13 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ბრიუსელიდან ჩაერთო ზვიად აძინბაია, ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის მაგისტრი. მან ილაპარაკა ნატოს სამიტის შესახებ და თვლის, რომ ეს იყო ერთ-ერთი დინამიური და ერთგვარად არაკომფორტული სამიტი ალიანსის წევრებისთვის. ზვიად აძინბაიამ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე საკითხზე, რომელმაც ყველაზე მეტად მიიქცია მისი ყურადღება არა მხოლოდ უშუალოდ სამიტის ფორმატში, არამედ სამიტის პარალელურ ფორუმზე, რომელშიც ის თავადაც მონაწილეობდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მათ შორის არის ნატოს ღია კარის პოლიტიკის განხორციელების გაგრძელება და ამის დამადასტურებელი თვალსაჩინო ნაბიჯი - მაკედონიის გაწევრიანების მოლაპარაკებებზე მიწვევა. ამასთან, ზვიად აძინბაია ლაპარაკობს ნატოს თავდაცვითი უნარების, ეფექტიანობის გაზრდისთვის მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებზეც ბევრი წერია ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში. რაც შეეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს, ზვიად აძინბაია თვლის, რომ ქვეყნის ყველა უწყება 24 საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს მიზნის მისაღწევად. მისი აზრით, საქართველომ უნდა დაარწმუნოს თავისი მეგობრები, რომ MAP-ი ამოიღონ დღის წესრიგიდან და საქართველო ზედმეტი ინსტრუმენტების გარეშე გაწევრიანდეს ალიანსში.
Your browser doesn’t support HTML5