თამარ გაბუნია „ბიოზეკის“ ტესტების შესყიდვაზე - დროულად მოწოდება არ მოხდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კოვიდ-19-ის დიაგნოსტირებისთვის საჭირო ე.წ. სწრაფი ტესტების შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება, რომლის მიზანიც 30 000 ტესტის შეძენა იყო, ქართულმა მხარემ იმის გამო გაწყვიტა, რომ დროულად მათი მოწოდება ვერ მოხერხდა.

მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ წინასწარ ტესტებთან დაკავშირებული კითხვების პროგნოზირება შეუძლებელია და თუკი რომელიმე ქვეყანაში ტესტების ხარისხის ან ფალსიფიცირების თაობაზე სიგნალი ჩნდება, ამით რეგულირების სააგენტო ინტერესდება და რეაგირებს.

„კონკრეტულად როდის რა კითხვის ნიშანი გაჩნდება ტესტების მიმწოდებლებთან მიმართებით, ამის წინასწარ პროგნოზირება ჩვენ არ შეგვიძლია“, - თქვა თამარ გაბუნიამ ტესტებთან დაკავშირებით, რომლის შეძენასაც საქართველო აპირებდა და რომელიც, როგორც OCCRP-სა და ნიდერლანდური პლატფორმა Investico-ს ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობის ქვეყნად ნიდერლანდი ჰქონდა მითითებული, ჩინეთში წარმოებული აღმოჩნდა.

„ბიოზეკის“ კონკრეტული ტესტი რეგულირების სააგენტომ აპრილის დასაწყისში დაარეგისტრირა. ტესტი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ეძიებდა ანტისხეულების ტესტებს, რადგან გარკვეული დამხმარე მნიშვნელობა კოვიდ 19-ის დიაგნოსტიკაში ამ ტესტებს აქვს. ლაბორატორიის სამუშაო ჯგუფის მიერ და, ასევე, კოვიდ 19-ის საკოორდინაციო კომისიის მიერ, კონკრეტულად „ბიოზეკის“ და სხვა ტესტების საკითხი განიხილულ იქნა 22 აპრილს. იმის საფუძველზე, რა დოკუმენტაციაც ახლდა ტესტებს, კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და რეკომენდაცია გასცა ტესტების შესყიდვასთან დაკავშირებით. ჩვენ მანამდე საჩუქრად „ბიოზეკის“ 5 000 ტესტი მივიღეთ, რომლის გამოყენებაც დაწყებული იყო, როგორც ცხელების კლინიკებში, ასევე კოვიდის კლინიკებში და სამედიცინო პერსონალის ტესტირებისთვის. გადამოწმების შედეგად, ტესტმა გარკვეული დადებითი შედეგები აჩვენა, რაც ძალიან ახლოს იყო მის წინასწარ მონაცემებთან. ამ შემთხვევაში, ჩვენ ტესტებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვქონია, თუმცა მოხდა ისე, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ტესტები ვერ მოგვაწოდეს და ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამდენად, დღეს ჩვენ ბიოზეკის ტესტების ხელშეკრულება ამ მომენტში არ გვაქვს და არც იგეგმება ამ მიმართულებით რაიმე ცვლილების განხორციელება, ანუ ტესტების შესყიდვას სამინისტრო არ განახორციელებს“, - განმარტავს თამარ გაბუნია. მისი თქმით, იმ მწარმოებლების სია, რომლებისგანაც საქართველო ტესტებს ყიდულობს, დიდია და წინასწარი კონსულტაციების შედეგად მიიღება გადაწყვეტილება.

„საქართველოში ყველა მომწოდებელი კომპანია რეგისტრირებულია და ეს ინფორმაცია შეგიძლია მოითხოვოთ რეგულირების სააგენტოსგან. რაც შეეხება იმ ტესტებს, რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ, ეს ნუსხაც არის ძალიან დიდი და ჩვენ გაეროს სააგენტოებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აუცილებლად გავდივართ კონსულტაციას, ვიდრე ვიღებთ გადაწყვეტილებას ახალი ტესტების შესყიდვის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა კორეაში გამოყენებული ანტიგენების ტესტებთან მიმართებაში. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 50 000 ანტიგენების ტესტი, რომლის იმპორტი მოხდა კორეიდან, თუმცა მწარმოებელი ქვეყანა ამ შემთხვევაში არის ავსტრია. ასევე, გვაქვს გარკვეული რაოდენობის ანტისხეულების ტესტები როგორც ადგილზე, ასევე შესყიდვაში და ასევე, რეგისტრირებული მიმწოდებლისგან. კონკრეტულად როდის რა კითხვის ნიშანი გაჩნდება ამ მიმწოდებლებთან მიმართებით, ამის წინასწარ პროგნოზირება ჩვენ არ შეგვიძლია, ამას რეგულირების სააგენტო ადევნებს თვალს და თუ რომელიმე ქვეყანაში გაჩნდა სიგნალი ხარისხის ან ფალსიფიცირების თაობაზე, რეგულირების სააგენტო ამით დაინტერესდება, შესაბამის მოკვლევას ჩაატარებს და რეაგირებაც იქნება სათანადო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ 13 მაისს, ტესტებთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.