ზვიად გამსახურდიას საქმის საგამოძიებო ჯგუფს საქართველოს მთავარი პროკურორი თავად უხელმძღვანელებს. ამ შედეგით დასრულდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის ცოტნე გამსახურდიას შეხვედრა მთავარ პროკურორთან შალვა თადუმაძესთან. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ცოტნე გამსახურდიამ შიმშილობის აქცია შეწყვიტა,ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება კი, სავარაუდოდ, უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა.
შიმშილობის აქცია - ბოლო, მე-13 დღის შედეგები
საქართველოს მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ ზვიად გამსახურდიას ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა, რომ მისთვის საკმარისია გარანტია იმისა, რომ მთავარი პროკურორი თავად იღებს პასუხისმგებლობას საქმის გამოძიების ხელმძღვანელობაზე.
„მთავარ პროკურორს გავაცანი საქმეში არსებული ვითარება. გავაცანი ის ხარვეზები თუ შეგნებულად გაფუჭებული საქმე, რასაც აქვს ადგილი ამ შემთხვევაში. შემდეგ გადავედით გარკვეულ რეკომენდაციებზე, ჩვენს მოთხოვნებზე, რომ შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ქართველი და უცხოელი გამომძიებლებისა და ექსპერტებისგან და ამ ჯგუფს სათავეში ჩაუდგეს ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი. მთავარმა პროკურორმა, შეიძლება ითქვას, გაიზიარა ჩვენი მოსაზრებები როგორც საქმეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ისე სამომავლოდ. მიიღო ეს შემოთავაზება ერთი კორექტირებით, რომ ამ ჯგუფს ის პირადად უხელმძღვანელებს.“-აღნიშნა ცოტნე გამსახურდიამ, რომელიც შალვა თადუმაძესთან შეხვედრაზე მარტო, კონსტანტინე გამსახურდიას გარეშე იმყოფებოდა. კონსტანტინე გამსახურდია შიმშილობის მე-11 დღეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ძმებმა გამსახურდიებმა შიმშილობის აქცია პროკურატურის მისაღებში 14 დეკემბერს დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა იყო ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გამოძიების საქმეზე ხანდაზმულობის ვადის მოხსნა. ძმებ გამსახურდიების მოთხოვნებს შორის იყო ასევე საქმეზე სპეციალური პროკურორის დანიშვნა და საქმის დროული გამოძიება. კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების შიმშილობის აქციის დასრულებისთვის მთავარი მიზნები, შეიძლება ითქვას, მიღწეულია-ამ მხრივ შესაბამისი საკანონმდებლო საქმიანობა აქტიურად წარიმართა პარლამენტშიც.
პარლამენტი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ხანდაზმულობა იზრდება
საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე განიხილავს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივების საკითხს. სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ცვლილებების თანახმად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა, ნაცვლად ოცდახუთი წლისა, ოცდაათი წლით განისაზღვრება. პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას გეგმავს, რაც უშუალოდ უკავშირდება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეს. ამ საქმის ხანდაზმულობის ვადა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 31 დეკემბერს იწურება. საქართველოს პარლამენტმა შესაბამისად, გაითვალისწინა რა ზვიად გამსახურდიას გამსახურდიას ოჯახისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თხოვნა ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსში კვირის ბოლომდე განახორციელებს.
„ძალიან მნიშვნლოვანია ჩვენთვის ყველა რეზონანსული საქმის გამოძიება, საბოლოო პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც 90-იანი წლებიდან დღემდე ღიადააა დატოვებული. თუნდაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებით. აინტერესებს ცხადია პასუხები ოჯახს, აინტერესებს პასუხი სრულიად საქართველოს,“ - განაცხადა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
ასევე ნახეთ ზვიად გამსახურდიას საქმე - ბოლო შანსი სიმართლის დასადგენადსახალხო დამცველი - სახეზეა არასრულყოფილი გამოძიება
რატომ არ განხორციელდა თავის დროზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები? უშლიდა თუ არა ვინმე მართლმსაჯულების განხორციელებას განზრახ ხელს? - ამ კითხვებს, თავის მხრივ, სვამს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და შესაბამისად ფიქრობს, რომ დღეს ამის დადგენა უფრო შესაძლებელი და რეალისტურია, ვიდრე მტკიცებულებების არარსებობის პირობებში უშუალოდ ფაქტის გამოძიება. სწორედ ამ მიმართულებით სახალხო დამცველი მზადაა ჩაერთოს იმ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რომლის შექმნასაც კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ითხოვენ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის 16-ტომიანი საქმე, მათ შორის, საპარლამენტო კომისიის დასკვნა, 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების მიმართვის საფუძველზე შეისწავლა. საქმის მასალებიდან სახალხო დამცველისთვის ნათელი გახდა, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა, არსებითი და მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება, შესაძლო დანაშაულში მონაწილე პირების, მათ შორის შესაძლო ორგანიზატორების, შემსრულებლებისა და დამხმარეთა იდენტიცირება და პასუხისგებაში მიცემა. შესაბამისად, სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეზე, სახეზეა ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.კერძოდ, გამსახურდიას ცხედარზე საქართველოს მხარეს არ ჩაუტარებია ექსპერტიზა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის უტყუარად გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობა, ხელზე დენთის წვისა და სხვა სროლის პროდუქტების არსებობა, რომელსაც უნდა დაედასტურებინა ან გამოერიცხა თვითმკვლელობის ვერსია.
„საქმეში არსებული მასალით, როდესაც მოხდა პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებიდან ძალიან მალე შეთანხმება გროზნოსთან რომ გადასვენებულიყო პირველი პრეზიდენტი, შეთანხმება მოხდა იმ პირობით, რომ გვამზე არ უნდა განხორციელებულიყო ექსპერტიზა და საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ეს იყო გარდაცვლილის ქვრივის სურვილი. ასევე ექსპერტიზა არ ჩაუტარდა პირველ პრეზიდენტს საქართველოში გადმოსვენების დროსაც და ამ შემთხვევაშიც საქმის მასალებში იკვეთება, რომ ეს იყო გარდაცვლილის მეუღლის სურვილი. თუმცა ვფიქრობთ,რომ მნიშვნელოვანი იყო ამ ექსპერტიზების ჩატარება“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. საქმის მასალების მიხედვით, იგი აზუსტებს, რომ გამოძიებას არ აქვს დადგენილი, საქმეში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად არის თუ არა ის იარაღი, რომლითაც ზვიად გამსახურდიას მიმართ სროლა განხორციელდა.
სახალხო დამცველი სინანულს გამოთქვამს იმის გამოც, რომ საქმის მასალების მიხედვით არაფერი გაკეთებულა ასევე მტკიცებულებებისა და შემთხვევის ადგილის დასაცავად და არც შემთხვევის ადგილის დათვალიერება მომხდარა გონივრულ ვადებში. მისივე განმარტებით, დაგვიანებით ჩატარდა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დროს მასთან მყოფი პირების დაკითხვა, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, ბესარიონ გუგუშვილი კი დღემდე არ არის დაკითხული. ამ გარემოებების გათვალისწინებით სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება და განხილულ იქნეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც შესაძლოა ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში, თუმცა თვითმკვლელობის ვერსია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დღემდე ეჭვებს იწვევს. გამოძიება, რომელიც მომხდარიდან 25 წელია გრძელდება, თავიდან სისხლის სამართლის კოდექსში არარსებული კვალიფიკაციით დაიწყო, 2015 წელს კი მკვლელობად დაკვალიფიცირდა. 2009 წელს ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დადგენას ცდილობდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაც.