"ვიცინით, ამიტომაც გავიმარჯვებთ": ზელენსკის კომედიური დასის მისია ომში

„კვარტალი-95“ გამოდის კიევში 2023 წლის ოქტომბერში. დასის ერთ-ერთი პირველი ცოცხალი კონცერტი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ერთ სკეტჩში უკრაინის მთავარი ჯაშუში, კირილო ბუდანოვი ბოდიშს უხდის ცოლს იმის გამო, რომ შვებულება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, მტერთან ბრძოლაში გაატარეს.

მეორეში ფიგურირებს მამაკაცი, რომელმაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფის ფოტოები გამოაქვეყნა. მას ახლა ექიმი მკურნალობს, რადგან „უკანალში მობილური ტელეფონი გაურჭვეს“.

კიდევ ერთი გვიჩვენებს მამაკაცს, რომელიც გადაწყვეტს პარტნიორ ქალთან ერთად შიშველი ფოტოები გაყიდოს, რათა ფული შეაგროვოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

ამ სკეტჩებს ასრულებს „კვარტალი-95“, უკრაინული კომედიური დასი, რომლის თანადამფუძნებელიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გახლავთ. „კვარტალ-95“-ის კომიკოსებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათ ომის დროს განსაკუთრებული მისია აკისრიათ.

„ვიცინით, ამიტომაც გავიმარჯვებთ“, - თქვა ევჰენ კოშოვიიმ, ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა ომის დაწყების შემდეგ დასის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი პირველი დადგმის დროს.

„კვარტალის“ იუმორმა ხელი შეუწყო 2019 წელს ზელენსკის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ დასმა შექმნა პოპულარული სატელევიზიო სერიალი „ხალხის მსახური“, სადაც ზელენსკი სკოლის მასწავლებელს თამაშობდა, რომელიც შემთხვევით პრეზიდენტი გახდება. ზელენსკის პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მთავრობას 2019 წლიდან აკონტროლებს, „ხალხის მსახური“ ჰქვია.

2000-მდე მაყურებელი შეიკრიბა კიევის ჟოვტნევის სასახლეში ერთ-ერთი შოუსთვის 2023 წლის ოქტომბერში.

დასი, რომელიც პოლიტიკოსების დაცინვის გამო უყვართ, კონცერტებს ახლაც დგამს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ქვეყნის პრეზიდენტი გახლავთ. ზოგიერთი ჩივის, რომ ის ზელენსკის რუპორი გახდა, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც უკრაინელები ომით გადაიღალნენ, ახალ ლიდერს კი ხმას ვერ აძლევენ ომისდროინდელი შეზღუდვების გამო.

„კვარტალ-95“-ს „არაფერი აქვს საერთო იუმორთან ან თუნდაც პოლიტიკურ სატირასთან“, ეს არის „ჩვეულებრივი პროპაგანდა“, თქვა ერთმა პოლიტიკურმა კომენტატორმა ვიტალი პორტნიკოვმა 2021 წელს.

ხუმრობები ჯარისკაცებისთვის

„კვარტალი-95“ ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივოი-როგში შეიქმნა. სახელი ამ ძირითადად რუსულენოვანი ქალაქის ერთი უბნის პატივსაცემად დაირქვეს. აღიარება 1990-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, უკრაინულ მსკ-ზე გამოსვლებით. დასმა ეს წარმატება გამოიყენა და უკრაინის გასართობ ინდუსტრიაში წამყვანი ადგილი დაიჭირა.

უკრაინაში „კვარტალი“ დიდი ხანია საზოგადოების განწყობის ბარომეტრად მიიჩნევა, თუმცა, კულტურის ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ მათი გავლენა გადაჭარბებულია.

გასული წლის ოქტომბერში, ომის დაწყების შემდეგ ჩატარებულ ერთ-ერთ პირველ საჯარო წარმოდგენაზე, დაახლოებით 2000 ადამიანი შეიკრიბა კიევის ჟოვტნევის სასახლეში. მათ შორის იყო 12 წლის მილანა სტუპაჩენკო, რომლის დედამ, ოლენა ჩელცოვამ ბილეთი დაბადების დღის აღსანიშნავად უყიდა. სტუპაჩენკოს მამა ფრონტზე ბრძოლისას დაიღუპა, თქვა ჩელკოვამ.

"კიევის დედად" გადაცმული მსახიობი აფასებს ქვეყნის დეკომუნიზაციის პოლიტიკას.

„ყოველთვის ოცნებობდა "კვარტალს" ცოცხლად დასწრებოდა, მე კი ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რათა ტკივილი ცოტა ხნით მაინც დავავიწყო“ - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

„ჩვენი საქმეა, რომ მილანასნაირ გოგონებს ავუსრულოთ ოცნება“, - უთხრა კოშოვიიმ, ჯგუფის ამჟამინდელმა ლიდერმა, რადიო თავისუფლებას იანვარში.

„ბევრი ადამიანი გაიზარდა ჩვენს ხუმრობებზე“, - თქვა მან.

რუსეთის შეჭრის შემდეგ დასმა სპექტაკლები შეაჩერა, რადგან კოშოვიი და ოლექსანდრ პიკალოვი, მისი მთავარი სცენარისტი, მოხალისეები გახდნენ და სამოქალაქო მოსახლეობას და ჯარისკაცებს ეხმარებოდნენ, რითაც შეეძლოთ. მოგვიანებით დასის წევრებმა სამხედროების გასახალისებლად დაიწყეს წარმოდგენების გამართვა.

„რაღაც მომენტში, როდესაც ფრონტზე სამხედრო ნაწილებს ვსტუმრობდით, ჯარისკაცებმა გვკითხეს: „და თქვენ, ბიჭებო არაფერს აღარ აკეთებთ? საქმეს უნდა დაუბრუნდეთ!“ - იხსენებს კოშოვიი.

მისი თქმით, დასის კომიკოსები 100-ზე მეტ სამხედრო ნაწილს ეწვივნენ, კონცერტებისა და წარმოდგენების ჩასატარებლად.

„ყველამ უნდა ჩახედოს თვალებში მათ, ვინც გვიცავს“, - თქვა კოშოვიიმ.

„ხუმრობებს, რომლებიც ყველაზე მეტად მომწონს, სცენიდან ვერ ვიტყვი“, - უთხრა პიკალოვმა რადიო თავისუფლებას ერთი სპექტაკლის წინ. „შავი იუმორის დროა. ჯარისკაცებს გადასარევი შავი იუმორი აქვთ“.

"კვარტალ-95-ის" საუკეთესო სცენარისტ ოლექსანდრ პიკალოვს ფოტოს უღებს თაყვანისმცემელი.

კოშოვიიც და პიკალოვიც ზელენსკის მეგობრები არიან კრივოი-როგიდან. კოშოვიი ზელენსკის ასე მოიხსენიებს - „ჩემი საუკეთესო მეგობარი ვოვანი“.

ბოლოს სამივე ერთმანეთს პრეზიდენტის კაბინეტში შეხვდნენ. კოშოვიი ამბობს, რომ მათ „რამდენიმე პროფესიული საკითხი განიხილეს“ და „პრეზიდენტს ჰკითხეს, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ“.

„პრეზიდენტთან ასეთი შეთანხმება გვაქვს: ჯარისკაცებს ჯერ ჩვენ ვეწვევით და განწყობას ავუმაღლებთ. შემდეგ კი ის ჩავა სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“.

„ან - პირიქით“, - დასძინა მან ხუმრობით.

"ამაყები ვართ"

ჟოვტნევის სასახლეში აშკარა იყო, რა ჰქონდა „კვარტალს“ მიზნად დასახული - მტრის დაცინვა.

იმ წარმოდგენის ერთ-ერთი სამიზნე იყო იოსიფ კობზონი, ცნობილი საბჭოთა მომღერალი, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა, მანამდე კი მხარს უჭერდა კრემლის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

ერთ სკეტჩში კოშოვიიმ განასახიერა კობზონი, რომელიც ჯოჯოხეთში კონცერტს ასრულებდა დაღუპული რუსი ჯარისკაცებისთვის: „გთხოვთ გახსოვდეთ: რუსეთი სამუდამოდ აქ დარჩება!“

ევჰენ კოშოვიი ასახიერებს საბჭოთა მომღერალ იოსიფ კობზონს, რომელიც ხელმძღვანელობს ჯოჯოხეთში მოხვედრილი რუსი ჯარისკაცების გუნდს.

„მომწონს წარმოდგენა“, - თქვა ილია ტიშჩენკომ, ვეტერანმა ჯარისკაცმა, რომელსაც ფეხი მოკვეთეს რაკეტის ნამსხვრევების მოხვედრის გამო. „მათ ამაში მთელი სული ჩადეს“.

„ისინი ყველაფერს თავის სახელს არქმევენ“, - გვითხრა 56 წლის ვიტალი დოვბინიამ, რომელიც „კვარტალის“ სანახავად ცენტრალური ჩერკასიის რეგიონიდან ჩამოვიდა. ის იხსენებს, რომ დასის წარმოდგენა ადრეულ წლებში, ზელენსკის დროსაც ნახა.

იუმორი „ვეღარ არის ისეთი კარგი, როგორიც ზელენსკის დროს იყო, მაგრამ არა მგონია, რომ ის ოდესმე კომედიას დაუბრუნდეს“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. „ის პრეზიდენტი მეორე ვადით უნდა გახდეს“.

წარსულისგან განსხვავებით „კვარტალი“ ახლა მთლიანად უკრაინულ ენაზე დგამს წარმოდგენას. რუსულს მხოლოდ რუსების პაროდიის დროს იყენებენ.

„ომმა ყველა ჩვენგანში ქვეცნობიერი პატრიოტიზმი გამოაღვიძა. ერთიანები ვართ მტრის წინააღმდეგ“, - თქვა ირინა პიკალოვამ, „კვარტალის“ პროდიუსერმა და პიკალოვის ყოფილმა მეუღლემ.

მიუხედავად ამისა, არიან ისეთებიც, რომლებსაც არ მოსწონთ „კვარტალის“ სახასიათო იუმორი. ისინი აკრიტიკებენ დასს სექსიზმის, ვულგარული ენისა და, მათი თქმით, პოლიტიკური კონფორმიზმის გამო.

"კვარტალ-95-ის" ქალებად გადაცმული მსახიობები მონაწილეობენ სკეტჩში ახალ კანონზე, რომლის თანახმადაც, უკრაინულ მატარებლებში მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი კუპეები უნდა იყოს.

სტუდია „კვარტალ-95“-ის ზოგიერთი გადაცემა ხელისუფლების მიერ კონტროლირებად არხებზე გადის ხოლმე ტელემარათონის სახით. შარშან სკანდალი მოჰყვა ცნობებს, რომ „კვარტალი-95“ წარმოდგენებისათვის ბიუჯეტის ფულს იღებდა. უკრაინის კულტურის მინისტრი ნაწილობრივ ამ სკანდალის გამოც გაათავისუფლეს.

დასი იანვარში მკაცრად გააკრიტიკეს მათი სკეტჩის გამო, სადაც დასცინოდნენ პერსონაჟს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან, ხერსონიდან დევნილ რუსულენოვან უკრაინელს, რომელსაც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უკრაინულ ენაზე გადართვა უჭირდა.

„არ მინდა ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ ჩვენს კრიტიკოსებს უბრალოდ შურთ. ახლა ყველამ ერთიანობაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება“, - განაცხადა კოშოვიიმ.

„კვარტალის“ წარმოდგენები მხოლოდ ხუმრობებით არ შემოიფარგლება ხოლმე. კიევში ჩატარებული ლაივშოუ პატრიოტული სიმღერით დასრულდა. ზოგიერთ მაყურებელს ცრემლები წასკდა.

„ეს სიმღერები ჩვენს შიგნიდან მოდის, ისაა, რისი გადაცემა გვსურს“, - თქვა პიკალოვამ. „როდესაც მაყურებელს და განსაკუთრებით, თუ ეს მაყურებელი ჯარისკაცია, ცრემლი მოსდის, ამაყები ვართ“.