ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღესაც არსებობს საბჭოთა სახელწოდების მატარებელი ქუჩები და სოფლები. მათ შორის, ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, იოსებ სტალინის, მისი უახლოესი თანამოაზრის, ლავრენტი ბერიასა, და საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორის, ივანე ვნუკოვის, ქუჩები. არის, ასევე, სოფელი კიროვი, რომელიც ამ სახელს კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნის, სერგეი კიროვის, პატივსაცემად ატარებს, და სოფელი ოქტომბერი, რომელსაც სახელი 1917 წლის ე.წ. ოქტომბრის რევულუციასთან დაკავშირებით ეწოდა.
Your browser doesn’t support HTML5
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, რომელმაც მსგავსი სახელწოდების მატარებელი ქუჩებისა და სოფლების შესწავლის შემდეგ საკრებულოს მოუწოდა დაიწყოს მუშაობა მათ შეცვლაზე, კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წარადგინა.
ის, რომ გიგა ოთხოზორიას სახელი დავარქვათ აღნიშნულ ქუჩას, არის ერთგვარი გამოძახილი, შინაგანი უკომპრომისობის და უკმაყოფილების გამოძახილი, რომ ჩვენ ღიად ვთქვათ: არ გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები...დათო ლოგუა
პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მან ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართა წინადადებით, ლავრენტი ბერიას ქუჩას გადაერქვას სახელი და 2016 წელს აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭოს. როგორც ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, ბერიას ქუჩა შეირჩა იმის გამო, რომ აქ წლების განმავლობაში ცხოვრობდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული გიგა ოთხოზორიას ოჯახი. ორგანიზაციამ ინიციატივა დაღუპულის ოჯახს გააცნო და დადებითი პასუხის შემდეგ საკრებულოს მიმართა:
„სიმბოლური იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ლავრენტი ბერია წარმოადგენს საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს. ჩვენი ქვეყანა 70 წელი ებრძოდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს და სწორედ რუსული ოკუპაციის მსხვერპლია გიგა ოთხოზორია. ძალიან სიმბოლური ნაბიჯი იქნებოდა ეს ნაბიჯი ზუგდიდის საკრებულოს მხრიდან“, - ამბობს არჩილ თოდუა. ის ფიქრობს, რომ საბჭოთა წარსულის სწორი გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა რუსეთს საქართველოს 20 % აქვს ოკუპირებული.
ორგანიზაციის ინიციატივა მწვავე დისკუსიის საგანი გახდა სოციალურ ქსელში. მოქალაქეთა დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არაერთგვაროვანია, ისევე როგორც რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული რესპონდენტებისა. თავად ბერიას ქუჩაზე მცხოვრებთა დიდი ნაწილის აზრით, ის, ვის სახელსაც მათი ქუჩა ატარებს, მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, რომელმაც საბჭოთა პერიოდში საქართველოს სასარგებლოდ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო. ლავრენტი ბერიას ქუჩა მანამდე საბჭოთა კოსმონავტის, იური გაგარინის, სახელს ატარებდა. ადგილობრივი მცხოვრები ბესიკ ჯგუშია ამბობს, რომ თუკი რაიმე სახის ცვლილებაზე იქნება საუბარი, ერთადერთი დათმობა, რაზეც წასვლა მას შესაძლებლად მიაჩნია, ქუჩისთვის იური გაგარინის სახელის დაბრუნებაა:
„ის რუსი კი არ იყო, მსოფლიოში პირველი კოსმონავტი იყო. ან თუ არა, მაშინ დატოვონ ბერიას სახელი“;
„მირჩევნია დარჩეს და არ გადაერქვას“;
„მეორე მსოფლიო ომის აღმოჩენა იყო ლავრენტი ბერია“, - ამბობენ ლავრენტი ბერიას ქუჩის მცხოვრებლები.
არიან მოქალაქეები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ. მაგალითად, ზუგდიდელი დათო ლოგუა ამბობს, რომ საბჭოთა რეპრესიების პერიოდში ქართველების ინტელექტუალური ნაწილის დახვრეტა პირდაპირ უკავშირდება ლავრენტი ბერიას სახელს. შესაბამისად, მისი აზრით, ზუგდიდში არ უნდა არსებობდეს მისი და, ზოგადად, სხვა საბჭოთა ჩინოვნიკების სახელობის ქუჩები.
„ის, რომ გიგა ოთხოზორიას სახელი დავარქვათ აღნიშნულ ქუჩას, არის ერთგვარი გამოძახილი, შინაგანი უკომპრომისობის და უკმაყოფილების გამოძახილი, რომ ჩვენ ღიად ვთქვათ: არ გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები“, - ამბობს დათო ლოგუა.
მის პოზიციას იზიარებს სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია.ის ამბობს,ბაბუებისა და მამების თაობისგან, მათგან, ვინც საბჭოთა დროს გაიზარდა და ცხოვრობდა, არ მიკვირს წარსულის გავლენაო. მას გული დასწყვიტა იმ ახალგაზრდების პოზიციამ, რომლებიც სოციალურ ქსელებში საკმაოდ აგრესიული ფორმით გამოხატავენ პოზიტიურ დამოკიდებულებას საბჭოთა რეპრესიების მონაწილეების მიმართ:
„ეს ადამიანი ოკუპანტის ტყვიამ იმსხვერპლა და სიმბოლურად შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ თუ არა გიგა ოთხოზორია, შეიძლება უამრავი სხვა გმირის სახელი ეწოდოს. ბერიას, სტალინის სახელობის ქუჩები არ უნდა გვქონდეს ზუგდიდში“, - ამბობს როსტომ ზარანდია.
ჩვენი კომისია, მას შემდეგ, რაც განიხილავს საკითხს, იგზავნება თბილისში, სპეციალურ სახელმწიფო კომისიაში და შემდეგ იქედან მოდის გადაწყვეტილება, გავიდეს თუ არა ესა თუ ის საკითხი საკრებულოს სხდომაზე...ირაკლი ლაგვილავა
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სახელწოდების მატარებელი ქუჩებისთვის სახელების შეცვლის პოზიციას იზიარებს, საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მოქალაქეთა უმრავლესობის პოზიციის გათვალისწინებით იქნება მიღებული:
„ჩვენი კომისია, მას შემდეგ, რაც განიხილავს საკითხს, იგზავნება თბილისში, სპეციალურ სახელმწიფო კომისიაში და შემდეგ იქედან მოდის გადაწყვეტილება, გავიდეს თუ არა ესა თუ ის საკითხი საკრებულოს სხდომაზე. თუნდაც რომ არა ეს, არავის არ აქვს უფლება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ ქუჩას და რომელ გეოგრაფიულ ობიექტს რა სახელი ერქვას“.
საკრებულოს კომისია ბერიას ქუჩის მცხოვრებლებთან ამ საკითხზე შეხვედრას მომდევნო კვირაში აპირებს.