უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების შესახებ.
მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს „მათ წინააღმდეგ, ვისაც ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს“.
„საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი 5 დეკემბერს X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
იგი მსგავსი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს:
„მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა მსოფლიოში - როგორც ევროპელებმა, ისე ამერიკელებმა და, ზოგადად, ყველამ, ვინც პატივს სცემს ქვეყნების დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას“, - ამბობს ის.
ვიდეომიმართვის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას.
ზელენსკის განცხადებით, სანქციები მიმართულია 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც „საქართველოს პუტინს აბარებენ“ და რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია.
სანქციები ეხებათ:
- ბიძინა ივანიშვილს;
- პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს;
- მის მამას, გიორგი კობახიძეს;
- თბილისის მერ კახა კალაძეს;
- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს;
- იუსტიციის და კულტურის ყოფილ მინისტრს, დეპუტატ თეა წულუკიანს;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს;
- შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს;
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა თადუმაძეს;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს;
- ამავე სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს;
- ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს;
- ტელეკომპანია „იმედის" მფლობელ ირაკლი რუხაძეს;
- კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელ კახა ბექაურს;
- რეჟისორი გიორგი ხაინდრავას;
- ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს;
- სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძეს;
- დიმიტრი სამხარაძეს (პარლამენტარს);
- მის კოლეგა ვიქტორ ჯაფარიძეს.
საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიის ხელყოფისთვის 2 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს ევროკავშირის და ნატოს წევრმა ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ. მათ ამ პირებს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.
უკრაინის და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობები დიდი ხანია შეწყვეტილია. ამასთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პერიოდულად კონტაქტი აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.