ლევან ქათამაძე, კომუნიკაციების სპეციალისტი

კვირა, 16 დეკემბერი

კვირა დილა გვიან იწყება.

ვისაც ჩემი დამუხტვა ორ წამში შეუძლია, ეს ჩემი ძმისშვილია. მათე იმდენად განსხვავებულია და ღრმა, ზოგჯერ არც კი მჯერა. ასე მგონია, მე ვარ სამყაროსა და მისგან “Outside”, ის კი ხედავს სამყაროს, რომელიც რეალურია და ბევრად საინტერესო. “მიყვარხარ” – ეს სიტყვა პირველად მე ვასწავლე და ახლა იმასვე რომ მიმეორებს, სხეულში ბედნიერების ჟრუანტელი მივლის.

არ მინდა დღე მალე გავიდეს. ხვალ ორშაბათია, ისევ სამუშაო დღე, ამიტომ ვცდილობ კვირაობით მაქსიმალურად გავეთიშო სამყაროს. ზოგჯერ გამომდის ეს, ზოგჯერ არა. დღეს გამიმართლა, მშვიდი დილაა. კომფორტულად ჩავიცვი და მტკვრის სანაპიროს გავუყევი. ვუყურებ თბილისს და ვრწმუნდები, რომ მიყვარს ეს ქალაქი, თავისი ქაოსით და უცნაურობებით... ვფიქრობ დღიურზე, რომელსაც პირველად არ ვწერ, მაგრამ ის პირველად უნდა გახდეს საჯარო.

ვნატრობ დღეს არაფერი მოხდეს, არ მინდა მედიის ზარები, რომელიც სამუშაო გარემოში დამაბრუნებს, მაგრამ არც ამ კვირა დღემ ჩაიარა ჟურნალისტების გარეშე. კარგად ვიცი და მესმის კოლეგების, წლების წინ მეც მიწევდა არასამუშაო დღეს დამერეკა რესპონდენტებთან. მომენატრება ჟურნალისტობა? – ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს, მაგრამ ამ დრომდე მომწონს ჩემი გადაწყვეტილება, რომ კომუნიკაციების სფეროში გადავინაცვლე, რომელიც საქმით დაკავშირებულია მედიასთან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმასვე. წლების წინ, “ჯიპაში” სწავლისას, მეგონა არაფერს გავაკეთებდი ჟურნალისტობის გარდა, მაგრამ ამ სკოლამ ისეთი ფართო შესაძლებლობები მომცა, რომ ჟურნალისტის ნაცვლად მასობრივი კომუნიკაციების მაგისტრი გავხდი. ნინო გელაშვილმა “თავისუფლების დღიურების” დაწერა რომ შემომთავაზა, ძალიან ვინერვიულე. ნინო “ჯიპაში” მასწავლიდა, მას მერე საქმიანად გადაიკვეთა ჩვენი გზები. ყველაზე მეტად მეიმედება და მამხნევებს მასთან კომუნიკაცია. მასავით სანდო და პროფესიონალი ადამიანი ცოტა მეგულება. რახან ნდობა გამომიცხადა, ესე იგი შევძლებ.

ფიქრებს ისევ ჟურნალისტის ზარი მაწყვეტინებს.,.. ამასობაში აბანოთუბანში ამოვყავი თავი.

საღამოს “ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას” დავუბრუნდები – ერთი თვეა ვკითხულობ ამ წიგნს, იმიტომ რომ მიყვარს რამდენიმე წიგნის პარალელურად კითხვა. საბოლოოდ იმას ვამთავრებ უფრო მალე, რომელიც მეტად “ჩამითრევს”. ეტყობა, საკმარისად არ “ჩამითრია” ამ წიგნმა.

ხვალ ორშაბათია, მახსენდება და ხასიათი მიფუჭდება. ვცდილობ ადრე დავიძინო, მაგრამ ჯერ კვირის გეგმა უნდა შევადგინო. მერე რა, რომ დაგეგმილი ხშირად ირევა, მთავარია, ვიცი, რას ვიზამ ხვალ და როგორ მოვიქცევი ზეგ.

ორშაბათი, 17 დეკემბერი

ორშაბათია, დატვირთული კვირისთვის ვემზადები, მობილიზებას ვუკეთებ წლის ბოლოს დარჩენილ ენერგიას.

დღევანდელი დღის დიდი ნაწილი #ილაპარაკეს გეგმებს უნდა დავუთმო. #ილაპარაკე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა, რომელსაც, მეორე წელია, საია ახორციელებს. პროექტი ორ თვეში სრულდება და გული მწყდება. მახსოვს, კამპანიის დაწყებისას ნინოს სკეპტიკური დამოკიდებულება, რომელიც მალევე შეიცვალა. ნინო პროექტის მენეჯერია. დღეს ჩემზე მეტად ოპტიმისტურად არის განწყობილი. მრავალი წელია, ნინო დაუღალავად მუშაობს ქალთა უფლებებზე. მიაჩნია, რომ ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი კი უნდა შევცვალოთ. უკმაყოფილო არც მე ვარ, მაგრამ მეტი მინდა. ნინოსთან ერთად ვადგენ ახალი ვიდეორგოლების ჩაშვების გეგმას, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. მეშინია, ბოლოს რეაბილიტაცია ჩვენ არ დაგვჭირდეს.

პირველი ორშაბათია, როდესაც სამუშაოს დასრულების მერე ტრადიცია დავარღვიე და ალუსთან ერთად გასართობად არ წავედი. ორშაბათობით ვცდილობთ ისეთი განტვირთვის საღამო მოვიწყოთ, თითქოს პარასკევი იყოს, ეს გვეხმარება უქმეებამდე შემართება შევინარჩუნოთ.

Your browser doesn’t support HTML5

ლევან ქათამაძის თავისუფლების დღიურები

სამშაბათი, 18 დეკემბერი

დილას მამიდაჩემის ზარი მაღვიძებს.

ბავშვობიდანვე მივეკედლე ნინოს, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თავისუფლებას, რომელსაც მანიჭებდა და არასოდეს მზღუდავდა. სულ ცდილობდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მარტოს მიმეღო და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოვეყალიბებინე. მან შემიქმნა ყველა პირობა მიმეღო განათლება, მაგრამ მაწუხებს ის, რომ ეს ყველფერი თავისი პირადი ცხოვრების გვერდზე გადადების ფასად დაუჯდა. სულ მეფიქრება, როგორ კარგავენ მშობლები პირად ცხოვრებას იმისათვის, რომ შვილებს შესაბამისი ელემენტარული პირობები შეუქმნან. განსაკუთრებით ბევრის დათმობა ქალებს უწევთ და ეს კიდევ უფრო მაფიქრებს. ზოგადად, ჩემს გარშემო, ოჯახშიც და სამეგობროშიც, ძლიერი ქალები არიან, რომლებიც საქმით ამტკიცებენ, რომ კაცებზე ძლიერები არიან. მაწუხებს და ვფიქრობ, რით შეიძლება მამიდას გადავუხადო ამაგი, მაგრამ არასდროს მიგრძვნია მისგან სამაგიეროს მოლოდინი.

შევდივარ საიას ეზოში, სადაც ათობით ადამიანი ელოდება ჩვენს უფასო კონსულტაციებს. ვაკვირდები ამ ადამიანების სახეებს და ვცდილობ გამოვიცნო, ვის რა პრობლემა აქვს, ვინ რისთვის არის მოსული. მათ უმეტესობას რომ ჰკითხო, იციან, რომ უფასო კონსულტაციებს და დახმარებას მიიღებენ, მაგრამ გულის სიღრმეში მათთვის ‘’გრანტიჭამია სოროსელები’’ ვართ. თუმცა ბოლოს ყველა საიაში მოდის, მოქალქეებიც და ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც ჩვენი უსაფუძვლო კრიტიკით არიან დაკავებული. სწორედ ეს გვაძლიერებს და საინტერესოს ხდის პროცესს.

რატომ არის ჩვენ მიმართ არასაკმარისი ნდობა? მართალია, უამრავი ფული იხარჯება მესამე სექტორის დისკრედიტაციაზე, მაგრამ მაინც, რატომ არ ესმის ჩვენი საზოგადოებას? იქნებ პრობლემა ჩვენც გვაქვს? მე მგონია, რომ რთული საკომუნიკაციო ენა გვაქვს. ან იქნებ არა პოლიტიკოსებს, არამედ ხალხს უნდა ვესაუბროთ? საუბარი ორივესთან საჭიროა, თუმცა პირველ შემთხვევაში შედეგის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. განახლება და გადახალისება სჭირდება მესამე სექტორსაც, ამ გამოწვევას საია კარგად ართმევს თავს. ჩვენ არ გვყავს მუდმივი მმართველები, გვყავს მუდმივად ახალგაზრდა და მოტივირებული იურისტები, რომელთაგანაც ზოგი ერთ მშვენიერ დღეს ან ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდება, ან სხვა მაღალ პოზიციას დაიკავებს. ასეთი უნდა იყოს პროცესი გარეთაც, სიახლეს ყოველთვის მოაქვს სარგებელი.

პირველი, რასაც ყოველ დილით ვაკეთებ, საიას სპიკერების გამოსვლებს გულდასმით ვუყურებ და ვუსმენ. ვინიშნავ შენიშვნებს, კრიტიკული ვარ, მაგრამ ჩვევა მაქვს - ჯერ დადებითით ვიწყებ საუბარს და მერე გადავდივარ შენიშვნებზე. ზეპირად ვიცი, ვის რა ეცვა, ვის ჰქონდა უძინარი სახე, ვის რა აქვს გამოსასწორებელი, მაგრამ აუდიტორია ვერ ხვდება რამხელა შრომა დევს თითოეული კომენტარის უკან, რა რეჟიმში უწევთ მუშაობა იურისტებს. ჯერ ერთი საქმე არაა დასრულებული, მეორე რომ იჩენს თავს. დაღლა ყველას ეტყობა, მაგრამ შემართებას არ კარგავენ “საიელები”.

ისევ გეგმები, თვალი გადავავლე ფაილს, სადაც ორგანიზაციის საკომუნიკაციო გეგმაა დალაგებული. სიახლეების დანერგვის დროც მალე მოვა. წინ რთული, მაგრამ საინტერესო წელი მელოდება.

იურისტებთან მუშაობა არაა მარტივი, მაგრამ საინტერესოა მათთან კამათი. მეოთხე წელია, ჩამითრია საქმეებმა და ასე ვქმნი ჩემს ყოველდღიურობას საიასთან.

ზარი კლინიკიდან. სამუშაო დღეს მოულოდნელად ვწყვეტ. ბიძაჩემის მდგომარეობა დამძიმდა. გავიქეცი კლინიკაში, ცუდის მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ სამწუხარო რეალობა დამხვდა - ბიძა გარდაიცვალა. მთელმა ბავშვობამ კადრებად ჩამირბინა თვალწინ. გავიაზრე, ბიძასთან ერთად საბოლოოდ დასრულდა ჩემი ბმა ბავშვობის არდადეგებთან, რომელსაც ზაფხულობით დედულეთში ვატარებდი.

ალბათ, ცალკე სტატიას იმსახურებს ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემები. ექიმები, რომლებსაც უჭირთ კომუნიკაცია… ყველგან ნაცნობის გამოძებნა გჭირდება, რომ მიიღო ინფორმაცია, დარწმუნდე, რომ სათანადოდ მიხედავენ შენს ავადმყოფს.

ბიძა ჩხოროწყუში გადავასვენეთ. მძიმე დღე დასრულდა, მაგრამ ღამე მოსვენება დავკარგე. ზარები, სამძიმარი. მეგობრები, თანადგომა. რა კარგია, რომ ადამიანებს თანაგრძნობა და თანადგომა შეგვიძლია.

ოთხშაბათი, 19 დეკემბერი

სენაკი, ჩხოროწყუ – ჩემთვის ორი მნიშვნელოვანი რაიონი. ჯერ სენაკში შევიარე სახლში. ეს ქალაქი ისეთივეა, როგორიც 12 წლის წინ იყო. ფიქრები ბავშვობაში მაბრუნებს. ბევრი კარგი ემოცია მაკავშირებს აქაურობასთან. ჩვევა მაქვს, წრე დავარტყა ქალაქს. ახლაც იგივე გავაკეთე. ოცნებები და ფიქრები ერთად მიპყრობს. წარმოვიდგინე უცებ ტექნოპარკი სენაკში. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა ამ ქალაქში, მაგრამ მათ რაიონის დატოვება უწევთ, იმიტომ რომ მათ შესაძლებლობებს ვერ უპასუხებს ადგილზე არსებული ვერც საგანმანათლებლო და ვერც ინფრატსრუქტურული მდგომარეობა. მერე უცებ მახსენდება, როგორ ვერ დახარჯეს მუნიციპალიტეტებმა წლის ბიუჯეტი, არადა, რამდენი რამის დაგეგმვა და გაკეთება შეიძლება.

ისეთნაირადვე და მსგავსი სევდიანი განწყობით დამხვდა ჩხოროწყუ. ვუყურებ ამ ორ რაიონს და სევდით ვივსები.

უფრო სევდიანია ბავშვობაში დაბრუნება. მეგობრების უმეტესობასთან იდეოლოგიური კავშირი გაწყდა. ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ადამიანური გრძნობები არ გამქრალა. რიტორიკულ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს: რა შეიცვალა მათში და რა შევცვალე მე? რატომ გვესმის სხვადასხვანაირად თანასწორობა, ადამიანის უფლებები, რატომ გავხდი უცებ მათთვის “გრანტიჭამია ქვეყნის მტერი”?

თანასწორია ყველა ადამიანი. მე თანასწორობის ჩემებური ახსნა მაქვს. არავის ცხოვრება არ უნდა განსაჯო, არავინ არანაირი ნიშნით არ უნდა გამოარჩიო. თანასწორობა ისეთი მოვლენაა, რომელსაც ყოველდღე ვსწავლობ. ასე დავიწყეთ სწავლა ერთად მე და თაკომ, რომელმაც ბევრი რამ გამოიარა ჩემთან ერთად და ისე ჩამეჭიდა, რომ თამამი და ლაღი გამიყვანა ფონს. ჩემი მებრძოლი თამარა დღესაც ფორმაშია და ეს მაბედნიერებს. თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესი ძალიან ბევრი ადამიანის გაბედული ბრძოლის ფასად წინ მიიწევს. ზოგი ხმამაღლა, ზოგი კი უხილავად დებს თავის აგურს.

ზოგჯერ მგონია, რომ სილაღეს ვკარგავ. იმდენად მითრევს და მაწუხებს მიმდინარე პროცესები, რომ მეგობრებთანაც სასაუბრო თემა ეს გახდა. მახსოვს, ფრანკფურტში მე და ალუ მატარებელში საუბრისას მივედით დასკვნამდე, რომ პრობლემების გადაჭრაზე ფიქრით ვართ უფრო დაკავებული, ვიდრე ცხოვრებით ტკბობით.

საღამოს “მეფესთან” ერთად ვასრულებ. “მე ყოველთვის მოგცემ იმას, რასაც მთხოვ”, - ღიღინებს “მეფე”. ჩარკვიანს როდესაც ვუსმენ, შემოქმედებითი პროცესი იღვიძებს ჩემში და რაღაცნაირად ძალას მაძლევს, ვაკეთო ის, რაც მიყვარს - ვწერო. ლექსებს ვწერ, მაგრამ ვწერ ჩემთვის. მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეს ვუზიარებ ჩემს ლექსებს. სამიდან ორს მოსწონს, ერთს მოსწონს, მაგრამ მსაყვედურობს, რომ ყოველთვის არასათანადო დროს ვუზიარებ ჩემს ლექსებს. ალბათ, არასდროს მეყოფა გამბედაობა საჯარო გავხადო ჩემი შემოქმედების ეს ნაწილი. არ მაწუხებს ეს. მთავარია, მე მსიამოვნებს, რომ ვწერ…..

ხუთშაბათი, 20 დეკემბერი

გრძელი დღე გამოდგა ხუთშაბათი. თბილისში დავბრუნდი. საღამოს თეატრში მიმიწვია მეგობარმა. განტვირთვა ნამდვილად მჭირდება. “უხერხემლობა” – ასე ჰქვია თუმანიშვილის თეატრის ახალ წარმოდგენას. ვუყურებ სპექტაკლს და ვცნობ საკუთარ თავს. როგორ გვაკარგვინებს ადამიანებს სახეს ყოველდღიური რუტინა და როგორ კვდება შემოქმდებითი პროცესი, როგორ აქრობს სამსახური დღის წესრიგიდან პირად ცხოვრებას.

მადლობა ღმერთს, მე ასე არ ვარ, მაგრამ ასე ხდება კერძო სექტორში. ალბათ, საჯაროშიც იგივე პრობლემებია. უხეშად დარღვეული შრომითი უფლებები, ადამიანები, რომლებსაც ბანკის ვალები აქვთ და სამსახურის დაკარგვის შიშით იტანენ უსამართლობას, ან უწევთ იმის კეთება, რაც მათ სიამოვნებას არ ანიჭებთ. ვუყურებ სპექტაკლს და ვხვდები, რამხელა მონაპოვარი და ბედნიერებაა აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს და რომელიც შენია. მართალია, ამ გზაზეც ბევრია ინტრიგაა, მაგრამ საბოლოოდ საქმის სიყვარული ყველაფერს გადაწონის.

სპექტაკლის ბოლოს ეს ადამიანები, რომლებიც თითქოს უნდა გათავისუფლდნენ ოფისის მარწუხებიდან, ისევ ჩარჩოებში რჩებიან. ხვალიდან ისევ იმავე წრეზე წავა მათი ცხოვრება. ცოტაც და... მე ამ ჩარჩოს გავარღვევ. საფიქრალი დამიტოვა რეჟისორმა. ალბათ, მისი მიზანიც ეს იყო, დაგვაწყებინოს გამოსავალზე ფიქრი. გონებაში შევადგინე მეგობრების სია, რომლებიც ამ სპექტაკლში საკუთარ თავს იპოვიან.

სამართლიანობისთვის ბრძოლა რთულია, როდესაც სასამართლო სისტემა გაუმართავია. სასამართლოზე სულ ეკა მახსენდება, ჩემი მებრძოლი მეგობარი, რომელიც ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს სისტემის გაუმჯობესებაში და კრიტიკის გარდა რეალურ გზებს სთავაზობს სისტემის მეთაურებს პრობლემების აღმოსაფხვრელად. ესეც შეიცვლება. ზუსტად ვიცი, არ ჩაივლის არც ერთი ბრძოლა და შრომა უშედეგოდ. დროის საკითხია. სასამართლოსაც მოუწევს გათავისუფლდეს და გამოძვრეს ჩარჩოებიდან.

დღის ბოლო ფიქრით და ერთი ჭიქა წითელი ღვინით დასრულდა.

პარასკევი, 21 დეკემბერი

დილას უსიამოვნო შეგრძნებით მეღვიძება. ვერ ვხსნი, რატომ ვარ აფორიაქებული. გამივლის. გონებაში freddie mercury- “too much love will kill you” მიტრიალებს. მელოდია ზუსტად ისე ჩამესმის, როგორც ხმის გამაძლირებლიდან.

ლაივი პარლამენტიდან: შს მინისტრი დეპუტატის კითხვებს უპასუხებს. ვერ მოვიშალე ჩვევა, ყველა ვითარებაში დღის მნიშვნელოვან მოვლენებს გავეცნო. ინფორმაციის ნაკადი იმხელაა, ზოგჯერ მიჭირს გააზრება, მაგრამ ზეპირად მახსოვს, ვინ სად რა თქვა. სიგიჟეა ეს ყველფერი, მაგრამ რეალობაა.

ხშირად ვატარებ ექსპერიმენტებს. მაგალითად, ხმას ვუთიშავ და ისე ვუსმენ პოლიტიკოსების გამოსვლებს. სახის გამომეტყველებასა და მიმიკაზე ვხვდები, რომ იმავე წრეზე ვტრიალებთ. ისინი ხალხს კი არა, ერთმანეთს ელაპარაკებიან ან ეჩხუბებიან. არ ჩანან ისეთი ლიდერები, რომლებიც ხალხის საჭიროებებზე ისაუბრებდნენ. პროცესს გულრწფელობა აკლია. ძნელია იყო გულრწფელი, მაგრამ შესაძლებელია. იმედს არ ვკარგავ, რომ პოლიტიკაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მოუსმენენ ხალხს და მათ სამსახურში ჩადგებიან. პროგრესისთვის მებრძოლი ადამიანები სჭირდება დღეს ქართულ შერყეულ, მაგრამ განვითარებად დემოკრატიას.

ამ ფიქრებიდან ჩემი მეგობრის ზარი მაფხიზლებს. “დაგეგმე დღევანდელი დღე და რასაც იტყვი, იმას გავაკეთებთ”. - მივუხვდი ჩანაფიქრს: მასაც უნდა სევდას ამარიდოს და სისულეების კეთებაში გავლიო დღე. რატომაც არა! მოდი, მივყვები.

პარასკევია და თავს უფლებას მივცემ ბურბონი დავლიო. მივალ ჩემს საყვარელ ადგილას, საიდანაც ხელისგულივით ჩანს თბილისი და შევიგრძნობ, როგორ ამიდუღებს სისხლს ბურბონი და გამიტაცებს ოცნებებში. ხო, მჯერა, რომ ოცნებები ხდება. ნაწილი ასრულდა, ნაწილს კი აუცილებლად ავისრულებ. მთავარია, ოცნების გარეშე არ დავრჩე.

შაბათი, 22 დეკემბერი

ქალთა მოძარობის აქციაა დაგეგმილი ახალი პრეზიდენტის ახალ სასახლესთან. სიმბოლურია: პირველ ქალ პრეზიდენტს პირველ საპროტესტო აქციას ქალები უწყობენ. სალომემ არ გაითვალისწინა გავლენიანი ქალთა ორგანიზაციებისა და მოძრაობების ძალიან კონსტრუქციული თხოვნა და კრიტიკა: მან საპარლამენტო მდივნად დანიშნა კაცი, რომელიც ქალთა მიმართ სოლიდარობით არ გამოირჩევა. უფრო მეტიც, ის იმ ადამიანს იცავდა, რომელიც ქალთა სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული. ეს სახალხო დამცველმაც დაადასტურა, მაგრამ ეს არ გაიგო პრეზიდენტმა, რომელიც ქალებისგან სოლიდარობას ითხოვდა.

საღამოს დღიურის ჩაწერაზე ვარ წასასვლელი. მანამდე მინდა გავისეირნო. გზადაგზა კედელზე მიწერილ ფრაზებსა და სიტყვებს ვკითხულობ: ზოგს სიყვარულს უხსნიან, ზოგიც ენატრებათ, ზოგი, უბრალოდ, სიტყვას წერს ისე, კონტექსტის გარეშე. კედელი კარგი საშუალებაა ადამიანებმა ისე გამოხატონ ემოციები, რომ ანონიმურები დარჩნენ... ვკითხულობ ერთ-ერთს – “ბუბუ”, დაუწერია ვიღაცას გადღაბნილად. ეტყობა, ჩემსავით ცუდი ხელწერა აქვს-მეთქი, გავიფიქრე. გამეღიმა, გავთბი…