არჩილ ჩიბურდანიძეს, რომელიც ფილმში “BP-ს ნავთობის პრივილეგირებული ქურდები” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უკანონო საქმიანობაზე საუბრობდა სასამართლომ 6 წელით პატიმრობა მიუსაჯა.
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილი იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მფარველობის ქვეშ მყოფი ბიზნესმენის იოსებ წივილაშვილის საქმიანობა. რესპონდენტები ყვებოდნენ თუ როგორ ჰპარავდა იგი BP-ს წლების განმავლობაში ნავთობს და როგორ დადგა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დავალებით ნავთობის ქურდობის სცენა.
ჩიბურდანიძის სახელზე რეგისტრირებული ფირმა ერთ-ერთი იყო იმ ოცზე მეტ ფირმას შორის, რომელთა გამოყენებითაც იოსებ წივილაშვილმა ბიუჯეტს 15 მილიონ ლარზე მეტი აზარალა, თუმცა პროკურატურამ ამ დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის ნაცვლად მასში მოტყუებით მონაწილე პირების სამართლებრივი დევნა დაიწყო.
Your browser doesn’t support HTML5
არჩილ ჩიბურდანიძე, ფილმის სხვა რესპონდენტებთან ერთად ღიად საუბრობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების დანაშაულზე. ამ მონათხრობების სიზუსტეს ადასტურებდა “თავისუფლების მონიტორის” მიერ მოძიებული მტკიცებულებებიც.
ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების საიტზე, გავრცელდა სოციალური ქსელებით, ასევე გავიდა რუსთავი 2-ს ეთერში 2018 წლის 1 დეკემბერს. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავებს ფილმში აღწერილ კანონდარღვევებზე საჯარო განმარტებები დღემდე არ გაუკეთებიათ.
ამ ხნის განმავლობაში ფილმში მონაწილე კიდევ ერთმა რესპონდენტმა ნოდარ ხოხობაშვილმა ორჯერ მიმართა წერილობით მთავარ პროკურატურას და ფილმში აღწერილი ფაქტების შესწავლა და გამოძიება თხოვა. ხოხობაშვილმა პროკურატურას მტკიცებულებები წარუდგინა და უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების მზაობაც გამოხატა, თუმცა ამას რეალური შედეგი არ გამოუღია.
Your browser doesn’t support HTML5
არჩილ ჩიბურდანიძე სამართალდამცავებს უნდობლობა გამოუცხადა და ბოლო სასამართლო პროცესს არ დაესწრო. ამჟამად იგი ძებნილია.