ზუგდიდის მუზეუმი სასამართლოში გამართლებული ყოფილი თანამშრომლის აღდგენაზე უარს ამბობს

ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ერთი წლის წინ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ დირექტორის წინააღმდეგ დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩაიბარა, ძველ სამსახურში დაბრუნდა, რათა ის დირექტორ ლილი ბერაიასთვის გადაეცა. ლილი ბერაიამ მანამდე არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ყოფილი თანამშრომლის აღდგენაზე ვერაფერს იტყოდა, რადგან სასამართლოსგან ოფიციალური წერილი ჯერ არ მიეღო. ელზა ზოდელავას დირექტორი ადგილზე არ დახვდა, მას მუზეუმის კანცელარიის უფროსი ნანა ხუბუა შეხვდა და სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა. მუზუმის ყოფილი თანამშრომელი დირექტორს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაცნობად დროს აძლევს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

Your browser doesn’t support HTML5

ზუგდიდის მუზეუმი სასამართლოში გამართლებული ყოფილი თანამშრომლის აღდგენაზე უარს ამბობს

ელზა ზოდელავა წლების მანძილზე მუზეუმის ექსკურსიამძღოლად მუშაობდა. დირექტორმა ის 2017 წლის 1 თებერვალს თანამდებობიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლა. ზოდელავას მტკიცებით, რეალურად სამსახურიდან გაშვების მიზეზი ლილი ბერაიასთან მისი დაპირისპირება გახდა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც კულტურის სამინისტროს დირექტორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ აცნობა.

ელზა ზოდელავა

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ელზა ზოდელავას მოთხოვნა, რასაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მუზეუმმა გაასაჩივრა, თუმცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მისი საჩივარი. მუზეუმს დაევალა ელზა ზოდელავას სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურებაც, თუმცა დირექტორი ამ დავალების შესრულებაზე უარს ამბობს. ლილი ბერაიას განცხადებით, მუზეუმს დღეს ზოდელავას დასაკმაყოფილებლად არც ვაკანსია აქვს და არც შესაბამისი ბიუჯეტი.

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის სავალდებულო და თუ ეს ნებაყოფლობით არ მოხდა, გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიმართავენ სააღსრულებლო ბიუროს.

მუზეუმის დირექტორის თქმით, მან რეორგანიზაცია კულტურის სამინისტროს მოთხოვნით ჩაატარა, რადგან შემცირდა მუზეუმის ბიუჯეტი, ამიტომ თანამშრომელს მხოლოდ მაშინ აღადგენს, როცა სამინისტრო დაფინანსებას გაზრდის და ახალ შტატს შექმნის.

ბიუჯეტში საჭირო თანხის უქონლობა ზუგდიდის მუზეუმს ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოშიც ჰქონდა მოყვანილი არგუმენტად, თუმცა, როგორც ზოდელავას უფლებადამცველი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი ლელა მოწონელიძე აცხადებს, სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. იურისტის სიტყვებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის სავალდებულო და თუ ეს ნებაყოფლობით არ მოხდა, გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიმართავენ სააღსრულებლო ბიუროს. ლელა მოწონელიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია და საჭიროების შემთხვევაში ჩართავენ შესაბამის უწყებებს.