ბრძოლა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის
- ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გაათავისუფლეს.
- დამსაქმებელმა გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა.
- დანაშაულის პრევენციის ცენტრს დაევალა მათი კონკრეტულ თანამდებობებზე დაბრუნება და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის სრულად გადახდა.
- სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ შესრულებულა.
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილი თანამშრომელმა თამაზ ახობაძემ, რომელიც რამდენიმე წელია სამართლებრივი გზით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება უსამართლო გადაწყვეტილება იყო და არაერთი სასამართლო პროცესი აქვს მოგებული იუსტიციის სამინისტროსთან, 28 თებერვალს იუსტიციის სამინისტროს წინ შიმშილობა დაიწყო.
შიმშილობის დაწყების მიზეზი გახდა სამინისტროს უცვლელი პოზიცია, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ თამაზ ახობაძე სამსახურში ვეღარ აღდგება.
შიმშილობის დაწყებამდე ახობაძე შეხვდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძეს. სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ ახობაძემ დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს პოზიცია უცვლელია და ისინი მზად არიან კომპენსაცია გასცენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უარს იტყვის აღდგენაზე. ახობაძე შიმშილობის შედეგად სავარაუდო ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. "ჩემს ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ, უკანონო გადაწყვეტილების მიმღებ პირებს: თეა წულუკიანს, იმჟამინდელ დირექტორს ჯონი კვინიკაძეს, მიხეილ სარჯველაძეს, თათია ხოჭოლავას, იოსებ ბაღათურიას, უმრავლესობის ყველა დეპუტატს, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს, რომლებმაც ზუსტად იციან ამ საქმის დეტალები და მიუხედავად ამისა ამჯობინებენ კომფორტულად ისხდნენ სამსახურში.
ამ დრომდე ამაოდ ველი სახალხო დამცველის რაიმენაირ რეაქციას ამ საკითხზე.
ველი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო მკაცრ შეფასებებს." - დაწერა ახობაძემ შიმშილობის დაწყებამდე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
თამაზ ახობაძის შიმშილობის აქციას გამოეხმაურა ახალგაზრდა იუსტისთა ასოციაცია, რომელიც თვლის, რომ პროტესტის ეს ფორმა მას სახელმწიფო უწყებების უმოქმედობამ აიძულა, რაც სასამართლოს კანონიერ, ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობაში გამოიხატა.
საიას რეკომენდაციები შემდეგია:
- იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დანაშაულის პრევენციის ცენტრს - დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, აღადგინოს თამაზ ახობაძე სამსახურში და აუნაზღაუროს მას განაცდური ხელფასი;
- აღსრულების ეროვნულ ბიუროს - მიიღოს შესაბამისი ზომები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად;
- საქართველოს პროკურატურის ორგანოებს - წინამდებარე საქმეზე დაიწყონ გამოძიება და დაადგინონ, რამდენად იკვეთება დანაშაულის ნიშნები შესაბამისი პირების ქმედებებში.
Your browser doesn’t support HTML5
თამაზ ახობაძესთან ერთად იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ იბრძოდა დანაშაულთა პრეცენციის ცენტრის კიდეც ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი ანა სუბელიანი, რომელმაც 2018 წლის ბოლოს შედარებით კომპრომისულ ვარიანტზე დათანხმდა და 74 250 ლარის ოდენობის კომპენსაციის სანაცვლოდ ბრძოლა შეწყვიტა. თამაზ ახობაძე მაშინ ამბობდა, რომ ამ საქმის წაღებას სტრასბურგში აპირებდა.