თამაზ ახობაძემ შესაძლოა ბრძოლა გააგრძელოს

თამაზ ახობაძემ, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მარტის დასაწყისში აღადგინეს, დანაშაულის პრევენციის ცენტრი დატოვა. გიორგი გვახარიას გადაცემის სტუმარი ამბობს, რომ, შესაძლოა, ამჯერად იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, სასამართლოში უჩივლოს ღირსების შელახვის ბრალდებით. წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა: „ეს ადამიანი იძახდა, აღდგენა მინდა, განაცდურზე ერთი თეთრი მაინც დამიმატეთო და, რეალურად, ვაჭრობდა თანხაზე“.

გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ თამაზ ახობაძე ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროსთან დავის პირველივე დღიდან მისი მიზანი იყო სამართლიანობის აღდგენა იმისთვის, რომ მომავალში საჯარო სამსახურებში ვერავინ შელახოს თანამშრომლის, საჯარო მოხელის ღირსება. თამაზ ახობაძე შეგვახსენებს, რომ მან 2014 წელს დაიწყო ეს დავა, როცა დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს და სამინისტროს ორჯერ სამივე ინსტანციაში მოუგო.​

თამაზ ახობაძე თანამდებობაზე მას შემდეგ აღადგინეს, რაც იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობა გამოაცხადა. პარლამენტში გამოსვლისას თეა წულუკიანმა, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ეს საქმე გაახსენა, თამაზ ახობაძე მოიხსენია, როგორც „პარტიული აქტივი“.