„გუშინ ეს მექანიზმი დაზარალდა, რადგან შეშინებულმა პრეზიდენტმა უცბად გამოაცხადა, რომ ის საერთოდ არ გამოიყენებს შეწყალების მექანიზმს და მორატორიუმს აცხადებს"

ზვიად ქორიძე, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა შეწყალების მექანიზმის გამართვა და მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფა. მას სრულიად უადგილოდ და გაუმართლებლად მიაჩნია პარლამენტის მიერ შეწყალების მექანიზმის რაიმე სახით რეგლამენტირება, რა თხოვნითაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა კანონმდებლებს, როცა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, რითაც, ზვიად ქორიძის თქმით დაზარალდა შეწყალების მექანიზმი:

„გუშინ ეს მექანიზმი დაზარალდა, რადგან შეშინებულმა პრეზიდენტმა უცბად გამოაცხადა, რომ ის საერთოდ არ გამოიყენებს შეწყალების მექანიზმს და რომ მორატორიუმს აცხადებს, ვიდრე პარლამენტში არ შეთანხმდებიან რაღაც მარეგულირებელ ნორმებზე. და საერთოდ, ვინ ეკითხება პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას ან სხვა რომელიმე შტოს ხელისუფლების პრეზიდენტის ამ უფლების განსაზღვრას, ეს არის კიდევ სხვა თემა!“.

დღემდე მოქმედია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ხელმოწერილი 2014 წლის ბრძანებულება „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს მექანიზმის მუშაობას და რომელსაც წინ უსწრებდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის შედარებით მცირე მოცულობის ბრძანებულება „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“.

ზვიად ქორიძე თვლის, რომ შეწყალებაზე კონსტიტუციური ჩანაწერიარის სრულიად საკმარისი და მას მეტი რეგულაცია არ სჭირდება:

„შეწყალების მექანიზმს არეგულირებს ერთადერთი ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტი „იწყალებს მსჯავრდებულებს“ და ეს არის სავსებით საკმარისი ჩანაწერი“.

შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვის უფლება აქვს ყველა სახის დანაშაულში მსჯავრდებულს. ზვიად ქორიძე უმნიშვნელოვანესად თვლის შეწყალების მექანიზმის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას:

„იმისათვის, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ იყოს ვოლუნტარისტული და შუასაუკუნეების მონარქების გადაწყვეტილებების მსგავსი, თავად პრეზიდენტმა უნდა მოიფიქროს ისეთი მექანიზმი, რომლითაც იგი თვითონ იქნება დაცული.

შეიძლება ის სქემა, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოიფიქრა, უნივერსალური არ იყო, მაგრამ ის იყო რამდენიმესაფეხურიანი ფილტრი, რომელიც, მე ვთვლი, მას ძალიან ეხმარებოდა. იმ ადამიანების საქმეები რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ვადის კრიტერიუმებს, კომისიის არსებით განხილვაზე ავტომატურად არ გამოდიოდა. ვინც აკმაყოფილებდა ვადის კრიტერიუმებს, კომისია ყველას იხილავდა და იქიდან არჩევდა ადამიანებს, რომელთა შეწყალების დადებით რეკომენდაციას სთავაზობდა პრეზიდენტს და ამის შემდეგ ვისაც უარს ეუბნებოდა, მას პრეზიდენტი არც იხილავდა. ვისაც დადებითი რეკომენდაცია ჰქონდა კომისიის, პრეზიდენტი მათ სიასაც დამატებით იხილავდა და მათ ნაწილს უარს ეუბნებოდა, რადგან კომისიის დადებითი რეკომენდაცია ავტომატურად არ ნიშნავდა, რომ პრეზიდენტი მსჯავრდებულს შეიწყალებდა“.

კომისიის არარსებობის პირობებში გამოცემული შეწყალების ბოლო აქტის შედეგის გამო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ მწვავე კითხვები გაჩნდა, რომლებსაც პასუხი არ გასცემია:

„ერთ-ერთი ყველაზე ლეგიტიმური კითხვა რაც გაჩნდა, იყო ის - იყო თუ არა აქ რაიმე ანგარების მომენტი და რა თქმა უნდა, ეს არის ის კითხვა, რომელმაც გააჩინა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. თუ არის ანგარებითი მომენტი, ამას ძალიან სერიოზული გამოძიება სჭირდება, რადგან ეს შეიძლება აღმოჩნდეს საფუძველი იმპიჩმენტის პროცესისა“.

რა უნდა გააკეთოს ამ ვითარებაში პრეზიდენტმა?

„მოხდა ავარიული ვითარება, როცა საზოგადოება მას სთხოვს პასუხს - გაგვარკვიე ამ 23-კაციან სიაში როგორ აღმოჩნდა 3 ადამიანი ასეთ მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებული. ამ კითხვაზე პასუხს ითხოვს საზოგადოება. პრეზიდენტმა უნდა უპასუხოს.

პრეზიდენტმა ის მაინც უნდა თქვას, ვისთან ითათბირა, როცა იღებდა ამ გადაწყვეტილებას.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი განცხადება შედის, რადგან საპატიმრო დაწესებულებებიდან მსჯავრდებულები პერმანენტულად წერენ შეწყალების თხოვნას. არა მგონია, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ განცხადებებს კითხულობდეს და მათ საქმეებს ეცნობოდეს. ამას ფიზიკურადაც ვერ შეძლებს ერთი ადამიანი, მაგრამ ის, რომ ვიღაცასთან მან შეიძლება ითათბირა, ესეც უკვე ინფორმაციაა საზოგადოებისთვის, რომ არ გაჩნდეს კითხვები, რომლებიც უფრო და უფრო იკრებს ძალას საზოგადოებაში - ხომ არ არის აქ რაიმე ანგარებითი მომენტი“.

ზვიად ქორიძე სრულიად მიუღებლად თვლის შეწყალების საკითხში პარლამენტის რაიმე სახით მონაწილეობას:

„კანონის მიღება, ჯერ ერთი, იქნება სამართლებრივი ნონსენსი - რომ შეწყალების მექანიზმზე, რომელიც არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რაღაც ნორმები დაადგინოს პარლამენტმა - ვინ შეიძლება შეიწყალოს პრეზიდენტმა და ვინ არა. სისხლის სამართლის კოდექსი ამბობს, რომ ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელიც მიიღებს სასამართლო განაჩენს, აქვს უფლება მიმართოს პრეზიდენტს შეწყალებისთვის. ამას მოსამართლე უწერს კიდეც განაჩენში ყველა მსჯავრდებულს.

მეორე - როგორ შევარჩიოთ ის გარკვეული ნორმები, რომლის გამოც, მაგალითად, შეიძლება შეწყალების კომისიამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანის მიმართ გამოიჩინოს ჰუმანური მიდგომა და შესთავაზოს პრეზიდენტს შეწყალება. არის საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო ჩარჩოში ვერ ჩაჯდება“.

ზვიად ქორიძეს მაგალითად მოჰყავს შემთხვევა, როცა შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირს, რომელიც მოგვიანებით იქცა წამების მსხვერპლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოწმის სტატუსითაც წარდგა სასამართლოს წინაშე.

დღევანდელ ვითარებაში, როცა ფურცელზე არსებული შეწყალების კომისია ფაქტობრივად არ არსებობს, როცა პრეზიდენტი თავის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე დაუზუსტებელი ვადით მორატორიუმს აცხადებს და პარლამენტისგან ელოდება წესების დადგენას, იქმნება კიდევ უფრო რთული ვითარება იმ თვალსაზრისითაც, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს:

„გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები არის პრეზიდენტი. მან უნდა მოიფიქროს ეს მექანიზმი. უნდა მოიფიქროს ის ფილტრი, რომელიც, კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ მას არ დაიცავს. დაიცავს საზოგადოებას და დაიცავს მსჯავრდებულებსაც, რადგან განცხადებები, რომლებიც შემოდის, აუცილებლად უნდა განიხილოს პრეზიდენტმა. იმ მსჯავრდებულმა, რომელიც ითხოვს შეწყალებას, რა თქმა უნდა, შეიძლება მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს პრეზიდენტმა, უნდა მიიღოს პასუხი. მან უნდა იცოდეს, რომ მისი განცხადება რაღაც ეტაპზე, რაღაც დონეზე საპრეზიდენტო სტრუქტურაში განიხილეს.

ეს პრეზიდენტმა უნდა გამართოს. ამიტომ, ფუჭად დაკარგული დრო იქნება ის კონსულტაციები, რომელსაც ახლა გამართავენ პარლამენტში“.

Your browser doesn’t support HTML5

ზვიად ქორიძე შეწყალების მექანიზმსა და პრეზიდენტის პოზიციაზე