თავისუფლების ინსტიტუტი ბრუნდება - ახალი ადამიანებით და იდეებით
Your browser doesn’t support HTML5
“თავისუფლების ინსტიტუტი”, რომელიც 1996 წელს შეიქმნა და რომელიც აქტიურად მუშაობდა სამოქალაქო სექტორში 90-იანების მიწურულსა და 2000-იან წლებში, ბრუნდება. ორაგნიზაციის დირექტორი სალომე ხვადაგიანი იქნება. განახლებული „თავისუფლების ინსტიტუტი“ პრეზენტაციას 23 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში გამართავს, სადაც საერთაშორისო პრესასთან და მოქალაქეებთან საკომუნიკაციო სივრცეს აკეთებენ. ორგანიზაცია სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს– ეკონომიკური პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და მართლმსაჯულება იქნება ის თემები, რომელზეც პოლიტიკის დოკუმენტებს და საკანონმდებლო ინიციატივებს მოამზადებენ და პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო სექტორს შესთავაზებენ ახალი მთავრობის წინაში წარსადგენად. ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებები შექმნის დღიდან იყო ადამიანების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა და მოსახლეობის აქტიურობის გაზრდა მიმდინარე პროცესების მიმართ. ინსტიტუტი, კორუფციის, მედიის თავისუფლებისა და სხვა საკითხების გარდა, განსაკუთრებულ ყურადღებას განსხვავებული კონფესიების წარმომადგენლების დევნასა და შევიწროებაზე, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით რადიკალური ჯგუფების არსებობაზე ამახვილებდა. ამის გამო ის არაერთხელ გამხდარა რადიკალური ჯგუფების აგრესიის სამიზნე. 2002 წლის ივლისში 10-მდე პირმა “თავისუფლების ინსტიტუტის” ოფისი დაარბია, გაანადგურა ტექნიკა, ორგანიზაციის წევრებს კი ფიზიკურად გაუსწორდა. ინსტიტუტი არაერთგზის აღნიშნავდა, რომ აგრესიას მის წინააღმდეგ აქეზებდნენ როგორც ექსტრემისტული ჯგუფები, ისე – იმჟამინდელი ხელისუფლება.