ხევსურეთში, ბარისახოს სოფელ ქობულოში, ახლაც არის შემორჩენილი 1922 წლის ხევსურთა აჯანყების მონაწილის და საბჭოთა მთავრობის შეურიგებელი მოწინააღმდეგის, დათვია ლიქოკელის სახლის ნანგრევები.
დათვია ლიქოკელი 1937 წელს დახვრიტა საბჭოთა ხელისუფლებამ.
გრძელ სიაში, რომელშიც მისი დანაშაულებია ჩამოთვლილი, მილიციელის მოკვლის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის პოლიტბანდას შეერთების გარდა, ნახსენებია თავდასხმები სხვა მოქალაქეების გაძარცვის მიზნით, კოლმეურნეობის მსხვილფეხა საქონლის გატაცება და რაც მთავარია: ხევსური მოსახლეობის აგიტაცია, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.
დაახლოებით ასი წლის წინ, სწორედ ბარისახოსა და მის ახლო-მახლო სოფლებში დაიწყო ბრძოლა, რომელიც საბოლოოდ, ხევსურების დაპატიმრებით დასრულდა. მაგრამ მანამდე, 30-იანი წლების რეპრესიებამდე, ბოლშევიკურ მთავრობას დიდი დრო დასჭირდა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხევსურები გაეტეხა.
დათვია ლიქოკელი, რომელსაც საბჭოთა მთავრობა ყაჩაღს ეძახდა, ხალხი კი თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირს, ბრძოლა არც 1922 წლის აჯანყების ჩახშობის მერე შეუწყვეტია. თოფი მუდამ თან ჰქონდა და ტყეში იყო გავარდნილი - როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, ისროდა - მისი მიზანი კი სწორედ კომუნისტური მთავრობა იყო.
„დათვიამ მთელი თავისი ცხოვრება წინააღმდეგობაში გაატარა. დევნაში. მეომარი კაცის ცხოვრებით იცხოვრა. თავისუფლების მოყვარე კაცი იყო და ამ თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ იბრძოდა, რასაც მოელოდა ხევსურეთი კომუნისტებისგან“ - მოგვითხრობს დათვიას შვილიშვილი, გოგი ლიქოკელი.
1936 წელს, მოტყუებით და კარგად გაწერილი სცენარით, საბჭოთა ხელისუფლებამ ხევსურეთში წინააღმდეგობა მაინც გადატეხა.
„ხევსურთა საქმეში“, რომელიც შსს-ს არქივში ინახება, დაპატიმრებული ხევსურები საიდუმლო ორგანიზაცია ‘’ლიქოკის’’ წევრებად არიან მოხსენიებულნი. „ხალხის მტრების“ მთავარი ბრალდება - ბოლშევიკების წინააღმდეგ კონტრევოლუციის მომზადება იყო.
30-იან წლებში, როცა საბჭოთა ხელისუფლება მიხვდა, რომ ხევსურებს ასე პირდაპირ ომს ვერ გამოუცხადებდა, ნელ-ნელა დაიწყო იქ შეღწევა და განწყობების შეცვლა. ჯერ ბარისახომდე საავტომობილო გზა გაიყვანეს, მერე ააშენეს სკოლა-ინტერნატი, მილიცია, ფოსტა, საავადმყოფო, დასასვენებელი სახლი...
სწორედ იმ პერიოდში, ხეობაში, ვითომ ამერიკელი ჟურნალისტი რობერტ მაკგრეგორი გამოჩნდა. ამბობენ, ცოლთან ერთად დადიოდა სოფელ-სოფელ - თხილამურებით, ხელში ფოტოაპარატით.
უცხოელის დანახვა ხევსურებისთვის უჩვეულო იყო და ინტერესს იწვევდა.
ის ხევსურეთში რამდენჯერმე ჩავიდა. ერთხელ ლიქოკში ხატობაზეც კი მოხვდა - ხევსურებმა სტუმარი მიიღეს, ენდნენ, ღამეც გაათევინეს. თარჯიმნად რუსულის მცოდნე ღერენა ლიქოკელი მიუჩინეს.
როცა ვითომ „ამერიკელი“ და კომუნიზმის წინააღმდეგ „მებრძოლი“ მაკგრეგორი კიდევ დაბრუნდა ხევსურეთში, იქაურებს იდეა მიაწოდა - თავისუფალი ხევსურეთის ოცნება რეალობად იქცევა, თუ ამერიკის პრეზიდენტს წერილს მისწერთო და, თან დახმარებასაც დაჰპირდა. ხევსურებს არწმუნებდა, აჯანყებისთვის საჭირო იარაღს მათ ამერიკის პრეზიდენტი მიაწვდიდა, იმ მისამართზე, სადაც თბილისში ‘’ჩეკას’’ შენობა მდებარეობდა...
ხევსურების ნაწილი, რომლებიც ძიების დასრულების შემდეგ ოჯახის წევრებს შეახვედრეს მცირე ხნით, ამბობდნენ, რომ დაკითხვის მაგიდასთან სწორედ ის "ამერიკელი" იჯდაო. ზოგი მის გვარსაც ასახელებდა, მაგრამ ზუსტად არავინ იცის ვინ იყვნენ ისინი ან რა ბედი ეწიათ. ხევსურეთში კი ამ ამბის მხოლოდ ვერსიებია შემორჩენილი.
ფაქტია, რომ მოტყუებით, რამდენიმე ხევსური, მათ შორის ღერენა, ჯერ თბილისში ჩაიყვანეს, მერე მათი სიაც დააწერინეს, ვინც აჯანყების შემთხვევაში მათთან ერთად მიიღებდა მონაწილეობას. ასე შედგა ვითომდა საიდუმლო კონტრრევოლუციური ორგანიზაცია ‘’ლიქოკის’’ წევრთა სია.
„ჩეკას" ხელთ ჰქონდა ხევსურთა მიერ დაწერილი, ვითომდა ამერიკის პრეზიდენტთან გასაგზავნი წერილიც, რომელშიც ეწერა:
“ამირიკის დიდს მთავრობას
ხევსურეთის წარმომადგენლობის
თხოვა
ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ. მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელი სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველ აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში ვართ ჩვენ
მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები”
წერილს ხელს აწერენ გიგუა, ღერენა და გიორგი ლიქოკელები.
საქმეში ღერენა ლიქოკელის ფოტო გრაფა ცარიელია. ამბობენ, ნასალდათარ ღერენას ერთ-ერთი ბრძოლისას ღერენას ცხვირი ხმლით წაათალეს და ასეთი შესახედაობის გამო, მისი სურათი სისხლის სამართლის საქმეში არ დევსო.
მალე ხევსურთა დაპატიმრებებიც დაიწყო.
ბარისახოს მილიციის უფროსმა სულ პირველად პირველად ქაქუცა ჩოლოყაშვილის ყოფილი თანამებრძოლი, დათვია ლიქოკელი დააპატიმრა.
დათვია მაშინ ტყეში იყო გავარდნილი. ერთი მილიციელი უკვე ჰყავდა მოკლული, რამდენიმე დაჭრილი, თუმცა მთავრობას მისთვის ხევსურეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ეს დანაშაული ნაპატიები ჰქონდა. მაგრამ ‘’ჩეკაში’’ ისიც კარგად იცოდნენ, რომ დათვია სხვა ხევსურების ასე ადვილად დაპატიმრებას კომუნისტებს არ დაანებებდა. ამიტომ მისგან დაიწყეს.
„დათვიას თავისმა ძმადნაფიცმა უღალატა. დასაძინებელი საშუალება დაალევინეს, გაკოჭეს და მილიციას ჩააბარეს. მაგის მერე მთელი ხევსურეთი იმას ამბობდა თურმე, წავიდა ჩვენობაო, ჩვენი საქმე წასულიაო. დათვიას მერე მარტო ლიქოკიდან მაშინ 21 ადამიანი დაიჭირეს კიდევ. ძირითადად ლიქოკელები. დაჭერილებს შორის იყო ერთი ჭინჭარაული, ერთი ქერაული, ორი არაბული...“, - მოგვითხრობს გოგი ლიქოკელი.
ქობულოში დათვიას დაპატიმრების შემდეგ მისი სახლი გაჩხრიკეს და იქედან წამოიღეს:
- ოთხი უბრალო ხმალი,
- ორი უბრალო ხანჯალი,
- ერთი მოვერცხლილი ხანჯალი,
- ჩერქეზული ქამარი, სამოცდათოთხმეტ ვერცხლის ღილიანი,
- ვერცხლის ქამარი ორმოცდაოთხ ნაჭრიანი, თავისი ძეწკვით,
- უბრალო ნაბორიანი აღვირი - ერთი ცალი,
- ბინოკლი, 1926 წლის ნიმუშის - თავისი კაბურით,
- „პატრანტაში“ ტილოსი და სავაზნე ორი ცალი,
- მაუზერი ნაწილობრივ დაჟანგული,
- ბერდენკის ვაზნები სამოცდახუთი ცალი,
- თათრული თოფის ვაზნები 89 ცალი და სხვა.
დოკუმენტზე მიწერილია, რომ მისმა ცოლმა, თამარა ლიქოკელისამ აქტზე ხელი არ მოგვიწერაო.
დათვიას შვილიშვილებთან (პირველი ცოლისგან) ეს სამი ნივთი ინახება, რომელიც მაშინ რაღაცნაირად გადაუმალავთ.
1936 წლის დადგენილებაში დათვია ლიქოკელი ასეა დახასიათებული:
„ხევსური,წერა-კითხვის მცოდნე, უპარტიო, მიწის მუშა, ინდ. მეურნე, სსსრკ ქვეშევრდომი, სამხედრო აღრიცხვაზედ არ არის აყვანილი“.
საქმეში დევს თავად დათვია ლიქოკელის საპატიმროში დაწერილი არაერთი განცხადებაც. ერთ-ერთში, 1937 წლის 5 აპრილით დათარიღებლში წერია:
„მეორე განცხადებას ვსწერ, ვინაიდან მე ჩემს თავს არავითარ დამნაშავედ არა ვსთვლი. იმიტომ, რომ მე ვარ ჯიბრით კერძო ინტერესით დაპატიმრებული".
იმედი მაქვსო, წერს დათვია, გაარკვევთ ვინ მართალი ვართ და ვინ მტყუანიო.
დათვია ლიქოკელი დახვრიტეს.
დანარჩენებს რვიდან ათ წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. სისხლის სამართლის საქმეში არ წერია სად გადაასახლეს ისინი, თუმცა უკან არც ერთი მათგანი არ დაბრუნებულა.
„ხევსურთა საქმის“ ტომებში დაპატიმრებული ხევსურების ოჯახის წევრების თხოვნის წერილებსაც წააწყდებით.
ბერდია არაბულის ცოლი, მზექალა არაბული წერს:
„მე პირადად ვარ ღრმად მოხუცებული, მყავს ოთხი შვილი, რომლებსაც მე ვპატრონობ, შვილებს ჩემსას უნდათ სწავლა, მაგრა მე ამის შეძლება არა მაქვს. სხვა დამხმარე არავინა მყავს და შვილები უსწავლელი და გაუნათლებელი მრჩებიან.. ოჯახში ძალიან სიღარიბეს განვიცდით... გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი წარმომადგენელი, რომ დარწმუნდეთ თუ რა გაჭირვებაშია ბერდია არაბულის ოჯახი ჩვარდნილი.
საბოლოოდ გთხოვთ მიაქციოთ ჩემს განცხადებას ყურადღება როგორც უპატრონო მოხუცებულისა და გაანთავისუფლოთ ჩემი მეუღლე, თორე ოჯახს ამოწყვეტა მოგველის. თუ ბერდიას ვერ გაათავისუფლებთ, სჯობიან თქვენი ხელით გადაგვაროთ ნავთი და ამოგვწვათ მთელი ოჯახი დედაშვილებიანათ“.
ხევსურთა ცნობილი წერილი, ცხადია, ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტამდე არ მისულა და წლები ინახებოდა საბჭოთა უშიშროების არქივში.
Your browser doesn’t support HTML5
მხოლოდ 2006 წელს, 70 წლის დაგვიანებით, ამ დოკუმენტის ასლი თბილისში მყოფ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს სიმბოლურად გადასცეს.