საკომიტეტო მოსმენაზე კანონპროექტის შინაარსი დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გააცნო. პროცესი დებატებისა და პოლიტიკური განცხადებების ფონზე წარიმართა, დაზუსტდა რამდენიმე ბუნდოვანი საკითხი. მათ შორის, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ჯარში არ გაიწვევენ იმ სტუდენტებს, რომლებიც საბაკალავრო პროგრამაზე ან მაგისტრატურასა და დოქტურანტურაში მეორედ ჩააბარებენ. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სტუდენტის სტატუსია, რომელიც აქტიური უნდა იყოს.
თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, სასამართლო სარჩელი გაწვევის პროცესს ვეღარ შეაჩერებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის მტკიცებით, სარჩელის ავტორს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა მიეცემა. ამ უფლების რეალიზებას ხელს ე.წ. 3-თვიანი ყაზარმული ვერ შეუშლის.
ეს საკითხი იმ პირებს შეეხებათ, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარს რწმენის, რელიგიის ან აღმსარებლობის მოტივით ამბობენ. ასეთები სასულიერო პირები, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ან პაციფისტები (ომის საწინააღმდეგო მოძრაობა) არიან. ისინი გაწვევის კომისიას მიმართავენ და ალტერნატიული არასამხედრო სამსახურის გავლას მოითხოვენ. გადაწყვეტილებას სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე თავდაცვის მინისტრი იღებს, ანუ გამოსცემს ბრძანებას, წაიყვანონ თუ არა ესა თუ ის პირი ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში. ძველი წესით, გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება გაწვევის გადავადების საფუძველი იყო.
რა კითხვები ჰქონდა ოპოზიციას?
საპარლამენტო ოპოზიციის წევრი დეპუტატების ნაწილი არ ეთანხმება დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანას ერთი თვის წინ დამტკიცებულ თავდაცვის კოდექსში. მათთვის არც პროცედურაა მისაღები და არც დაგეგმილი ცვლილებების შინაარსი. დეპუტატებმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს ყურადღება:
- რატომ დაუქვემდებარეს გაწვევას სტუდენტები, რომლებიც დისტანციურად სწავლობენ? და არის თუ არა ეს დისკრიმინაციული მიდგომა?
- როგორ უნდა დაადგინოს სამინისტრომ, ადამიანი მორწმუნეა თუ არა?
- რატომ არ აჩერებს სასამართლო სარჩელი გაწვევის პროცესს?
- რატომ განიხილება საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი დაჩქარებულად?
თავდაცვის სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში დისტანციურად 60-70 სტუდენტი სწავლობს.
მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის მტკიცებით, დისტანციური სწავლება ე.წ. შავი ხვრელი გახდა მათთვის, ვისაც ჯარში წასვლა არ სურს. მისი მტკიცებით, იგზავნება შეტყობინება კონკრეტული უნივერსიტეტებისგან, სადაც წერია, რომ დაინტერესებული პირები მათთან დისტანციურად სწავლის შემთხვევაში ჯარის გადავადებას შეძლებენ. მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, რომელ უნივერსიტეტს გულისხმობს და არც ამ ინფორმაციის დამადასტურებელი შეტყობინების ფოტომტკიცებულება უჩვენებია.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დისტანციური სწავლების ცალკე გამოყოფა დისკრიმინაციულია იმ სტუდენტებისადმი, რომლებიც ნამდვილად იღებენ განათლებას და ჯარისგან თავის არიდების მოტივი არ ამოძრავებთ. ამის დასადასტურებლად სტენფორდისა და კინგს კოლეჯის დისტანციური პროგრამები მოჰყავთ. პარტია "გირჩის" დეპუტატის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ირღვევა განათლების უფლება, რადგან ასეთ სტუდენტებს მთავრობა სამხედრო ბაზიდან ლექციებზე დასწრებას სთავაზობს.
"გასაგებია, რომ უნივერსიტეტები ჯარისგან თავის არიდების მთავარ ფუნქციას ასრულებს, ასე იყო საბჭოთა კავშირის დროსაც, ასე იყო ისტორიულად. ამ ლოგიკით ყველა უნივერსიტეტი უნდა ავკრძალოთ, რადგან იმის გამო ჩააბარეს, რომ ჯარში არ წასულიყვნენ. მე ვიცნობ ადამიანს, ვინც დისტანციურად სწავლობს სტენფორდში და მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმეს რომელიმე სტუდენტზე ნაკლებად აკეთებს, ან იმაზე ნაკლებად, ვიდრე საქართველოს უნივერსიტეტებში გააკეთებდა. თქვენ ამბობთ, რომ ეს არ არის ნამდვილი სწავლა, ამიტომ წავიდეს ყაზარმაში, იქ ინტერნეტი გვაქვსო. განათლების უფლების შეზღუდვაა პირდაპირ. უპასუხისმგებლობა იქნება ამ ხალხს ვუთხრათ "ყაზარმიდან ისწავლე”, - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
"აქტიური სტუდენტი"
თავდაცვის კოდექსში პირველად ჩნდება ტერმინი "აქტიური სტუდენტი". ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი სტუდენტის სტატუსი აქტიური არაა, მაშინ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა მოგიწევთ, იმის მიუხედავად, რა მიზეზით შეგიჩერეს სტატუსი. ამ ჩანაწერს არ ეთანხმება დეპუტატი თეონა აქუბარდია და ყურადღებას ამახვილებს სტატუსის შეჩერების სოციალურ მიზეზებზე.
საქართველოში 30 000 სტუდენტს სტატუსი დავალიანების გამო აქვს შეჩერებული, ანუ მათ სწავლის ღირებულების გადახდა არ შეუძლიათ. თავდაცვის სამინისტროს არ წარმოუდგენია ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ექვემდებარება ამ სტუდენტებიდან ჯარში გაწვევას.
ასევე ნახეთ ვინ გადაიხდის სტუდენტების ვალს - ვის უჭრის და ვის უქმნის პრობლემებს სტატუსის აღდგენა?"მაქვს შემოთავაზება, რომ არააქტიური სტატუსის მქონე პირების ჯარში გაწვევა ორეტაპიანი გახდეს. მაგალითად, ერთხელ თუ შეუჩერდა, ვაპატიოთ. სტატუსის შეჩერების მიზეზი ხშირად მატერიალური მდგომარეობაა, ასეთი პირების გაწვევა უსამართლობაა. მათი მიზანი სწავლაა და არა - ჯარისგან თავის არიდება”, - თქვა თეონა აქუბარდიამ.
თავდაცვის ახალი კოდექსით, "მღვდელმსახურის" სტატუსის ქონა სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძველი აღარაა. არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურის ალტერნატიული, არასამხედრო ფორმით გავლა უწევთ. ამ საკითხს, "არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი არეგულირებს.
ეს კანონი განსაზღვრავს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, როგორც საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო საქმეს, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულებების სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების საფუძველზე.
პირები, რომლებიც გადიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, დაკავებულნი არიან ისეთი საქმიანობით, რომელიც დაკავშირებულია საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებთან, ეკოლოგიასთან, მშენებლობასთან, სოფლის მეურნეობასთან, ჯანმრთელობასა და კომუნალურ მომსახურებასთან.
ოპოზიციისთვის სადავოა, ვინ და რის საფუძველზე იღებს ალტერნატიულ არასამხედრო სამსახურში პირის გაწვევის გადაწყვეტილებას. პროცედურულად, დასკვნას თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი გაწვევის კომისია იღებს და ხელმოსაწერად თავდაცვის მინისტრს უგზავნის. მონაცემების დამუშავებაში ჩართული იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. რა ფორმით - ეს განხილვისას ბუნდოვანი დარჩა. გაურკვეველია, რა ინფორმაციას და რა მიზნით დაამუშავებს ეს სამსახური.
ამ ცვლილებების დამტკიცების სურვილი თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის გაზაფხულზეც ჰქონდა. მაშინ განხილვები პროცედურულო ხარვეზის მიზეზით ჩავარდა, თავდაცვის კოდექსი ჯერ დამტკიცებული არ იყო. დოკუმენტში პირდაპირ ეწერა, რომ ცვლილებების მიზანი გირჩის "ბიბლიურ თავისუფლებასთან" ბრძოლა იყო. ახლა ეს ჩანაწერი გაქრა, თუმცა პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ მიზანი უცვლელია - წაიყვანონ ჯარში ის პირები, რომლებზეც მღვდელმსახურის მოწმობას "ბიბლიური თავისუფლება" გასცემს. იაგო ხვიჩიასთვის წარმოდგენილი კანონპროექტი რწმენის თავისუფლებას არღვევს.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უნდა დაადგინოს, ვინ მოხვდება სამოთხეში, ვინ ჯოჯოხეთში, ვის სალხინებელში გაუშვებენ და ა.შ.? ეს სახელმწიფოს საქმე არ არის, მაგრამ თქვენ ყველაფერს არღვევთ, სასამართლოს გადაუარეთ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ადამიანს, რა დონეზე სწამს. საკუთარი უსუსურობა რომ დაგანახოთ, წარმოიდგინეთ, წელიწადზე მეტია ამ კანონთან დაკავშირებით აქ დგახართ, თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ, ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ ვერ გააუქმებთ "ბიბლიურ თავისუფლებას" იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მართლები, ღმერთი არ არის თქვენკენ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თავდაცვის კოდექსს ყველა ჯერზე შეცვლიან, თუ გაჩნდება ე.წ. შავი ხვრელი მათთვის, ვისაც ჯარში წასვლა არ სურს: "პირიქით, მე შევდივარ თქვენს (იაგო ხვიჩიას) მდგომარეობაში, ის ხვრელები, რასაც ჩვენ ამოვავსებთ, თქვენ განერვიულებთ. ჩვენი საზომი ესაა, თუ გამწარდით, ე.ი. სწორ ხვრელებზე მიგვიგნია".
ასევე ნახეთ რა შემთხვევაში გაიწვევენ სტუდენტსა და სასულიერო პირს ჯარში - ცვლილებები თავდაცვის კოდექსშითავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჯარში 2000-მდე ახალწვეული წავა, 100 პირი კი ალტერნატიული არასამხედრო სამსახურით ისარგებლებს. მათ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომისია გაანაწილებს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის შემდეგ ცვლილებებს თავდაცვის კომიტეტზე განიხილავენ, რის შემდეგაც დოკუმენტი პირველი მოსმენით დასამტკიცებლად სესიაზე გავა. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო კვირის ბოლოს მას სამივე მოსმენით დაამტკიცებენ.