თინა ბოკუჩავას ბოდიში მოუხადეს

თინა ბოკუჩავა, თაზო ფაცაცია

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაცია ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა ბოკუჩავას სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო ბოდიშს უხდის.

“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ჰქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას“, - ამ შინაარსის პოსტს იგი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

თაზო ფაცაციას ფეისბუკგვერდზე უკვე წაშლილია პოსტი, რომლის გამოც მას ბოდიშის მოხდა დასჭირდა.

ეს პოსტი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თაზო ფაცაციამ მას შემდეგ აიღო თავისი ფეისბუკგვერდიდან, რაც პოსტს მედიასა და საზოგადოებაში მკაცრი რეაქცია მოჰყვა. მათ შორის „ქალთა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, სექსისტური და სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო საკუთარი რიგებიდან გარიცხოს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია.

„შეცდომები ყველას მოსდის, ადამიანები ვართ ყველანი“, - გვითხრა „ქალთა მოძრაობის“ მოთხოვნის პასუხად თაზო ფაცაციამ. კითხვაზე კი რატომ გამოაქვეყნა სექსისტური და შეურაცხმყოფელი პოსტი, ასე გვიპასუხა:

„რატომ გამომივიდა შეურაცხმყოფელი? ამათ მასტერკლასი აქვთ გავლილი კაცის ნერვების მოშლის და შეურაცხყოფის. აქეთ მოიქცნენ შეურაცხმყოფელად და უღირსად. არ უნდა აჰყვე ასეთ ადამიანებს. მეც ადამიანი ვარ, ნერვები მაქვს და მეც მაქვს გარკვეული ჩემი გარემოებები.

რა თქმა უნდა, თმენის ვალდებულება მქონდა, ძალიან უხერხულად გამოვიდა და საზოგადოებამ გაიგო როგორც შეურაცხმყოფელი, მაგრამ შეურაცხმყოფელი ნამდვილად არ ყოფილა.

იუმორისტულ თემაში იყო გატარებული, თავიდან სმაილიც ჰქონდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას ახლა. გაიგეთ შეურაცხმყოფელად? მოვიხადე ბოდიში, მათ შორის ბოდიში მოვუხადე თინა ბოკუჩავას“, - გვითხრა თაზო ფაცაციამ.

ასევე ნახეთ ქალთა მოძრაობა: რულოვსის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია ავლენს სექსიზმის ნიშნებს