ზუგდიდის ყოფილმა მერმა ფეისბუკზე ექვსი დღის წინ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების მიზეზები დღეს განმარტა. ლაშა გოგიას თქმით, პოსტიდან წავიდა, რათა არავის ჰქონდეს მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნით გამოძიებაზე რაიმე სახის ზეგავლენას მოახდენს. ირწმუნება, რომ უდანაშაულოა და მიზანმიმართული „პროვოკაციის მსხვერპლი“ გახდა. მან ფაბრიკაცია უწოდა “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ისმის რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის ზურაბ კვირკვიასა და ლაშა გოგიას ხმები. ისინი კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ.
Your browser doesn’t support HTML5
„ამ პროვოკაციის გაჟღერების დროს ჩეხეთში ვიყავი სამსახურებრივი მივლინებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ორშაბათს დამიბარეს, მაგრამ ჩამოსვლისთანავე ჩემივე მოთხოვნით მივედი სუსში. ამ საქმესთან რაიმე სახის მცირე კავშირიც რომ მქონოდა და დამნაშავედ თავს ვგრძნობდე, შემეძლო დავრჩენილიყავი უცხოეთში, თუმცა, ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ საგამოძიებო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისთვის. მე აღმოვჩნდი პროვოკაციის მსხვერპლი და ამას დავამტკიცებ", - განაცხადა ლაშა გოგიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ეს გამოძიება გადააქციეს რაღაც ფიქციად. ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი პირი უჩანს. დაკავებულია საქმეზე ბიზნესმენის დაცვის უფროსი. როდის იყო, რომ მეწარმე ქრთამს აძლევდა დაცვის უფროსს?..მურთაზ ზოდელავა
მისივე ინფორმაციით, რჩება ზუგდიდში პარტია „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ, სადაც მიმდინარე წლის 24 აპრილს აირჩიეს.
„’ქართული ოცნების’ დაარსების დღიდან ვიყავი მისი პრინციპებისა და იდეების ერთგული მებრძოლი. აქვე ვაცხადებ, ვრჩები საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ და პარტიული სტრუქტურის გასაძლიერებლად მეტი დრო მექნება“, - განაცხადა ლაშა გოგიამ. მას ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია.
ლაშა გოგიას განცხადებას წინ უძღოდა ზუგდიდის მერიის შენობაში აქცია, რომელიც „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" წევრებმა და მხარდამჭერებმა გამართეს. ისინი მერის საქმიანობის ობიექტურ გამოძიებას და ყველა დამნაშავე პირის დასჯას ითხოვდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ მერის კაბინეტის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ რეალურად შენობაში საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა:
„არც კაბინეტია გაჩხრეკილი, არც დალუქული, არც არავინ არის დაკითხული ან გამოკითხული იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს შეხვედრა. შეუძლებელია აქ მინიმუმ 50 საჯარო მოხელეს არ გაეგონა ის ფრაზები, რაც ისმოდა მერის კაბინეტიდან. ეს გამოძიება გადააქციეს რაღაც ფიქციად. ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი პირი უჩანს. დაკავებულია საქმეზე ბიზნესმენის დაცვის უფროსი. როდის იყო, რომ მეწარმე ქრთამს აძლევდა დაცვის უფროსს?“ - კითხულობს მურთაზ ზოდელავა.
აქციის მონაწილეებმა მერია მალევე დატოვეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისავე განცხადებით, ისინი აქტიურად დააკვირდებიან გამოძიების მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში ისევ შეიკრიბებიან. გამოძიების ფარგლებში კი, რომელიც ყოფილი მერის წინააღმდეგ ქრთამის შესაძლო აღების ფაქტზე დაიწყო, ერთი პირი, ზაზა ხასაია, დააკავეს. ის, სავარაუდოდ, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსია. სუსში გამოიკითხა რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირი, მათ შორის ყოფილი გუბერნატორი, გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსი, ყოფილი მერი და ვიცე-მერი.
ასევე ნახეთ ზუგდიდის მერმა თანამდებობა განმარტებების გარეშე დატოვასუსის ზუგდიდის შენობაში გამოკითხული გუბერნატორის ყოფილი მოადგილის დათო კოდუას განცხადებით, საუბარი არ შეხებია მედიით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს:
„კითხვები ეხებოდა ჩემი გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩემს უფლება-მოვალეობებს, თუ რას ვსაქმიანობდი იმ პერიოდში. სხვა თემასთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა".
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას რიგგარეშე არჩევნებამდე მაიზერ ნანავა შეასრულებს.