ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს აგინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ზაზა ფარცვანია თბილისში 8 სექტემბერს გამართულ საპროტესტო აქციას „სირცხვილია“, რომლის მონაწილეებმა დეპუტატებს „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყვეს, გინებით გამოეხმაურა.

სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტი მოგვიანებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ წაშალა. როგორც ზაზა ფარცვანია აცხადებს, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, დღესაც იმავე აზრზე რჩება და საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს:

„რომ ვნანობ, იმიტომ კი არ წამიშლია. უბრალოდ, ბევრი ადამიანის გულისწყრომა გამოიწვია. რასაც ვფიქრობ, ის დავწერე ჩემს გვერდზე. რა უნდათ მანდ და რატომ იკრიბებიან, ის ვერ გავიგე“, - განაცხადა ზაზა ფარცვანიამ.

ის ადასტურებს, რომ აქციის მონაწილეებს განსხვავებული აზრის გამო აგინა, რადგან თვლის, რომ მათი მოთხოვნა გაურკვეველია.

„მეც ხომ მაქვს ჩემი განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლება?! ისინი საკუთარ აზრს გამოხატავენ, მე ჩემი გამოვხატე. რა ვქნათ ახლა? ჩემი უფლებები დაირღვეს და იმათი არა?“ - განმარტა მან.

შეკითხვაზე, თუ სად დაირღვა მისი უფლებები, თქვა, რომ „შევაწუხეთ“ ამ თემაზე შეკითხვებით.

თავის მხრივ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილის მიერ აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეების მისამართით გინებასა და უცენზურო სიტყვების გამოყენებას სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. 4 აქტივისტი ბიბლიოთეკის შენობასთან სასტვენებითა და პლაკატით მივიდა, რომელსაც ჰქონდა წარწერა: "ზაზა ფარცვანია ზუგდიდის სირცხვილია".

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მიშიკო ზალიკაშვილის, თქმით, ისინი არ ეთანხმებიან პარლამენტარ ემზარ კვიციანის საქციელს, როცა მან საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ აქტივისტებს შეურაცხყოფა მიაყენა, შეაგინა, ხელი დაარტყა, თუმცა ასევე მიუღებელია ზაზა ფარცვანიას ქმედებაც.

"ეს ზაზა ფარცვანია, რომელიც ამ შენობაში ზის და „აპრავებს“ ამ ყველაფერს და კომენტარს წერს, რომ ყველანი ესენი დედლები არიან და დასაჩინჩლები არიანო, ამას ვაპროტესტებთ ზუსტად. სირცხვილია ამათი საქციელი თავიდან ბოლომდე. მთელი საქოცეთი არის სირცხვილი, ქოცობა არის სირცხვილი", - განმარტა მან.

ფაქტზე რეაგირებას გეგმავს მერია. შიდა აუდიტის სამსახური ფაქტს იკვლევს და როგორც მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, სწორედ მას შემდეგ დადგინდება, თუ რა სახის სანქცია უნდა დაეკისროს შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის ზაზა ფარცვანიას.


თავად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია შვებულებაშია და აღნიშნა, რომ მოადგილის პოსტი არც უნახავს. ის არ იზიარებს ადამიანების შეურაცხყოფას განსხვავებული აზრის გამო და ამბობს, რომ არ აპირებს „ვინმეს ხელი გადააფაროს“.

თავის მხრივ, ფაქტზე რეაგირების მოხდენას გეგმავს მერია. შიდა აუდიტის სამსახური ფაქტს იკვლევს და როგორც მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, სწორედ მას შემდეგ დადგინდება, თუ რა სახის სანქცია უნდა დაეკისროს შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის ზაზა ფარცვანიას.

ფარცვანია კი არ თვლის, რომ პასუხი უნდა აგოს ფეისბუკ პოსტისთვის, სადაც მან თბილისში მიმდინარე აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს აგინა, თუმცა ამბობს, რომ მზად არის ასეთი გადაწყვეტილებისთვისაც.

აქცია „სირცხვილია“-ს მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებენ, მანამდე მის შს მინისტრობიდან გადადგომას ითხოვდნენ, რადგან 20-21 ივნისის ღამეს აქციის დაშლისას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.