10-ბალიანი შეფასების სკალით, უკრაინის მეექვსე პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მოღვაწეობამ პირველი ასი დღის განმავლობაში 3,7-ბალიანი შეფასება დაიმსახურა. ასეთი შედეგი აჩვენა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, რომელიც უკრაინის ორმა წამყვანმა კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა.
ამასთან, „დემოკრატიული ინიციატივების“ ფონდისა და კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ 8-20 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ვოლოდიმირ ზელენსკის ენდობა უკრაინის მოქალაქეთა 70 %, ხოლო უკრაინის მოქალაქეთა 63 % დადებითად აფასებს ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტისა და მისი გუნდის მუშაობას იმ ასი დღის განმავლობაში, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკის მრავალ წინააღმდეგობას აწყდებოდა მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
„ვერხოვნა რადა“ VS ზელენსკი
უკრაინის დამოუკიდებლობის განმავლობაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტს, ამ შემთხვევაში ვოლოდიმირ ზელენსკის, მოღვაწეობის დაწყება მოუხდა „ვერხოვნა რადას“ (უკრაინის საკანონმდებლო ორგანო) მხარდაჭერის გარეშე, იმ ორგანოსი, რომელსაც უფლება აქვს გადააყენოს მთავრობა, გენერალური პროკურორი და უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი.
იცოდა რა ეს, უკრაინის მეექვსე პრეზიდენტმა თავისი ინაუგურაციის დღეს დაითხოვა „ვერხოვნა რადას“ ძველი შემადგენლობა, მაგრამ ვიდრე ახალი საკანონმდებლო ორგანო ირჩეოდა, დეპუტატები აგრძელებდნენ მუშაობას და ზელენსკის ინიციატივების ჩაგდებას. მიუხედავად ამისა, ახალმა პრეზიდენტმა ასი დღის განმავლობაში, მისთვის მინიჭებული ძალაუფლების ფარგლებში, მაინც მოახერხა საკუთარი ხალხის დანიშვნა ზოგიერთი უწყების ხელმძღვანელის პოსტზე.
საინაუგურაციო სიტყვაში უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა კარებისკენ მიუთითა არა მხოლოდ სახალხო დეპუტატებს, არამედ ასევე მთავრობას და ყველა ძალისმიერი უწყების ხელმძღვანელს.
მაგრამ ისინი, ვის გადაყენებასაც ზელენსკი ჯერ კიდევ ინაუგურაციის დღეს მოითხოვდა, ასი დღის გასვლის შემდეგაც თავიანთ თანამდებობაზე რჩებიან, ვინაიდან, უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, მათი გათავისუფლება მხოლოდ პარლამენტს შეუძლია. ძველი - ძირითადად ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსადმი ლოიალურად განწყობილი - შემადგენლობა აგრძელებდა მუშაობას, მისი დაშლილად გამოცხადების მიუხედავად, ხოლო ზელენსკის ყველა ცდა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ძველი გუნდის წევრი, უშედეგოდ მთავრდებოდა საჭირო ხმების ნაკლებობის გამო.
იგივე ხდებოდა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივების შემთხვევაშიც. დეპუტატებმა ჩააგდეს კანონპროექტი იმპიჩმენტის, უკანონოდ გამდიდრებისა და არჩევნების ახალი სისტემის შესახებ. საბოლოო ჯამში, ზელენსკიმ ყურადღება გადაიტანა იმ უწყებებზე, სადაც მას დეპუტატების ხმები არ სჭირდებოდა.
ოფისი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაცვლად, და სადავოდქცეული ბოგდანი
თავისი ასდღიანი საპრეზიდენტო მოღვაწეობის განმავლობაში ერთ-ერთი პირველი ცვლილება, რაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განახორციელა, იყო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის სახელის გადარქმევა და „ოფისის“ დარქმევა. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელად კი დანიშნა ანდრეი ბოგდანი - უკრაინის ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის, ყოფილი ადვოკატი, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩის დროს მთავრობის რწმუნებული იყო ანტიკორუფციული პოლიტიკის საკითხებში, რის გამოც მასზე ლუსტრაციის შესახებ კანონი ვრცელდება. ამ კანონის თანახმად, პირს, ვინც დევნილი პრეზიდენტის დროს იყო სახელმწიფო მოხელე, არ აქვს უფლება დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა.
უკრაინელმა აქტივისტებმა ძალიან სწრაფად მოახერხეს 25 ათასი ადამიანის ხელმოწერის შეგროვება ბოგდანის გადადგომის მოთხოვნით შედგენილი პეტიციის ქვეშ, მაგრამ ზელენსკიმ პეტიცია უარყო.
მეტიც, ანდრეი ბოგდანი ხშირად არის ყურადღების ცენტრში და უკვე ხუმრობის საგნად იქცა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის ლამის ყველა საჯარო შეხვედრაზე იგი, ფაქტობრივად, ჭკუას არიგებს, უკარნახებს ან ზოგჯერ პასუხსაც იძლევა ზელენსკის მაგივრად.
ასევე ნახეთ ზელენსკის გუნდი უარყოფს ცნობას, რომ იმიჯის შელამაზებისთვის მან ვაშინგტონში 70 ათასი დოლარი გადაიხადავოლოდიმირ ზელენსკიმ სტუდია “კვარტალ 95“-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ივან ბაკანოვი, ქვეყნის მთავარი სპეცსამსახურის - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის - ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნა და, როგორც უკრაინული წყაროები წერდნენ, მას მიანიჭა უმცროსი ოფიცრის, ლეიტენანტის, წოდება, რათა მოეპოვებინა საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების უფლება.
ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტს ბაკანოვთან აკავშირებს არა მხოლოდ შოუბიზნესი, არამედ დიდი ხნის მეგობრობაც.
ამ დანიშვნის შემდეგ აღარსად ჩანს უწყების უშუალო ხელმძღვანელი, ვასილი გრიცაკი, რომლის გადაყენებასაც არ დაეთანხმა „ვერხოვნა რადა“. ოფიციალურად ითვლება, რომ გრიცაკი შვებულებაშია, უშიშროების მთავარ უწყებას კი, ფაქტობრივად, ბაკანოვი ხელმძღვანელობს.
„კერკეტი“ კლიმკინი
საკანონმდებლო ორგანოს წინააღმდეგობის გამო, ასდღიანი პრეზიდენტობის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ვერ შეძლო თანამდებობიდან საგარეო საქმეთა მინისტრის, პავლო კლიმკინის, გადაყენება, მაგრამ როგორც გრიცაკი, საბოლოო ჯამში, კლიმკინიც „შვებულებაში გავიდა“, თუმცა სულ სხვა მიზეზით: ზელენსკიმ კლიმკინი დაადანაშაულა უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკების ჩაშლაში. პრეზიდენტის თანახმად, ორ ქვეყანას შორის მიმოწერა მიმდინარეობდა ისე, რომ იგი საქმის კურსში არ იყო ჩაყენებული.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ამ დრომდე ასრულებს ელენა ზერკალი, მინისტრის მოადგილე ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში.
მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც ამბობენ, ამ პოსტზე ჰყავს საკუთარი კანდიდატი - ვადიმ პრისტაიკო, წარსულში უკრაინის ელჩი კანადაში და ნატოში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი. თუმცა „ვერხოვნა რადაში“ კანდიდატურის ჩავარდნის შემდეგ, პრისტაიკო ამჟამად პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობს და კურირებს საერთაშორისო საკითხებს.
ბრძოლა ძალოვნებისთვის
„ვერხოვნა რადას“ ძველმა შემადგენლობამ ასევე არ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტარაკი, მაგრამ ეს ადმინისტრაციული კანდიდატურა ვერ ახდენს იმდენ გავლენას უკრაინის არმიის შიგნით გადაადგილებებზე, დაგეგმვასა თუ, მაგალითად, სპეცოპერაციაზე, რასაც გენერალური შტაბი ხელმძღვანელობს. აქ კი ზელენსკიმ ცვლილება იოლად განახორციელა დეპუტატების თანხმობის გარეშე.
გენერალი ვიქტორ მუჟენკო, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან სარდლობდა უკრაინის არმიას, შეცვალა გენერალ-ლეიტენანტმა რუსლან ხომჩაკმა. მანამდე იგი საბრძოლო მოქმედებების ცალკეულ სექტორებს ხელმძღვანელობდა და ასევე ილოვაისკთან გამართული ყველაზე გააფთრებული ბრძოლების მონაწილეა.
ყველა ზემოჩამოთვლილი მოხელე ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიყვანა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოში. СНБО - ესაა უწყება, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა სტრუქტურას მისცეს მითითება ეროვნული უშიშროების საკითხებში.
უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად ზელენსკიმ დანიშნა ალექსანდრ დანილიუკი, რომელსაც უფრო ადრე უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს უწინასწარმეტყველებდა.
დანილიუკი უკრაინის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანის მთავრობაში ფინანსთა მინისტრად მუშაობდა და ეს პოსტი დატოვა მთავრობის მეთაურთან უთანხმოების შემდეგ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის დაასახელებს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. უკრაინული მედიის თანახმად, უკრაინის ამჟამინდელი შინაგან საქმეთა გავლენიანი მინისტრი, არსენ ავაკოვი, შეინარჩუნებს ადგილს ახალ კაბინეტში ერთი საფეხურით მაღლა, როგორც სავარაუდო ვიცე-პრემიერ-მინისტრი (ძალოვანი მინისტრების საკითხებში).
ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ პირად მიიჩნევენ, ავაკოვი დაახასიათა როგორც ყველაზე უკეთესი მინისტრი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და განაცხადა, რომ ის უნდა დარჩეს მინისტრთა კაბინეტში.
თუმცა კოლომოისკის მსგავსად არ ფიქრობენ უკრაინელი სამოქალაქო აქტივისტები. ივნისის თვეში პრეზიდენტის საიტზე გამოჩნდა ავაკოვის გათავისუფლების პეტიცია, რომელმაც საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვა საკითხის განსახილველად, მაგრამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ არ შეუძლია შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლება.