"ყველაფერს ერთად თუ არ გავაკეთებთ, არც ჟენევას, არც ცალკე რომელიმე ახალი ფორმატის გააქტიურებას პრინციპული მნიშვნელობა არ ექნება“

ზვიად აძინბაია, ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლის არარეზიდენტი მკვლევარი

„ჩვენი პრეზიდენტის გამოსვლა იყო ძალიან ზოგადი და ფარავდა, ერთი შეხედვით, ძალიან ბევრ საკითხს, მაგრამ კონცენტრირებული არ იყო ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ იყო კონცენტრირებული მკაფიო მესიჯების გაშვებაზე - თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემისთვის. შესაბამისად, არ იყო გზავნილები მკაფიოდ დალაგებული და გაჟღერებული“,

ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას ზვიად აძინბაია, ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლის არარეზიდენტი მკვლევარი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც ის ჟენევის ფორმატის ცვლილების საჭიროებაზე ლაპარაკობს, პოლიტოლოგი თვლის, რომ ეს დღეს არსებული ყველაზე ღირებული ფორმატია:

„იმ ყველა ფორმატიდან, რაც ჩვენს ხელშია (ჩვენს დიპლომატიას ბევრი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ 2008 წლის შემდეგ ჟენევის ფორმატი შეექმნა), ეს ყველაზე ღირებული ფორმატია, რაც ჯერჯერობით გვაქვს და თუ ის რამენაირად განახლდება, ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყრათ განახლების ნებისმიერ მცდელობას, რომ ბერკეტები არ დავკარგოთ და ამავდროულად ვინმეს ფაქტობრივად აღიარება არ მოგვიწიოს იმ თვალსაზრისით, რომ მხარეებად დავპატიჟოთ, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო წარმომადგენლები ჟენევის ფორმატზე“.

ზვიად აძინბაია თვლის, რომ ჟენევის და ნებისმიერი დიალოგის ფორმატი მხოლოდ ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს დეოკუპაციის საკითხისადმი მრავალმხრივი მიდგომისა, რომელსაც ის ვერ ხედავს და თვლის, რომ საქართველო დროს კარგავს:

„ეს ყველაფერი ვერ მოხდება კომპლექსური მიდგომის გარეშე. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცოცავი ანექსიის ან თუნდაც ახლადგაჟღერებული აფხაზეთის შეიარაღების გეგმის აქტუალიზაციით უნდა მივაღწიოთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაემატოს საქართველოს საკითხი.

ყველაფერს ერთად თუ არ გავაკეთებთ, არც ჟენევას, არც ცალკე რომელიმე ახალი ფორმატის გააქტიურებას პრინციპული მნიშვნელობა არ ექნება“.

პოლიტიკის მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დეოკუპაციის სტრატეგიის უქონლობის პირობებში რთულდება საგარეო ასპარეზზე წინსვლის მიღწევა.

„დეოკუპაციის სტრატეგია არა მხოლოდ ზოგად ფორმულირებებს უნდა შეიცავდეს, არამედ ის უნდა იყოს დროში გაწერილი, გათვლილი იმაზე - რა რისკებსა და ცვლილებებს უნდა გაუძლოს, როგორ უნდა მოხდეს პარტნიორების მობილიზაცია და ჩართვა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საერთაშორისო პოზიციონირებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, არის ყველას ანახოს, რომ საქართველო იზოლირებული შემთხვევა არ არის რუსეთთან დაკავშირებით და საქართველო არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის, ან ევროატლანტიკური ნაკლები უსაფრთხოების მთავარი ნაწილი, რომ ასევე ნახონ საკუთარი როლის გაზრდის მნიშვნელობა ამ საკითხში“.

ზვიად აძინბაია თვლის, რომ მტერთან ლაპარაკი შეიძლება ნებისმიერ საკითხზე, თუკი უზრუნველყოფილი იქნება ძირითადი ინტერესების დაცვა:

„არის ფუნდამენტური საკითხები, როგორებიცაა: სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი მოქალაქეების უფლებები ადგილზე, მათი უსაფრთხოება და ა.შ., რომლებიც უნდა იყოს გარანტირებული“.

„დილის საუბრების“ სტუმარი არსებითად თვლის საქართველოს საზოგადოების ერთიანობას ქვეყნის სტრატეგიული მიზნისა და უსაფრთხოების საკითხზე:

“ჩვენ პოლიტიკურად უნდა მოვწესრიგდეთ ადგილზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა მოვწესრიგდეთ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გახდეს საქართველოს საგარეო ურთიერთობები, ევროატლანტიკური კურსი, უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის, ყველაზე მეტად ანტაგონისტურად განწყობილი ხალხისთვის ერთიანობის სივრცე. თუ ეს არ მოხდება და ჩვენ ისევ ვილაპარაკებთ რუსეთი გვინდა თუ ნატო, ეს ფუნდამენტურად მცდარი დამოკიდებულებაა. ამას ემატება ჩვენი დემოკრატიის ხარისხი, ამას ემატება ჩვენში კანონის უზენაესობის საკითხი“.

Your browser doesn’t support HTML5

ზვიად აძინბაია ჟენევის ფორმატის შეცვლის საკითხზე