მთაზეა ლომისის ეკლესიის ნიში, რომელიც ოკუპირებულ ნაწილში ხვდება. იქიდან, აღმოსავლეთით სასაფლაო და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს. დასავლეთით კი ღვთისმშობლის სახელობის პატარა სამლოცველოა. ამ ორ ეკლესიას შორის ახლა პოლიციელები პატრულირებენ და აკვირდებიან ოკუპირებულ ნაწილში დარჩენილ ლომისის ნიშს.
6 ნოემბრამდე სოფელში, სასაფლაოს მიმართულებით დღეში ერთხელ თუ აივლიდა საპატრულო ეკიპაჟი. ვითარება კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტური, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშთან მოკლეს.
დალი დოთიაშვილს კირბალის ცენტრში პატარა მაღაზია აქვს. მის მაღაზიასთან ადგილობრივები ხშირად იკრიბებიან სოფლის პრობლემებსა და სიახლეებზე სალაპარაკოდ. ახლა მათი მთავარი სალაპარაკო თემა უსაფრთხოებაა.
23 ნოემბერს გიორგობა აღინიშნება. ტრადიციულად სოფლის მცხოვრებლები სასაფლაოსთან მდებარე ეკლესიაში მიდიან ხოლმე, მაგრამ სასაფლაოს ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოყოლილი, ამიტომ დალიმ და სხვა კირბალელებმა ჯერ არ იციან, შეძლებენ თუ არა სალოცავში მისვლას.
„ძალიან ძვირფასი ადამიანი დააკლდა სოფელს, ძვირფასი ადამიანი იყო თამაზ გინტური. ვისი მკვლელები დაუსჯიათ, რომ ეგენი დაისაჯონ? მე არა მაქვს იმედი, რომ ეგენი [ოკუპანტები} დაისჯებიან. მთაზე დილით ნახირს რომ გავრეკავთ, გვეშინია, მწყემსები და საქონელი დაბრუნდებიან თუ არა. შიშის ქვეშ ვართ მთელი სოფელი. 23-ში გიორგობაა და ვფიქრობთ, საფლავზე ავიდეთ თუ არა? ასვლა ძალიან გვინდა, ყოველ წელს ავდივართ ხოლმე, მაგრამ ახლა ძალიან მეშინია. ეკლესიასთან ძალიან ახლოს არიან. თუ შევგროვდებით 5-10 ადამიანი, წავალთ. რას გახდებიან, ბევრთან ხომ ვერაფერს გახდებიან, თან იქითკენ ვიყურებით, რომ უცებ გამოვიქცეთ“, - ამბობს დალი დოთიაშვილი.
მის მაღაზიასთან შეკრებილი კირბალელები ამბობენ, რომ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ სოფელში შიში გაძლიერდა. მათ არც იმის იმედი აქვთ, რომ სამართალდამცველები დამნაშავის იდენტიფიცირებას და მის დასჯას შეძლებენ. უცნობია, რა ეტაპზეა ახლა გამოძიება.
6 ნოემბერს ცხინვალში გატაცებული ლევან დოთიაშვილის მამა, იური დოთიაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ ის შეიცვალა, რომ სოფელში პოლიციის პატრულირება გაძლიერდა, თუმცა ადგილობრივები სოფლის მიმდებარედ, ეკლესიებისკენ გასვლას მაინც ერიდებიან.
კირბალში დღეს სახალხო დამცველი ჩავიდა, ლევან იოსელიანი დაღუპული თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს შეხვდა. იქიდან კი ლევან დოთიაშვილის სახლში გადაინაცვლა.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გინტურის ოჯახის წევრებისგან გამოძიების მიმდინარეობის საკითხებით დაინტერესდა.
„გამოძიების და უსაფრთხოების საკითხებით დავინტერესდი. ვხედავ, რომ სოფელში პოლიცია პატრულირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ მოკლე დროში ოჯახის ყველა კითხვას გასცეს პასუხი. დამნაშავეების დასჯაზე რა მოგახსენოთ, ყველას გვესმის, რომ ეს ასეთი მარტივი არ იქნება, გამომდინარე გასული ამბებიდან, რაც ჩვენი მოქალაქეების მკვლელობებს უკავშირდება (ოკუპანტების მიერ) და არცერთი მათგანი ჯერჯერობით დასჯილი არ არის. მაგრამ ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი. ჩვენ კავშირზე ვართ გამოძიებასთან. ოჯახების წევრების გამოკითხვა მოხდა. ველოდებით ესპერტიზის პასუხებს და ამის შემდეგ უფრო ნათელი გახდება, რა ექნება გამოძიებას და საზოგადოებას რას წარუდგენს“, - თქვა ლევან იოსელიანმა.
ასევე ნახეთ ლევან დოთიაშვილი მოჰყვა, რა მოხდა კირბალის ეკლესიასთან6 ნოემბრის საღამოს დოთიაშვილი თამაზ გინტურთან ერთად ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშთან იმყოფებოდა. საოკუპაციო ძალების მიერ აჭედილი სალოცავის კარი ერთად შეაღეს, ამის შემდეგ კი იქ საოკუპაციო ძალების ჯარისკაცი გამოჩნდა, რომელმაც, როგორც დოთიაშვილი ჰყვება, მცირე გასაუბრების შემდეგ მათი მანქანის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა თამაზ გინტური, დოთიაშვილი კი ცხინვალში გადაიყვანეს და სამდღიანი მოლაპარაკების შემდეგ გაათავისუფლეს.
თამაზ გინტურის ძმამ, გივი (ნიკოლოზ) გინტურმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაღუპულს ზურგში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
გივი (ნიკოლოზ) გინტურმა თქვა ასევე, რომ იცის მკვლელის ვინაობა. იგი მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ.
თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი აქვს, პროკურატურამ მის უფლებამონაცვლედ მისი შვილი, დიმა გინტური, ცნო. გამოკითხეს გივი (ნიკოლოზ) გინტურიც.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გამოძიება გრძელდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის ექსპერტიზის პასუხები.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, თამაზ გინტურის მკვლელები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეიყვანონ და 2018 წელს მიღებული ეს სია აამოქმედონ.
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტისა და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ "ცხელი ხაზის" მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ. ამის მიუხედავად კირბალელები ლომისის ეკლესიის ნიშთან მისვლას მაინც ახერხებდნენ.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეკლესიის კარი ზაფხულში ლითონის ფირფიტით დალუქეს, თუმცა ეს ფირფიტა ადგილობრივებმა მოაძრეს და ეკლესიის კარი მაინც შეაღეს, შემოდგომის დასაწყისში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ისევ მივიდნენ სალოცავში და ამჯერად კარი სამშენებლო ქაფით ჩაჭედეს.
6 ნოემბერის საღამოს კი თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა ეკლესიის კარი ისევ შეაღეს. თამაზ გინტური კირბალის სასაფლაოზე 11 ნოემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს, მისმა ძმამ კი საფლავთან დაიფიცა, რომ ლომისის ეკლესიის კარს არავის ააჭედვინებს.