მერე იყო და ოჯახთან ერთად, თავისი ცოლის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის გამო, შორეულ რეიუნიონზე - საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტში გადასახლდა, შემდეგ იყო აშშ - კალიფორნია და ტეხასი, და ახლა - პარიზი, სადაც უკვე ორი წელია ცხოვრობს.
მხატვარი ქუჩებში სიარულით ტკბება და თავისი ახსნაც აქვს, თუ რატომაა პარიზი არტისტებისთვის შესანიშნავი ადგილი.
პარიზზე სანამ მიამბობდა, რეიუნიონი გაიხსენა, სამხრეთის კუნძული თავისი გამორჩეული სინათლითა და ფერებით.
აი, ახლა პარიზი, ასევე ხელოვნების და სიყვარულის, მეამბოხე ხალხის ქალაქი თავისი პარკებით, და რამაც მოხიბლა ზურა, სასაფლაოებით. იქ განისვენებს ახლო წარსულის ბევრი დიდი ადამიანი, მომღერალიც და მწერალიც, თავადიც და მეამბოხეც.
აი, ზურა ჯიმ მორისონის საფლავთან მიკრულ საღეჭ რეზინებს ამჩნევს, პატივისცემის საკვირველი ფორმა აღმოაჩინა.
დაახლოებით ათი წლის წინ, როცა ზურა სუმბაძე რადიო თავისუფლების პროგრამა „უხილავ ფარდაში“ იყო სტუმრად, გიამბეთ მის ნამუშევრებზე, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტზე იქმნება - ბერლინში დაწყებულს კალიფორნიაში ამთავრებდა და ინდოეთის ოკეანეში, რეიუნიონზე განცდილს, წყნარი ოკეანის პირას, ჰოლივუდის ბორცვზეც ვერ ივიწყებს-მეთქი.
ასევე ნახეთ ორი ოკეანე, ჰოლივუდი და ზურაბ სუმბაძეპარიზში ჩასულს ახლა ამერიკაში ან სხვაგან დახატულზეც შრეების დატანის სურვილი აღარ აქვს. პარიზი ინდივიდუალური უნდა იყოს.
როცა სილამაზით სახელგანთქმულ ქალაქში ცხოვრობ, სადაც ქუჩაში სეირნობაც კი მუზეუმში სიარულს ჰგავს, აღქმა ამ სილამაზისა დროთა განმავლობაში იცვლება, თვალი ზოგ რამეს ეჩვევა, ზოგს შეიყვარებს, აღმოაჩენ საკუთარ ფარულ კუთხეებს, სადაც სტუმრები არ მიდიან.
საფრანგეთის სოციალისტურ და მემარჯვენე ხასიათზეც ვიბაასეთ ზურა სუმბაძესთან.
ზურა სუმბაძე ბერლინის კედლის დანგრევის თვითმხილველია. ოთხნაწილიანი ფილმი გადავიღეთ ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად ბერლინის კედლის დანგრევის წლისთავის გამო. ერთ-ერთი ნაწილი ზურას ნაამბობი იყო. „მე და კედელი ერთ წელს გავჩნდითო“, - გვითხრა მაშინ უკვე ბერლინელმა მხატვარმა, როცა კედლის ნგრევის აუცილებლობას მიხსნიდა: მე კი არ ვიყავი გალიაში, მაგრამ ჩემი ნათესავები და თანამემამულეები გამომწყვდეულები იყვნენ და ამიტომ უნდა დანგრეულიყო კედელიო, რომელიც სიმბოლო იყო სოციალისტური და კაპიტალისტური სამყაროთა გაყოფის.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან წამოსულს, ბერლინის კედლის დანგრევის შემსწრეს, მერე ამერიკის, ტეხასისა და კალიფორნიის და საფრანგეთის ზღვისიქითა მიწების მნახველს, ბევრი აქვს მოსაყოლი ახალგაზრდებისთვისაც. ერთმა პარიზელმა მეგობარმა ასეთი საუბრის გამართვა შესთავაზა პარიზის პრესტიჟულ სკოლაში, რომლის მოწაფეები მის ნაამბობს ვერც კი იჯერებდნენ.
და ზურა სუმბაძე ახლაც მოელის, რომ უცბად სადღაც სხვაგან მოუწევს გადასახლება, დედამიწის სხვა კუთხის გაცნობა.
ყველა გზა ხსნილია, მთავარია, არ დაიზარო.