პაციენტი იქნება ისეთი, ვინც დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს. ამ შემთხვევაში რემდესივირი რეკომენდირებულია მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ჰოსპიტალური მკურნალობა. ჩვენი მოლოდინით, ასეთი პაციენტი ბევრი არ უნდა იყოს და, შესაბამისად, პროტოკოლის მიხედვით მოხდება მათი ჩართვა“, - განაცხადა მან.
რემდესივირის გამოყენების სპეციფიკასა და სოლიდარობის კვლევაში საქართველოს ჩართვაზე ისაუბრა დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს მყარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რემდესივირი covid-19-ის მკურნალობაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს.
„ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი „რემდესივირთან“ დაკავშირებით. ეს პრეპარატი შექმნილია 2015 წელს კომპანია „გილიადის“ მიერ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონცერნი და ყველაზე დიდი კომპანია ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში. ის შეიქმნა ებოლას ეპიდემიის დროს დასავლეთ აფრიკაში 2014-15 წლებში და გამოიყენებოდა ებოლას დროს.
შემდეგ ეს პრეპარატი გამოიყენეს ჩინეთში, როდესაც იანვარ-თებერვალ-მარტში დიდი ეპიდაფეთქება იყო უხანში. ყველაზე მეტი გამოცდილება ამ პრეპარატის გამოყენების ჩინელებს აქვთ. დღეს ეს პრეპარატი გამოიყენება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ხელმისაწვდომია. ხაზს ვუსვამ, ჯერჯერობით ის, რომ არსებობდეს მყარი მტკიცებულებები და კვლევები, რომ რემდესივირს განსაკუთრებული როლი აქვს COVID-19-ის მკურნალობაში, ანუ როგორი როლიც აქვს სოფოსბუვირს C ჰეპატიტის მკურნალობისას, როდესაც ის სრულად კურნავს დაავადებას, ჯერჯერობით ამ ტიპის კვლევები დადასტურებული არ არსებობს. არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო კვლევები, ამიტომაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ჩაატაროს „რემდესივირზე“ ე.წ. მულტიცენტრული კვლევა მრავალ ქვეყანაში და დაადასტუროს ან უარყოს ამ პრეპარატის სარგებლიანობა. თუ სარგებლიანობა დადასტურდა, რამდენად ეტიოტროპულია ის, ანუ მოქმედებს ვირუსზე. ამ ტიპის კვლევას „სოლიდარობის კვლევა“ ჰქვია და ის მრავალ ქვეყანაში ჩატარდება ერთ პერიოდში, მათ შორის ჩართულია საქართველოც იმის გამო, რომ მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ანტივირუსული პრეპარატების სხვადასხვა დაავადებების გამოყენების დროს. მოგეხსენებათ, საქართველოს პრესტიჟი განსაკუთრებით ამაღლდა C ჰეპატიტის ელიმინაციის დროს პროგრამის განხორციელებისას. ვფიქრობ, ამიტომაც შეირჩა ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანად საქართველო ამ პრეპარატის გამოყენებისას. როგორც მე ვიცი, ამ კვლევის დიზაინი დამთავრებულია, მიმდინარეობს ექიმების და ექთნების ტრენინგი, როგორ უნდა ჩატარდეს ეს კვლევა. პაციენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან, იქ სადაც შესაბამისი ჩვენება იქნება. „რემდესივირი“ არ ინიშნება ყოველთვის, ის ინიშნება მძიმე პაციენტებში. იქნება შესაბამისი საკონტროლო ჯგუფები, რათა მივიღოთ ვალიდური, მტკიცებულებაზე დამყარებული ინფორმაცია პრეპარატის ეფექტურობის შესახებ“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა განცხადებების პარალელურად, ირკვევა, რომ საქართველო მოხვდა იმ 127 ქვეყანას შორის, რომელთანაც რემდესივირის მწარმოებელმა ქვეყანამ ხელშეკრულება გააფორმა. CNBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ ხელშეკრულება 5 ფარმაცევტულ კომპანიასთან გააფორმა და წამალს 127 ქვეყანას მიაწვდის, მათ შორის, საქართველოსაც. სია მოიცავს როგორც დაბალი, ასევე საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს, რომლებიც პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო დაზარალდნენ. საქართველოს გარდა ამ სიაში მოხვდნენ სომხეთი და აზერბაიჯანიც.
პრეპარატ რემდესივირის გამოყენება კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გადაუდებელ შემთხვევებში ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 მაისიდან დაუშვეს. 5 მაისს თამარ გაბუნია განმარტავდა, რომ მიუხედავად მცდელობისა, პირდაპირ მწარმოებლისგან მისი მიღება ვერ ხერხდებოდა. მედიკამენტის ეფექტურობაზე კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არაერთი კვლევა მიმდინარეობს და მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ გადაწყდება მისი მასობრივი გამოყენების საკითხი.