ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მამა, ზაზა სარალიძე, საზოგადოებრივ მაუწყებელს ღამის 12 საათამდე აძლევს დროს, რათა მკვლელობის შესახებ მომზადებული ფილმი ეთერში გავიდეს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა.
ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის, განცხადებით, მათ ზუსტი პასუხი ვერ მიიღეს, როდის გეგმავს საზოგადოებრივი მაუწყებელი ფილმის გაშვებას და სწორედ ამიტომ დაუწესეს მას 18 ივნისის ღამის 12 საათამდე დრო. ნესტან ლონდარიძის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ფილმის გაშვება ხელოვნურად ყოვნდება.
ფილმის შინაარსთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს. შენიშვნების ჩამოთვლისგან გიორგი გვიმრაძემ მედიასთან საუბარში თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ შენიშვნებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებსაც შესთავაზა.
ამასთან, რადიო თავისუფლებასთან საუბარში გიორგი გვიმრაძემ განმარტა, რომ კონსულტაციებს გადის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასა და სახალხო დამცველთან და მათგან მიღებული რეკომენდაციების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ფილმს აქვს მრავალი ხარვეზი, მათ შორის ხარვეზები, რომელიც არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ამ ვითარებაში ფილმის გაუშვებლობა გაცილებით მეტად დააზიანებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ვიდრე მისი გაშვება. შესაბამისად, ცვლილების გათვალისწინებით, ის ფილმის გაშვების მომხრეა.
სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრის, ნინია კაკაბაძის, თქმით, ბორდის არც კომპეტენცია და არც პასუხისმგებლობა არ არის, ეს ფილმი გავა თუ არა ეთერში. ამ საკითხზე პასუხისმგებლობა მთლიანად მაუწყებლის მენეჯმენტს აკისრია. ამასთან, ნინია კაკაბაძე თავის პირად მოსაზრებას გვიზიარებს არა როგორც ბორდის წევრი და ამბობს, რომ ფილმის ის ვერსია, რომელიც მისი ავტორისგან გამოიგზავნა რამდენიმე დღის წინ, საჭიროებდა გარკვეულ შესწორებებს. ნინია კაკაბაძე არ არის ინფორმირებული, შევიდა თუ არა ფილმში ამის შემდეგ შესწორებები.
ჩვენ პრინციპულად ვეწინააღმდეგებით იმას, რომ ფილმი ეთერში არ გაუშვან. ისე ჩანს, თითქოს დაძაბულობაა, მაგრამ მენეჯმენტთან თანამშრომლობით მივდივარ ნაბიჯ-ნაბიჯ იქამდე, რომ ფილმის ეთერში გაშვებას მივაღწიოთ და ტელევიზიას არ შეექმნას საფრთხე...ლია ტოკლიკიშვილი
თავად ფილმის ავტორის, ლია ტოკლიკიშვილის, თქმით, ის წინააღმდეგი არ არის საჭიროების შემთხვევაში ფილმში შევიდეს ისეთი შესწორებები, რომლებიც ყოველგვარი არაეთიკური ხარვეზების არსებობას გამორიცხავს:
„ჩვენ პრინციპულად ვეწინააღმდეგებით იმას, რომ ფილმი ეთერში არ გაუშვან. ისე ჩანს, თითქოს დაძაბულობაა, მაგრამ მენეჯმენტთან თანამშრომლობით მივდივარ ნაბიჯ-ნაბიჯ იქამდე, რომ ფილმის ეთერში გაშვებას მივაღწიოთ და ტელევიზიას არ შეექმნას საფრთხე“.
რადიო თავისუფლების ზარებს გიორგი გვიმრაძემ მოგვიანებით აღარ უპასუხა. ლია ტოკლიკიშვილის ინფორმაციით კი ფილმი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 19 ივნისს, დღის ეთერში გავა. უცნობი რჩება, შევიდა თუ არა ფილმში ის შესწორებები, რომელთა გამოც ის ეთერში არ გადიოდა. მოგვიანებით პირველი არხის აღმასრულებელმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი არხი ხვალ გაუშვებს.
"ბრალდება, თითქოს ტელევიზია ფილმს ბლოკავს, ერთ თვეზე მეტია ისმის. ფილმი ჯერ კიდევ არ არსებობდა, როდესაც აქციებზე და სოციალურ ქსელებში, ცალკეული ადამიანები მიზანმიმართულად ამტკიცებდნენ, რომ ფილმი იბლოკებოდა. რასაკვირველია, ეს სიცრუე ვრცელდებოდა განზრახ, აჟიოტაჟის ასატეხად და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად", - წერია განცხადებაში.