1-6 ივლისს თბილისის ტექნოპარკში ჩატარდება Leadx Change, რომელიც არის გლობალური ინიციატივა და განკუთვნილია სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ახალგაზრდებისთვის.
პროექტის მხარდამჭერები არიან: ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა, ჰარვარდის კენედის სკოლა, საქართველოს გაეროს ასოციაცია და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი. ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგება. პირველში - Leadx-ში მონაწილეობას მიიღებს 40 ახალგაზრდა, მეორეში - Simulex-ში კი 120 ადამიანი ჩაერთვება.
ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის არარეზიდენტი მკვლევარი, Leadx-ის დამფუძნებელი, ზვიად აძინბაია „დილის საუბრებში“ განმარტავს:
„Leadx Change არის პროგრამა ახალგაზრდებისთვის, რომელიც მათ უნდა დაეხმაროს ახალ კარიერულ საფეხურზე გადასვლაში. თუ იმყოფებიან, მაგალითად, რომელიმე შუა რგოლზე რომელიმე სამინისტროში, არასამთავრობო ან მედიაორგანიზაციაში, ან კერძო ბიზნესში, მათ რომ დაეხმაროს კარიერულ ზრდაში. აქსელერატორი ამიტომ ჰქვია, რომ ის იძლევა მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარჩვევებს, მნიშვნელოვან კონტაქტებს“.
რაც შეეხება სიმულაციის ნაწილს, ის 4-5 ივლისს ჩატარდება:
„Leadx Change-ის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია Simulex-ი, რომელიც არის კრიზისების მულტიდისციპლინური მართვის სიმულაცია და რომელსაც აშშ-ში ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლა დაახლოებით 40 წელია იყენებს“.
ზვიად აძინბაია ამბობს, რომ ორგანიზატორები დაინტერესებული არიან საქართველოს რეგიონებიდან, განსაკუთრებით - კონფლიქტისპირა რეგიონებიდან ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პროფესიონალების მოზიდვით მოზიდვით:
„მოვუწოდებ და ვეპატიჟები ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს, უსაფრთხოებით, პოლიტიკით, მედიით დაინტერესებულ ადამიანებს, მეწარმეებს, ვინც ფიქრობს, რომ მეწარმეობა მეტია, ვიდრე ცალკე აღებული ბიზნესი, მიიღონ მონაწილეობა SIMULEX-ში.“
რაც შეეხება Leadx Change-ის თემებს, ესენია: უსაფრთხოება; ტექნოლოგიები და კარგი მმართველობა; ლიდერობა და მოლაპარაკებები.
პროექტის მიზნებს შორის უმთავრესია კრიზისის მართვის უნარჩვევებისა და სისტემის გაუმჯობესება.
პროექტის სიმულაციის ნაწილში მონაწილეები ჩაერთვებიან რეალურთან ძალიან მიახლოებული, მოდელირებული კრიზისული სცენარის მართვაში. კრიზისული სცენარი განვითარდება შავ ზღვაში და მასში ჩართული იქნებიან: ნატო, აშშ, თურქეთი, ირანი და სხვა მსხვილი მოთამაშეები. ერთ-ერთი ეპიცენტრი იქნება საქართველო:
„ანაკლიის პორტი იქნება Simulex-ის სცენარის ერთ-ერთი ნაწილი. ფლეტჩერის სკოლაში უკვე წერენ მას. გვინდა ანაკლიის პორტი დიდ კონტექსტში იყოს განხილული“.
„დილის საუბრებში“ ზვიად აძინბაიას ანაკლიის პორტის პროექტზე რეალურ კონტექსტშიც ვთხოვე კომენტარი:
„რა შეხედულებისაც უნდა იყოს, რა პროფესიისაც უნდა იყოს, რომელი მთავრობაც უნდა მოსწონდეს, ყველა უნდა შეთანხმდეს ანაკლიის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, გეოეკონომიკურად, სტრატეგიულად, უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუ ამაზე არ ვთანხმდებით, ესე იგი, ჩვენ ფუნდამენტური პრობლემები გვქონია როგორც მოქალაქეობრივად, ასევე სისტემურად“.
Your browser doesn’t support HTML5