ქალაქგეგმარების რეალურმა ლაბორატორიამ დაასრულა მუშაობა ოქროს უბნის შენარჩუნებადი განახლების პროექტზე. ეს არის საპილოტე მეთოდური პროექტი, რომელმაც საზოგადოებას და ქალაქის მმართველობას უნდა აჩვენოს ისტორიული უბნების მდგრადი განვითარების რეალისტური გზა. „თუ გინდა რამე შეიცვალოს, შეცვალე შენ!“, - ამ ფრაზით იწყებს ქალაქმგეგმარებელი, ზურაბ ბაქრაძე რადიო თავისუფლების ეთერში საუბარს.
ქალაქგანვითარებისადმი მიდგომაში, რომელსაც ზურაბ ბაქრაძე და მისი თანამოაზრე კოლეგები მისდევენ, ცენტრში ადამიანია:
„ფაქტობრივად, არსებული, ჩამოყალიბებული უბნების განვითარება ჩიხშია შესული. ერთი მხრივ, არსებობს ინიციატივები და ენერგია, რომ დაიცვან ის, რაც ფასეულია. მეორე მხრივ, არსებობს ძალიან ძლიერი საინვესტიციო წნეხი დაანგრიოს ყველაფერი, რაც ფასეულია. ამას გადაჭარბებით არ ვამბობ. გამოსავალი არ ჩანს. ეს უბნები უნდა განვითარდეს, ისინი არ შეიძლება დაკონსერვდეს და მუზეუმად იქცეს, მაგრამ უნდა განვითარდეს ისე, რომ რაც ფასეულია, შენარჩუნდეს და ამის პრაქტიკა არ გვაქვს. ამის საყრდენად შეიძლება გამოდგეს ადამიანთა სურვილი განავითარონ თავისი გარემო, პროფესიონალთა სურვილი და მიდრეკილება ამ ადამიანებისთვის იმუშაონ, ე.ი. ადამიანი იყოს ცენტრში დაგეგმილი სამუშაოების, კვლევების ცენტრში და ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი - ავლაბარში გავაკეთეთ პირველი პროექტი, ახლა მეორე იყო ასეთი. ამ მიმართულებით გვინდა გავარღვიოთ ეს ყრუ დამბა.
...ყველა ხედავს, რომ ისე, როგორც აქამდე მიდიოდა მშენებლობა, აღარ შეიძლება. თუ ასე გაგრძელდა, ასეთი ინვესტიციების ხელში, ის თბილისი აღარ იქნება. ან დრაკონულ წესებს შემოვიღებთ, დავკეტავთ ყველანაირ მშენებლობას, ვაქცევთ ამ უბნებს მუზეუმად. არც ერთი არ უნდა არც ხალხს, არც ხელისუფლებას. ეს გვაძლევს იმედს, რომ ახლა გამოფხიზლდება ქალაქის მმართველობა და პროფესიულ მიდგომას დაუჯერებს“.
31 იანვარს გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება ოქროს უბნის პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელშიც გერმანელი პროფესიონალებიც მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებაზე თბილისის მმართველობაც არის მიწვეული.
ზურაბ ბაქრაძე თვლის, რომ თბილისს არ სჭირდება არც ტერიტორიული და არც მოსახლეობის ზრდა:
„რაც არსებობს, ის გავაჯანსაღოთ. ეს არის მთავარი პოლიტიკური ამოცანა ქალაქის მმართველობის და ასეთი პროექტების საშუალებით ამის გაკეთება შეიძლება“.
„დილის საუბრებში“ ქალაქმგეგმარებელი ლაპარაკობს აგრეთვე ოქროს უბანში პარკის შექმნის მოთხოვნაზე. პეტიციაზე - „პარკი ოქროს უბანს“, რომელიც დევს პლატფორმაზე „შენი იდეა ქალაქის მერს“, ხელმოწერები გრძელდება:
„იქ ყველას პარკის მოწყობა უნდა, მთელ უბანს. იმათ ამოსასუნთქი არ აქვთ. იმათთვის იქნება ეს საშველი, რომ პარკი დაარსდეს, მთელ მოსახლეობას, მარტო იმ უბნელებს არა, მთელ ქალაქს უნდა იქ პარკის დაარსება. იმ წუთში გამოჩნდა იქ დაინტერესებული ინვესტორი, რომელსაც იქ მომგებიანი რაღაცის გაკეთება უნდა და აი, ახლა ქალაქის მმართველობა კარგად უნდა დაფიქრდეს, ვის მხარეს არის. ესეც ერთ-ერთი საჯილდაო ქვა იქნება მისთვის. ვაგროვებთ ხელმოწერებს. თუ საკმარისს მოვაგროვებთ, ქალაქის მმართველობა ვალდებული იქნება განიხილოს“.
Your browser doesn’t support HTML5