არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები მასშტაბური თავდასხმის სამიზნედ იქცნენ სოციალურ ქსელებშიც. მესამე სექტორი ფიქრობს, რომ შეურაცხმყოფელი ტექსტებით, ფოტოებითა და კომიქსებით გამორჩეული მასობრივი კამპანია ორგანიზებულია და უკავშირდება ხელისუფალთა მხრიდან გამოცხადებულ ბრძოლას, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათივე თქმით, კრიტიკისა და შეკითხვების დასმის სანაცვლოდ მიიღეს. რატომ გაიხსნა ფრონტის ხაზი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ და რატომ დგამს ხელისუფლება თავისივე იმიჯის დამაზარალებელ, წამგებიან ნაბიჯებს?
„მიმდინარეობს კოორდინირებული, დაფინანსებული კამპანია არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალების დიზაინით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით, ამაშიც ფულია გადახდილი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. იმის გამო, რომ ბინძური მესიჯების შემცველი ვირტუალური შეტევა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფალთა განცხადებებს მოჰყვა, ეკა გიგაური თითქმის დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფრის უკანაც ხელისუფლება დგას.
Your browser doesn’t support HTML5
ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ფეისბუქპოსტები, რომელთა ტირაჟირებისგანაც რადიო თავისუფლება შეგნებულად იკავებს თავს, არაერთი პირისა და ჯგუფის სახელით ვრცელდება, თუმცა გაურკვეველი სახელები და სახელწოდებები კონკრეტული პიროვნებების ამოცნობის საშუალებას არ იძლევა. ავტორთა მრავალფეროვნების მიუხედავად, პოსტები შინაარსობრივად ძალიან ჰგავს ერთმანეთს და მათი დიდი ნაწილი დასპონსორებულია, ფართო აუდიტორიაზე გათვლით.
ფეისბუქგვერდები, რომლებმაც არასამთავრობო სექტორის მისამართით ერთიანი ფრონტი გახსნეს, პარალელურად ავრცელებენ ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის მასალებს და, ხშირ შემთხვევაში, მიზანმიმართულად ებრძვიან ასევე საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს.
უპრეცედენტო შეტევა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ შეტევაზე საუბარს უსაფუძვლოდ მიიჩნევს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი. როგორც ის აღნიშნავს, კრიტიკით დახურვის საფრთხე ნამდვილად არ ემუქრებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა რეიტინგი არც ისე მაღალია.
Your browser doesn’t support HTML5
ორგანიზებული ფეისბუქშეტევის ერთ-ერთი გამოკვეთილი სამიზნეა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე, რომელსაც მანამდე, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით ფაშიზმის მოკავშირეობაში დასდო ბრალი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
გასული ორი არჩევნების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ასეთი ორგანიზებული შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნამდვილად არ იგრძნობოდა.მიხეილ ბენიძე
სახელისუფლებო გუნდიდან არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკაში აშკარად ლიდერობს ირაკლი კობახიძე, რომელმაც მანამდე სამოქალაქო სექტორის ნაწილს „პოლიტიკური გაერთიანება“ უწოდა, თუმცა მას არც სხვები ჩამორჩნენ და, მაგალითად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პოლიტიკურ გაერთიანებად დარეგისტრირება შესთავაზა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
როგორც მიხეილ ბენიძე აღნიშნავს, არასამთავრობო სექტორის კრიტიკა არც ერთ ხელისუფლებას არ მოსწონდა, იყო თავდასხმისა და შეტევის მცდელობები, მაგრამ ის, რაც წელს ხდება, უპრეცედენტოა. „გასული ორი არჩევნების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ასეთი ორგანიზებული შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნამდვილად არ იგრძნობოდა. წელს ჩვენ უპრეცედენტოდ კოორდინირებულ შეტევას ვხედავთ, რაც კიდევ უფრო გასაკვირია, რადგან ამ არჩევნებზე ხელისუფლებას ოფიციალური კანდიდატი არ ჰყავს“, - ამბობს ბენიძე. ბოლოდროინდელი შემოტევა უპრეცედენტოა ეკა გიგაურის შეფასებითაც. არასამთავრობო სექტორი დარწმუნებულია, რომ:
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ღია თავდასხმა მესამე სექტორის 10-ზე მეტი წარმომადგენლის მიერ 1 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებას უკავშირდება.
- ხელისუფლება ცდილობს ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან.
- ხელისუფლება მესამე სექტორის დისკრედიტაციას ცდილობს,კრიტიკისა და ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების საპასუხოდ.
მოვლენები საერთაშორისო თანამეგობრობის თვალით
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია სამწუხარო და წამგებიან ნაბიჯად მიიჩნევს ხელისუფლების მცდელობას რისხვის ვექტორი სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადაიტანოს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მაგალითად, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოწინავე იმიჯი რომ აქვს, ეს დიდწილად სწორედ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობას ემყარება. ეს იმიტომ, რომ ძლიერი და კრიტიკული მესამე სექტორი დემოკრატიის განვითარების ინდიკატორად არის მიჩნეული.
Your browser doesn’t support HTML5
მოველი, რომ ხელისუფლების მხრიდან უსაფუძვლო თავდასხმებისა და შეტევების ფაქტები აუცილებლად შევა საერთაშორისო ორგანიზაციების წინასაარჩევნო ანგარიშებში.ეკა გიგაური
კორნელი კაკაჩიას თქმით, თუკი საქართველოში შეიცვლება ხელისუფლების მიდგომა გავლენიანი და ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით, შესაძლებელია, რომ შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამაც გადახედოს თავის შეფასებებსა და მიდგომებს.
საქართველოს რეპუტაციის დაზარალებას მოელის ეკა გიგაურიც.როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელისუფლება მზად არის ქვეყნის რეპუტაციასაც კი შეუქმნას საფრთხე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქმე ჩაიფარცხოს და არ დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებიც ფარულ აუდიოჩანაწერებში ფიგურირებენ.
„მოველი, რომ ხელისუფლების მხრიდან უსაფუძვლო თავდასხმებისა და შეტევების ფაქტები აუცილებლად შევა საერთაშორისო ორგანიზაციების წინასაარჩევნო ანგარიშებში. მიკავშირდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეკითხებიან, რა ხდებაო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა.