ზუგდიდში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი გაიფიცა. ისინი აპროტესტებენ მცირე ავტოსადგურების მომრავლებას ქალაქში და ამბობენ, რომ პროცესი კანონის ფარგლებში არ კონტროლდება.
Your browser doesn’t support HTML5
თუ არ დაგვაკმაყოფილებენ, არ მოაწესრიგებენ აქაურობას, ჩვენ დავდგებით, ამ კოლონას დაემატება კიდევ სამჯერ მეტი, წავალთ თბილისში და გავაგრძელებთ იქ...
ზუგდიდის რკინიგზის სადგურში შეკრებილთა თქმით, დღეს დილიდან მხოლოდ ორი მიკროავტობუსი გაემგზავრა ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით, თავად კი მუშაობის გაგრძელებას დროებით არ აპირებენ. მძღოლები ხელისუფლებისგან მოითხოვენ გაკონტროლდეს სატრანსპორტო ბიზნესი, რადგან ქალაქში რამდენიმე არალიცენზირებული მიკროავტოსადგური ფუნქციონირებს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, კალისტრატე ეხვაია, ფიქრობს, რომ შესაბამისი სამსახურები კონტროლს შეგნებულად არ ატარებენ, რადგან, შესაძლოა, აქ მერიის ინტერესებიც იკვეთებოდეს:
„ჩვენი დახურვა უნდათ ვიღაც ვიღაცების გამო. სახელები და გვარები მე არ მაინტერესებს, თვითონ მიხვდებიან, თუ დაინტერესდებიან. შეგნებულად არ მინდა ვიღაცის მეტოქე ან მეურვე ვიყო. მინდა სამუშაო ადგილი შევინარჩუნო“;
„თუ არ დაგვაკმაყოფილებენ, არ მოაწესრიგებენ აქაურობას, ჩვენ დავდგებით, ამ კოლონას დაემატება კიდევ სამჯერ მეტი, წავალთ თბილისში და გავაგრძელებთ იქ“, - აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მურმან ჩალაძე.
ვეცდებით, რომ მათ სამართლებრივად გავუწიოთ დახმარება და ყველა ეს პროცესი გადავიყვანოთ სამართლებრივ ჩარჩოებში...ინგა გვასალია
გაფიცულებისავე განმარტებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ფეხით მსვლელობას თბილისში მოაწყობენ.
გაფიცულებს დღეს პროფკავშირების ფოთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელი შეხვდა. ინგა გვასალიას შეკრებილებმა თავიანთი პრეტენზიები და მოთხოვნები გააცნეს და პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. პროფკავშირის წარმომადგენლის განმარტებით, ისინი შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს - როგორც შეკრებილთა მოთხოვნებს, ისე აქვთ თუ არა ლიცენზია ქალაქის მასშტაბით მოქმედ პატარა სადგურებს.
„ვეცდებით, რომ მათ სამართლებრივად გავუწიოთ დახმარება და ყველა ეს პროცესი გადავიყვანოთ სამართლებრივ ჩარჩოებში“, - განაცხადა ინგა გვასალიამ.
თავის მხრივ, მძღოლები აპირებენ პროფკავშირებთან ერთად შეიმუშაონ წერილი, სადაც მოთხოვნებს ასახავენ და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს გადაუგზავნიან. ამბობენ, რომ სადგური არ დაიხურება და მიკროავტობუსები მოქალაქეებს მორიგეობით მოემსახურებიან. ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, რომ საქმე კერძო ბიზნესს ეხება და ამიტომაც ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.