2020 წლის 20 მაისს სკოლა 2002 წელს დაბადებულებმა დაამთავრეს. რიცხვების ეს განსაკუთრებული განლაგება არაფერ შუაშია, ყველაფერი პანდემიის ბრალია. თითო-ოროლა გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, არ ყოფილა არც ბოლო ზარი, არც თეთრი პერანგები, არც ფერადი ფლომასტერებით გაკეთებული წარწერები, არც სკოლის ჰიმნები, არც ბანკეტები და მოკლედ, არაფერი ის, რაც როგორც წესი, სკოლის დამთავრებას მოჰყვება ხოლმე. COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა, მეთორმეტეკლასელების გეგმები რადიკალურად შეცვალა.

ბოლო ზარს სკოლები საკუთარ კურსდამთავრებულებს სოციალურ ქსელში ულოცავენ:

155-ე თბილისის საჯარო სკოლა

მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება სოციალურ ქსელში მიულოცეს ცნობილმა სპორტსმენებმა, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა, მასწავლებლებმა:

აი, ასე დაურეკა ბოლო ზარი მათემატიკის მასწავლებელმა თბილისის 166-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო გაკვეთილზე:

მათემატიკის მასწავლებელმა ეს ბოლო ზარი ანანო დიდებაშვილისთვისაც დარეკა. ახლა ანანო მისაღები გამოცდებისთვის ემზადება. კავკასიის უნივერსიტეტში აბარებს. მარტის დასაწყისში, როდესაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სკოლებში სწავლა შეწყდა, ვერც ის და ვერც მისი კლასელები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ თითქმის სამი თვის შემდეგ, მათი ბოლო ზარი ასე, ვირტუალურ სივრცეში შედგებოდა:

„ბოლო ონლაინ-გაკვეთილზე, მგონი, ცოტა ყველამ ვიტირეთ. რამდენიმე კლასელს იდეაც გაუჩნდა, იქნებ სკოლასთან შევიკრიბოთო, მაგრამ მერე გადავიფიქრეთ, თან ტრანსპორტიც არ არის, ყველა ვერც მოახერხებდა მოსვლას. ბანკეტს ისედაც არ ვგეგმავდით, მაგრამ ბოლო ზარს ყველანი ძალიან ველოდებოდით. მანტიების და ქუდების ყიდვას ვაპირებდით. ბოლო ზარი რომ დაირეკებოდა, გვინდოდა ჰაერში აგვეყარა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ვერც თეთრი პერანგები ჩავიცვით. თვეებით ადრე მოვიფიქრეთ, ვის რა უნდა დაგვეხატა. ახლა ვფიქრობთ, რომ მასწავლებელს ასე ონლაინ-საჩუქარი გავუკეთოთ. მთელი ამ წლების განმავლობაში გადაღებული ფოტოები და ვიდეოები გვინდა მოვაგროვოთ და პატარა ვიდეო ავაწყოთ, ვნახოთ, რა გამოგვივა. მიუხედავად, იმისა, რომ ჩვენი ბოლო ზარი ასე ჩუმად დაირეკა, ერთი რამ აღმოვაჩინეთ, ასე ვირტუალურ სივრცეში, მაშინ როცა შეგიძლია შენი გამოსახულება დამალო და მხოლოდ ხმა ისმოდეს, უფრო ადვილია გულწრფელი ემოციების გამოხატვა. უფრო მარტივია არ შეგრცხვეს და თუნდაც იტირო“.

ანანო ისევე როგორც სხვა აბიტურიენტები, ეროვნული გამოცდებისათვის ონლაინ ემზადება. ამბობს, რომ თავდაპირველად გაუჭირდათ ამ სქემაზე მორგება, თუმცა, მერე შეეცადნენ, დადებითი მხარეც გამოენახათ:

"მე მაგალითად, ძალიან ცუდი კალიგრაფია მაქვს. ახლა კი ყველაფერს ვორდის ფაილში ვწერ და ჩემთვისაც და მასწავლებლებისთვისაც ძალიან მოსახერხებელია. გარდა ამისა, გზაში აღარ მეხარჯება დრო და ესეც კარგია. თუმცა, არიან ბავშვები, რომლებისთვისაც სერიოზული პრობლემა გამოდგა ამ სქემით სწავლის გაგრძელდება და ზოგიერთი მათგანი მომხრეც კი იყო, რომ აკადემიური წელი გამოცხადებულიყო".

რატი გლურჯიძემ 20 მაისს 53-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უოცნებია გრანდიოზულ ბანკეტსა თუ ბოლო ზარზე, მაინც გული სწყდება, რომ ამ დღემ ყოველგვარი ოფიციალური აღნიშვნის გარეშე ჩაიარა. წელს 53-ე სკოლა ექვსმა მეთორმეტე კლასმა დაამთავრა:

„ფილმებში რომ გაქვს ნანახი, ქუდებს რომ ყრიან ზევით და შენც რომ გგონია, რომ შენი გამოსაშვები დღეც ასეთი მაგარი იქნება და სინამდვილეში არც არაფერი გამოდის, კი, გული გწყდება. გვინდოდა, გვქონოდა ბანკეტი, თეთრი პერანგები ყოფილიყო, ხელმოწერები, მაგრამ ეს ყველაფერი გაუქმდა ან გადაიდო. ახლა მხოლოდ მისაღები გამოცდებისთვის ვემზადები. იმედი მაქვს, დროულად გვეცოდინება ეროვნული გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღი. ისედაც ინტენსიურად ვმეცადინეობ, მაგრამ როცა კონკრეტული თარიღი იცი, ალბათ, ეს კიდევ უფრო მეტად გეხმარება კონცენტრაციაში“.

ჭართლის საჯარო სკოლა წელს სამმა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა - გეგიმ, ნიკამ და ნიკამ. ლალი წიკლაურმა, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში მათი დამრიგებელი იყო, ბიჭებს დილით ადრიანად დაურეკა, ტელეფონით მიულოცა სკოლის დამთავრება. ლალი წიკლაურის მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებიდან, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სადამრიგებლო კლასს ასე შორიდან აცილებს:

ლალი წიკლაური მოსწავლეებთან ერთად

„როგორ სულ სხვანაირად ვფიქრობდი ამათი სკოლის დამთავრებას. თან, სულ სამი ბავშვი, ისეთი კარგი ბიჭები და დამირჩნენ ასე. განა ვეღარ შევხვდები, სოფელში ვართ, ახლოში ვცხოვრობთ, მაგრამ სულ სხვანაირი მინდოდა ყოფილიყო ამათი ბოლო ზარი, დასამახსოვრებელი. აქ, სკოლაში ხომ დავრეკდით ზარს, მერე ექსკურსიაზე მინდოდა წამეყვენა, მაგრამ აბა რანაირად, მანქანაში სამი კაცის მეტი ვერ ჩაჯდებაო და წესებს ხომ ვერ დავარღვევდით. გუშინ ჩავუტარე ბოლო ონლაინ გაკვეთილი და ცრემლები ვერ შევიკავე. ჯერ იმიტომ, რომ სკოლა დაამთავრეს და მერე იმიტომ, რომ აი ასე, ჩუმად დაამთავრეს, ვითომც არაფერიო. სამივე უმაღლესში აბარებს. ემზადებიან გამოცდებისთვის. მთავარია, რომ გრანტები მოიპოვონ, იცით, სოფელში უჭირს ხალხს, ადვილი არ იქნება მათი მშობლებისთვის სწავლის საფასურის გადახდა“.

ლალი წიკლაური იმაზეც წუხს, რომ განსაკუთრებით სოფლებში, აბიტურიენტებმა, ისევე, როგორც სხვა მოსწავლეებმა, ვერ მოახერხეს ონლაინ სასწავლო პროცესში სრულყოფილად ჩართვა და ამიტომ, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად რთულდება:

"გესმით ალბათ სოფლებში როგორი სიტუაციაა. ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ სახლში ინტერნეტი ჰქონდეს. ვერც დაავალდებულებ. არადა, ზოგიერთ მოსწავლეს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. თუნდაც ჩემი საგანი, მათემატიკა რომ ავიღოთ. ზოგს განსაკუთრებულად სჭირდება ახსნა, მიშველება. ამ სიტუაციაში კი ეს თითქმის შეუძლებელია".

მეთორმეტეკლასელების მთავარი გამოწვევა ახლა სწორედ ერთიანი ეროვნული გამოცდებია. გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლების მსგავსად, ეს თარიღი ივნისში გამოცხადდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ თუკი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გართულდება, გამოცდები, ისევე როგორც წინა წლებში, ივლისში ჩატარდება. ამ დროისათვის არ განიხილება არც გამოცდების ფორმატის ცვლილება: „ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოს თვეში გადატანა. თუმცა ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს და გვექნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან“.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად. ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის თქმით, გამოცდების ადმინისტრირების დეტალური აღწერის წარდგენა, ივნისში იგეგმება:

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, იმისათვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩატარდეს ზაფხულში ერთიანი ეროვნული გამოცდები. დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა თუ დეზინფექციის საკითხები. გამოცდის მსვლელობისას ერთ სივრცეში (სექტორში) განთავსდება არაუმეტეს 10 აბიტურიენტისა რეკომენდებული დისტანციის დაცვით“.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.