თავისუფლების ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს

"თავისუფლების ინსტიტუტმა მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია, რომელიც ჩვენი აზრით არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს. ორგანიზაცია მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შეისწავლოს ბ. ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართვას შეუსაბამო სამეცნიერო ხარისხი." - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიძინა ივანიშვილს ღია წყაროების მიხედვით საკანდიდატო დისერტაცია დაცული აქვს 1986 წელს მოსკოვის შრომისა და სოციალური პრობლემების ინსტიტუტში.

როგორც თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, კატო კოპალეიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თავისუფლების ინსტიტუტმა ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია, რომელიც დაცულია მოსკოვში, შრომის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, გასული წლის ნოემბერში მოიპოვა.

ბიძინა ივანიშვილს აქვს საპატიო დოქტორის წოდებაც. 2006 წელს ეს წოდება მას საქართველოს განათლების სამინისტროს სწავლულ ექსპერტთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და სულიერების აღორძინებაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭა.