ზურაბ კიკნაძე: „სახლში ვიღაც დიდი ხნის უნახავი, მონატრებული მელოდება“

ზურაბ კიკნაძე

ბიბლიის, „გილგამეშიანის“, „ოდისეისმთარგმნელი, ქართული და შუამდინარული მითოსის მკვლევარი - ზურაბ კიკნაძეს კვირას დაკრძალავენ.

„მკითხეს, ავტობიოგრაფიას რომ წერდეთ შვიდი წინადადებით, რას დაწერდით აუცილებლად?

არ ვწერ, მაგრამ რომ ვწერდე, დავწერდი დაბადების წელს და გამუდმებულ სინანულს, რომ ვერ შევესწარი 1918 წლის 26 მაისს, მაგრამ არ ვითვალისწინებდი, რომ სამი წლის შემდეგ რაოდენი წუხილის გადატანა მომიწევდა“, - ასე იწყება ზურაბ კიკნაძის წიგნი „ამარგი - ალუდას ნახტომი“, რომელიც 2021 წელს დაიბეჭდა.

ზურაბ კიკნაძე 1933 წლის 3 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. როგორც მისი თაობის ბავშვების უმეტესობა, ისიც უმამოდ იზრდებოდა, უფრო სწორად, 1938 წელს დაპატიმრებული მამის დაბრუნების მოლოდინში. მამა არ დაბრუნებულა. მხოლოდ ათეული წლების შემდეგ გაირკვა, რომ ის დაპატიმრებიდან მალევე დახვრიტეს.

1956 წელს ზურაბ კიკნაძემ თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა, სემიტოლოგიის განხრით. 1977 წელს ფოლკლორისტიკის კათედრის გამგედ დანიშნეს. 1963 წელს გამოაქვეყნა „გილგამეშის“ თარგმანი. გილგამეშზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაციაც, სადოქტორო - ქართულ მითოლოგიაზე.

რომელმან სიღრმე იხილა, ქვეყნის საფუძველი,

ყოველი შეიცნო, შთაიბეჭდა,

იდუმალებანი ვინც სრულად განჭვრიტა, -

სიბრძნის მფლობელმა, ყოვლის მეცნაურმა,

საუნჯეს მიაგნო, გახსნა დაფარული,

მცნება მოგვიტანა წარღვნამდელ დღეთა.

შორი გზით იარა, დამაშვრალი დაბრუნდა;

ქვაზე ამოკვეთა ყოველი განცდილი“.

გილგამეშიანი, თარგმანი ზურაბ კიკნაძისა

ასევე ნახეთ ლევან ბერძენიშვილი: ამბავი გილგამეშისა

1978 წელს ზურაბ კიკნაძემ თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“. მისი საქმიანობის სფერო ძალიან ფართო და მრავალმხრივი იყო: შუამდინარული ლიტერატურა, მითოლოგია და რელიგია; ქართული მწერლობა, ქართული ფოლკლორი და მითოლოგია; ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა; ბიბლიის თარგმანი და ეგზეგეტიკა...

„მგონია, რომ მე-20 საუკუნეში, 21- საუკუნის ჩათვლითაც, ძნელად გვყოლია მისი მასშტაბის მეცნიერი. ეს იყო დიდი გაქანების ადამიანი, ზედმიწევნით ჰქონდა ათვისებული ბიბლეისტიკა, შუმეროლოგია, ფოლკლორი თუ სხვა დარგები. ღრმა, მეცნიერული ანალიზით დამუშავებული, რაც ძალიან იშვიათია, - ამბობს მწერალი და ფილოლოგი გიორგი კეკელიძე, - ამავდროულად. იყო ძალიან უშუალო ადამიანი, აქტიური ლექტორი, რაც არ არის ხოლმე დიდი მეცნიერებისთვის დამახასიათებელი. მაგრამ ბატონ ზურაბს ეს თვისებაც ჰქონდა. ყოველთვის ცდილობდა, მაქსიმუმი დაეტოვებინა სტუდენტებისთვის“.

მთარგმნელი ანა კოპალიანი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ზურაბ კიკნაძე ფოლკლორზე ლექციებს უკითხავდა.

ფშავ-ხევსურეთის ფოლკლორზე გვესაუბრებოდა. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, რომ მთავარი გმირი, რომელიც სახლიდან მიდის, აუცილებლად უკან უნდა დაბრუნდეს.

ლექციაზე გაირინდებოდა რამდენიმე წუთით, ჩაფიქრდებოდა, ჩაიცინებდა, რაღაცას ჩაინიშნავდა თავისთვის და გააგრძელებდა ლაპარაკს. ვხვდებოდით, რომ სადაც სიტყვა გაწყვიტა, იქიდან კი არ გააგრძელა, არამედ თავის ფიქრს გაჰყვა. იმ წუთას მიაგნო რაღაცას“.

ლიტერატურათმცოდნე მალხაზ ხარბედია 90-იანი წლების დასაწყისს იხსენებს, როდესაც ზურაბ კიკნაძის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის 93-ე აუდიტორიაში ბიბლიური საზოგადოების სხდომები იმართებოდა. რელიგიათმცოდნეები, ფილოსოფოსები, ფილოლოგები, ისტორიკოსები, სასულიერო პირები კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ და სხვადასხვა თემაზე მოხსენებებს კითხულობდნენ.

„უზარმაზარი აუდიტორია იკრიბებოდა, ხანდახან ძალიან ჭრელიც. მაშინდელი ეს შეკრებები გაცილებით ტოლერანტური იყო, კამათიც გაცილებით ნაყოფიერი, ვიდრე ახლა შეიძლება იყოს.

მაშინ ძველი აღმოსავლეთით ვიყავი გატაცებული. ზურაბ კიკნაძისშუამდინარული მითოლოგიაჩემთვის სამაგიდო წიგნი იყო. კარგად მქონდა წაკითხული. 60-იან წლებში გამოიცა მისი ნათარგმნიგილგამეშიანიდათამუზის სიზმარი“ - ძველი შუამდინარული პოეზია. ალბათ ეს წიგნი არაერთი ქართველი პოეტისთვის და მთარგმნელისთვის იქცა მაშინ და მერეც, შთაგონების წყაროდ“.

მალხაზ ხარბედია ხშირად იყო სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემის რედაქტორი, პირველ რიგში „არილის“. ერთ-ერთი ავტორი, რომელიც ყველა ამ გამოცემაში იბეჭდებოდა, სწორედ ზურაბ კიკნაძე გახლდათ.

ყველგან მიგზავნიდა ტექსტებს. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ეკიდებოდა საქმეს. თემატურ ნომრებს როცა ვაკეთებდით, არ მახსოვს, მონაწილეობა შემეთავაზებინოს და მაშინვე არ აეტაცებინოს იდეა. ხანდახან ცოტათი მიჩქმალულ და დავიწყებულ ავტორებზე დაწერდა ხოლმე, ძალიან დიდი ყურადღებით, გამოწვლილვით და ეს ადამიანი უცებ ჩრდილიდან გამოვიდოდა. ხელახლა წააკითხებდა მის შემოქმედებას მკითხველს, - ჰყვება მალხაზ ხარბედია, - მასზე რომ ვფიქრობ, სულ სიტყვამეგობარიდამეგობრობამომდის თავში. არაჩვეულებრივი მეგობრობა აკავშირებდა ერლომ ახვლედიანთან, შოთა ჩანტლაძესთან, ალექსანდრე გვახარიასთან, თამაზ ჩხენკელთან... ეს ნამდვილი მეგობრობა იყო, მიმოწერებით, ლაშქრობებით, ტყე-ღრეში ხეტიალით, თუნდაც ქალაქში გასეირნებით“.

და ისევ წიგნიდან „ამარგი - ალუდას ნახტომი“:

„ავტობიოგრაფიას რომ წერდეთ შვიდი წინადადებით, რას დაწერდით აუცილებლად?

1) არ ვწერ, მაგრამ რომ ვწერდე, დავწერდი დაბადების წელს და გამუდმებულ სინანულს, რომ ვერ შევესწარი 1918 წლის 26 მაისს, მაგრამ არ ვითვალისწინებდი, რომ სამი წლის შემდეგ რაოდენი წუხილის გადატანა მომიწევდა.

2) მამას მოჰქონდა სამთვლიანი ველოსიპედი, მე კი, ოთახში მყოფი, კედლის მიღმა ტროტუარზე ვხედავდი ორივეს - მტვირთველს და ტვირთს, რამაც ტრანსცენდენტურის არსებობის რწმენა გამიღვივა.

3) დავწერდი, რომ რუხპერანგიანების თანხლებით სახლს უკანასკნელად რომ ტოვებდა, მამა ჩაბნელებული წინა ოთახიდან უკანა ოთახში ქუდის ასაღებად შემობრუნდა, დაიხურა და წავიდა.

4) აღვწერდი ორ სიზმარს, - ერთში გამოცდას ვაბარებ, მეორეში შინდაბრუნებულს სახლში ვიღაც დიდი ხნის უნახავი, მონატრებული მელოდება, - როგორც წუთისოფლის გამოცანა თანმსდევდა.

5) დავწერდი, რომ ვერასოდეს მივხვდები, რამ გამხადა ესოდენი სიყვარულის ღირსად.

6) ვერ შევუსრულე აღთქმა მეგობარს, საფლავში ჩაგძახებ, აღსრულდა-მეთქი.

7) დავწერდი, რომ ყველაფერი სიცოცხლესთან ერთად დასრულდა... ამიერიდან მხოლოდ სინანული რჩება წასულებთან ჩვენი ურთიერთობის ენად“.