ჩოხატაურელი ზურა ახლა უკრაინაში, კიევში გადის სარეაბილიტაციო კურსს. პროთეზებს ნელ-ნელა მიეჩვია, ხელახლა სწავლობს სიარულს, უკვე დამოუკიდებლადაც დადის ქალაქში.
„გამიჭირდა ამ მდგომარეობასთან შეგუება? ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა. ომში რომ მიდიხარ, ისიც გაქვს გაცნობიერებული, რომ კიდურები კი არა, შეიძლება თავიც დაკარგო. მე ეს ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, როცა 2012 წელს, 26 მაისს, ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე დავდე სამხედრო ფიცი“, - ამბობს ზურაბი.
სამხედრო კარიერის დასაწყისი
ზურაბ ჯიბუტმა 2009 წელს თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტი დაამთავრა. ბიზნესის მართვის ფაკულტეტი. თუმცა, მიხვდა, რომ „ერთ ოთახში, ოფისში, დილის ცხრიდან საღამოს ექვს საათამდე გამოკეტილი“ ვერ იცხოვრებდა. საბანკო სექტორში გავლილი სტაჟირებების შემდეგ, 2011 წელს, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ჩააბარა და ასე გახდა ქვეითი ოფიცერი.
2012-2017 წლებში მესამე ქვეით ბრიგადაში, ოცეულის მეთაურის პოზიციაზე იმსახურა. ორჯერ იმყოფებოდა საერთაშორისო მისიაში ავღანეთში - 2013 წელს ჰელმანდის პროვინციაში, 2015 წელს კი - ქაბულში.
მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო - მათ შორის, მედალი სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის; მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის.
თუმცა, 2017 წელს, 26 მაისს, როდესაც ოფიცრის ხუთწლიანი კონტრაქტი ამოეწურა, მან სამხედრო სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა:
„ისეთი სიტუაცია შეიქმნა ჯარებში... ე.წ. კლანური სიტუაცია, დაწინაურებები ძირითადად ნეპოტიზმით ხდებოდა. წინსვლის პერსპექტივა გაქრა. თუკი ზემოთ, გენერალურ შტაბში, თავდაცვის სამინისტროში ვინმე არ გყავდა, ყველანაირი პერსპექტივა მოჭრილი იყო. მივხვდი, რომ იქ ვეღარ დავრჩებოდი. წამოვედი და სამოქალაქო აქტივიზმში ჩავერთე“.
უკრაინა
ზურაბ ჯიბუტის ოჯახი ახლაც ჩოხატაურში ცხოვრობს. უკრაინაში წასვლა ომის დაწყების დღიდანვე გადაწყვიტა, მაგრამ ახლობლების დარწმუნება გაუჭირდა:
„თავიდან სურვილის გამჟღავნებაც კი გამიჭირდა. თუმცა, რამდენიმე თვეში, ნელ-ნელა შეეგუა ოჯახი, რომ მტკიცედ მქონდა განზრახული ომში წასვლა. ამას დაემთხვა ისიც, რომ უკრაინაში მებრძოლმა „ქართულმა ლეგიონმა“ განაცხადი გააკეთა, რომ იქმნებოდა ახალი ჯგუფი. დავუკავშირდი მათ, შედგა ჩვენს შორის კომუნიკაცია და უკრაინაში წასვლაც გადაწყდა. ახალი წლის დადგომას, 2023 წელს, კიევში შევხვდი“.
ზურაბ ჯიბუტი თანამებრძოლებთან ერთად, „ქართული ლეგიონის“ სახელით, უკრაინის ცენტრალური დაზვერვის რიგებში გაერთიანდა.
ნაღმი, რომელიც აფეთქდა
2023 წლის 22 მაისს, ხარკოვის მიმართულებით, დავალების შესასრულებლად წასული ზურაბ ჯიბუტი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა:
„იმ პერიოდში უკრაინა მასშტაბურ იერიშებს ახორციელებდა. ჩვენ გვევალებოდა ერთ-ერთი ფლანგის უსაფრთხოება და შემდგომ, ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში შესვლა. სწორედ ამ ოპერაციის დროს დავიჭერი. ჩემი მეგობარი, ასევე ქართველი მებრძოლი აფეთქდა ნაღმზე. მის გასამხნევებლად გასვლა გადავწყვიტე. ერთი მეტრიღა მქონდა დარჩენილი და მეც ავფეთქდი.
მალევე მოხდა ჩვენი ევაკუაცია. რამდენიმე კილომეტრი მოუწიათ ბიჭებს ჩვენი ტარება. პირველი ოპერაცია ხარკოვში გამიკეთდა, მარჯვენა ფეხზე. შემდეგ გადმომიყვანეს კიევში, აქ სამი ოპერაცია გამიკეთდა. საბოლოოდ, ორივე ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო“.
Your browser doesn’t support HTML5
"ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის" ქართველ მებრძოლს 22 მარტს უკრაინის რადის ჯილდო გადაეცა.
ზურაბ ჯიბუტი ამბობს, რომ არაფერს ნანობს. პირველივე დღიდან, როცა კი სამხედრო სამსახურში წასვლა გადაწყვიტა, გააზრებული ჰქონდა, რომ შესაძლოა, მსგავსი რეალობის წინაშე აღმოჩენილიყო:
„უკრაინაშიც რომ წამოვედი, ცხადია, ვიცოდი, რომ ერთ დღესაც, შეიძლებოდა ან ჭრილობა მიმეღო, ან მოვმკვდარიყავი. ეს ომია. საკმაოდ მძიმე თვეები გადავიტანე. ორი თვის განმავლობაში გადახვევები ნარკოზის ქვეშ მიკეთდებოდა. დაახლოებით 40 ნარკოზი მაქვს გაკეთებული. გაუსაძლისი ტკივილი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკის პატრონი გამოვდექი.
ყველაფრისთვის მზად ვიყავი. სანამ ეს ამბავი დამემართებოდა, ბოლო რამდენიმე თვეში, ჩემი რვა თანამებრძოლი დაიღუპა. როცა ამას ხედავ, რა თქმა უნდა, აცნობიერებ, რომ ერთ დღეს შეიძლება შენც გაქრე. ამ ფონზე, ჩემი ფეხების დაკარგვა უკვე აღარაფერია. ახლა დამოუკიდებლად გადავადგილდები, ახლა უკვე შემიძლია ერთი ყავარჯნით ვიარო“.
პროთეზირება დასრულებულია. თვის ბოლოს ლვოვში ჩასვლას გეგმავს. იმედი აქვს, რომ ამჯერად გაუმჯობესებული ტიპის პროთეზის მორგებას შეძლებს.
ქართველი მებრძოლი აპირებს, რომ კვლავ დაუბრუნდეს სამხედრო საქმიანობას:
„ამ ეტაპზე, შემიძლია შტაბში დავსაქმდე და იმედია, ცოტა ხანში დავბრუნდები კიდეც. ჯერ ომი არ დასრულებულა და რითიც შემიძლია, ისე მინდა, დავეხმარო უკრაინელებს.
რუსული იმპერია აუცილებლად უნდა დასრულდეს. მე მჯერა, რომ საქართველოს თავისუფლების გასაღები უკრაინაშია. თუ უკრაინაში დაიჩოქებს რუსეთი, ჩვენ გვექნება შანსი, რომ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ვნახოთ. ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ სხვის ომში ვართ. ჩვენ არ ვართ სხვის ომში. ეს არის ჩვენი ომი, უბრალოდ სხვა ტერიტორიაზე. აქ იმიტომ ვიბრძვით, რომ საქართველოში არ განმეორდეს ბუჩა, ირპენი, გოსტომელი, ის ტრაგედია, რაც ჩვენ უკრაინაში ვნახეთ“, - ამბობს ზურაბ ჯიბუტი.
„აგენტების კანონი“ მხოლოდ არასამთავრობოებისთვის და მედიისთვის არ იქნება პრობლემა, ის ბევრ ხალხს შეეხება“
ზურაბ ჯიბუტი საქართველოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ გეგმავს. თუმცა, ამბობს, რომ აინტერესებს რა ხდება სამშობლოში. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, როდესაც „ქართული ოცნება“ ე.წ. აგენტების („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) კანონპროექტის მიღებას გეგმავს და ეს გადაწყვეტილება დიდ ვნებათაღელვას იწვევს:
„მოსახლეობის ნაწილი შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ეს კანონი მათ არ შეეხებათ, რომ ეს კანონი პრობლემა იქნება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიებისთვის, მაგრამ არა, რეალურად, ეს კანონი შეეხება ძალიან ბევრ ადამიანს. ხელისუფლებებს ავიწყდებათ, რომ როდესაც ხალხთან ურთიერთობებს კარგავენ, მათი ჩემოდნების ჩალაგების დროც აღარ არის შორს“.
პროფესიონალი ქართველი სამხედროები და მათთან ერთად მოხალისეები, უკრაინაში სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, მათ შორის, ფრონტის წინა ხაზზე.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკრაინაში რამდენიმე ათეული ქართველი მებრძოლია დაჭრილი და დაშავებული.
მათ შორისაა კოკა მურაჩაშვილი, 32 წლის ქართველი მებრძოლი, პროფესიონალი სამხედრო, რომელმაც მარჯვენა ფეხი 30 მარტს, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას მიღებული ჭრილობების შემდეგ დაკარგა. ამჟამად ის უკრაინაში გადის რეაბილიტაციის კურსს, თუმცა, უახლოეს პერიოდში, რეაბილიტაციის დასასრულებლად პოლონეთში გადავა.
პირველ აპრილს კოკა მურაჩაშვილს უკრაინის ეროვნული ჯილდო, ორდენი გადაეცა „ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის“.
ასევე ნახეთ „კამიკაძე დრონმა ამაფეთქა“ - როგორ იბრძოდა და დაიჭრა ბახმუტთან ქართველი მეთაური კოკამძიმედაა დაშავებული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი. ის უკრაინის ინტერნაციონალურ ბატალიონში იბრძოდა. 2023 წლის 10 მაისს საარტილერიო შეტევისას დაიჭრა. დაზიანება კი იმდენად მძიმე იყო, რომ დღესდღეობით ის პარალიზებულია - ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, დაუქვეითდა მხედველობა.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარ ოპერაციებს 62 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.