"თავისუფლება დღეს ჩვენი"

ცენზორები ნოტებსა და ნაბეჭდ სიტყვებს შორის ეძებდნენ წითელი რეჟიმისთვის საშიშ მინიშნებებს.

მუსიკა ყოველთვის იმაზე მეტს ამბობდა, ვიდრე ეს ერთი მოსმენით ისმინებოდა.

Your browser doesn’t support HTML5

"თავისუფლება დღეს ჩვენი"

ჯუზეპე ვერდის იტალიური რევოლუციის მაესტროდ მოიხსენიებდნენ დაპყრობილ იტალიაში, ხოლო სიტყვებში Viva Verdi "დაშიფრულად" იკითხებოდა თავისუფალი და გაერთიანებული იტალიის სიმბოლოს, მეფე ვიტორიო ემანუელეს სახელი: Verdi – Vittorio Emannuele Re d'Italia.

ზაქარია ფალიაშვილის “დაისს” განსხვავებული დატვირთვა ერგო: ეს მუსიკა დაკარგულ თავისუფლებას დასტიროდა.

ისტორიულად არ თუ ვერდადასტურებული მონათხრობის მიხედვით, 1924 წელს კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილზე ანონიმური ბარათი შესულა ჩეკაში: დამსმენი იტყობინებოდა, რომ კომპოზიტორს შენიღბულად აღეწერა ბოლშევიკთა საქართველოში შემოჭრის ამბავი და იმ ცნობილ სიტყვებში, სადაც კიაზო "კარზედ მომდგარი წყვდიადის" შესახებ მღეროდა, ალეგორიათა ამოკითხვაში გაწაფულ მსმენელს საქართველოს გამაწითლებელი რუსეთი უნდა ამოეცნო.

"დაისი", შეიძლება ითქვას, შექმნისთანავე აითვალწუნეს წითელმა კრიტიკოსებმა, "სახიფათოდ ნაციონალისტურად" მიიჩნიეს ოპერის ლიბრეტო და ცდას არ აკლებდნენ, რომ რეპერტუარიდან მოეხსნათ, ვიდრე ფორმის შენარჩუნების ხარჯზე, იდეის ჩაკვლის სტალინურ მოდელს მიაგნებდნენ: როცა ერთმნიშვნელოვნად ეროვნულ ფენომენს სოცრეალისტური (საბჭოური) დოქტრინა უცვლის იერსახეს, ანუ როცა სისტემა თავისივე წიაღში შთანთქმით ცდილობს მისთვის სახიფათო ორგანიზმის განადგურებას. სწორედ ეს სცადეს "დაისის" შემთხვევაში, როდესაც 1921 წლის თებერვალ-მარტის ტრაგედია ქართულ-საბჭოურ "ეთნოგრაფიულ" ტილოდ აქციეს, სადაც ჩოხებსა თუ ჩიხტი-კოპებში გამოწყობილი პერსონაჟები მხოლოდღა სოცრეალიზმის თვალით დანახული უფუნქციო ეგზოტიკაა და არა ცოცხალი ისტორია (თუ მეტაფორა), რომელიც ბოლშევიკებმა გაანადგურეს.

გარკვეული ისტორიული დისტანციით, მაგრამ კონცეპტუალურად იგივე მოხდა ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში, როცა აწ უკვე მისმა თანამედროვე სეხნიამ და სხვებზე არანაკლებ ისტორიულმა პატრიარქმა ილია მეორემ სცადა მწერლის "საკრალიზებული" სისტემის ნაწილად ქცევა მისი წმინდა ილია მართლად გამოცხადება-შერაცხვით, სადაც მრავლგვაროვანი, ყოველთვის აქტუალური და კრიტიკული მწერალი დისტანცირებულ და დოგმატიზებულ კერპად უნდა ქცეულიყო, როცა მისი ტექსტების კითხვა კი აღარ იქნებოდა მნიშვნელოვანი, არამედ სანთლების დანთება წმინდა ილია მართლის ახლებური, კიტჩური ფრესკის წინ, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვათ, დისტანცია ილია ჭავჭავაძის არც ერთი ჰიპოსტასის მიმართ არ შემცირებულა, რადგან არც ერთს ვშრებით განსაკუთრებული ენთუზიაზმით და არც მეორეს.

"დაისი" ნათელი დასტურია, როგორ განიდევნა ოპერიდან მისი ნამდვილი შინაარსი, როგორ აიკრძალა და გაუქმდა ქვეტექსტი, და რაც მთავარია, ისტორიულ მდუმარებაში ჩაინთქა ოპერის ერთ-ერთი მთავარი გმირის, მაროს პროტოტიპი, ვისი სახელიც შემთხვევით არ გაჩენილა ზაქარია ფალიაშვილის შედევრში. კომპოზიტორმა 1921 წლის 19 თებერვალს დაღუპული მარო მაყაშვილის სახელი უწოდა "დაისის" მთავარ ქალ პერსონაჟს, რითაც ფაქტობრივად თავისუფლებისთვის ბრძოლის აქტუალურ - და არა მითოლოგიზებულ-აბსტრაქტულ - სიმბოლოდ აქცია თავისი ნაწარმოები.

ეს ისტორიული მოვლენა (ტაბუირებული ისტორიის შეჩერების პირობებში) ისტორიას თავად მარო მაყაშვილის დედამ, თამარ გაბაშვილმა (მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ქალიშვილმა) შემოუნახა, რომელიც თითქოს განზრახ მოკლედ, ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე აღწერს, თუ როგორ შეხვდა ღამის თბილისში ზაქარია ფალიაშვილი (რომელიც ვერც იცნო თავიდან) და როგორ მოისმინა ოდნავ დაბნეული კომპოზიტორისგან, რომ ის პატარა მაროს სახელს დაარქმევდა თავისი ახალი ოპერის მთავარ გმირს...

საქართველოს დღევანდელი ჰიმნის მუსიკა სწორედ ზაქარია ფალიაშვილის "დაისიდანაა", მაგრამ თავად "დაისი" და, ზოგადად, ისტორია, ჯერაც არ გათავისუფლებულა ყალბი სოცრეალისტურ-სტალინური ბუტაფორიულობისგან.

ისტორია ჯერ კიდევ გათავისუფლების პროცესშია.