ზაქარია, „კეთილი მანქანა“ და სახლები უსახლკარო ცხოველებისთვის

Your browser doesn’t support HTML5

„ესეც ასე, მანქანა დაქირავებულია, საკვები და მედიკამენტები გვაქვს, სახლებიც მზადაა“ ამბობს ზაქარია დოლიძე და სატვირთო მანქანის საბარგულს ბოლოჯერ შეავლებს თვალს - რამდენიმე წუთში ის უსახლკარო ცხოველების დასახმარებლად გზას დაადგება.

ზაქარია მარტო იქნება ტურში, რომელსაც თბილისიდან დაიწყებს და გაივლის მცხეთას, კასპს, გორს, ხაშურს, ქუთაისს, შემდეგ კი გურიის, სამეგრელოს და აჭარის სხვა ქალაქებს და ყველგან, სადაც ელიან, უპატრონო ძაღლებისთვის თავის გაკეთებულ სახლებს და მეგობრების დახმარებით შეგროვებულ საკვებს და მედიკამენტებს დატოვებს.

პროფესიით რეჟისორი მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლებს თავისი ხელით აკეთებს - ის თვითნასწავლი ოსტატია და უკვე წელიწადნახევარია მთელ თავისუფალ დროს ამ საქმეს უთმობს: აკეთებს ენთუზიაზმით და მეგობრების ხელშეწყობით.

უპატრონო ცხოველებისთვის სახლების კეთება მას მერე გადაწყვიტა, რაც თავისი ძაღლი - რიკი ავად გაუხდა. სოციალურ ქსელში დახმარება ითხოვა, პასუხების ძებნაში კი აღმოაჩინა, რომ უსახლკარო ცხოველებს მთელ საქართველოში შველა სჭირდებოდათ. სახლში მისულმა, ძველი კარადა გამოათრია, რომელსაც აღარ იყენებდნენ და ძაღლებისთვის პირველი სახლი გააკეთა.

მერე ფეისბუკგვერდი შექმნა და მიუსაფარ ცხოველთა დახმარების პროექტი დაარქვა. აღწერაში კი ჩაწერა: „გამარჯობა, მე ზაქარია ვარ. ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი,რომელსაც გული შეტკივა მძიმე მდგომარეობაში მყოფ, ნებისმიერ სულიერ არსებაზე... დიდი კაცი რომ გავხდები და “კეთილი მანქანაც” თუ მეყოლება (მომარაგება- დასაბინავებლად) ჩემი უპირველესი ოცნებაც ასრულდება და წელში გამართული მოვედები მთელ ქვეყანას“.

„კეთილი მანქანა“ იმისთვის სჭირდება, რომ სოფელ-სოფელ იაროს და ცხოველები გადაარჩინოს.

თბილისსა თუ მის გარეთ ზაქარია დოლიძემ უპატრონო ძაღლებისთვის უკვე 250 სახლზე მეტი გააკეთა. ამ წუთებში კი, როცა თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ, ზაქარია და მისი „კეთილი მანქანა“ გეზს აჭარისკენ იღებენ.