ზაზა აბაშიძე იყო ერთ-ერთი დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფში, რომელმაც „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით მოამზადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები. ის იკვლევდა კანდიდატების ფინანსურ ვალდებულებებსა და შემოსავლებს.
რადიო თავისუფლების ეთერში საუბრისას ზაზა აბაშიძე რამდენიმე პრობლემას გამოარჩევს:
„პირველი, ყველაზე მარტივიდან რომ დავიწყოთ, ეს არის დეკლარაციის შევსების პრობლემა, რაც უდგას თითქმის ყველა მოსამართლეს. ისინი ვერ ავსებენ ან არ ავსებენ სწორად დეკლარაციას. სხვადასხვა წელს შევსებული დეკლარაციები ერთმანეთს უნდა შევადაროთ და ვნახავთ, რომ ერთ წელს კონკრეტული უძრავი ქონების ფასი არის ერთი თანხა, მეორე წელს სხვა თანხა. ეს არის ყველაზე მარტივი დარღვევა.
პრობლემატურია ის, რომ ადამიანები იღებენ სესხებს და აღარ არის მითითებული რა გასავალი იყო, დაფარეს თუ არა ეს სესხი. უფრო დიდი პრობლემაა, როცა საერთოდ არ უთითებენ უძრავი ქონების ყიდვას, საერთოდ არ უთითებენ საბანკო ვალდებულებას, საერთოდ არ უთითებენ, მაგალითად, ასეთი შემთხევებიც შეიძლება შეგვხვდეს - ჯანმრთელობისთვის უცხოეთში წასვლას და ამისთვის ფულის გადადებას. არის რიგი ხარჯები, რომლებიც საერთოდ არ არის მითითებული და მერე გიწევს ამის მოძიება უძრავი ქონების რეესტრში თუ სხვა გზებით. თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი მოძიებადი არ არის და ამის გამო რაღაცები გამორჩენილია, თუმცა ძირითადი სურათი არის ასახული. ეს არის პირველი ნაწილი, ყველაზე მსუბუქი.
მეორე ტენდენცია, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ მოსამართლეების ნაწილის ახლო გარემოცვა დაკავშირებულია ხელისუფლებასთან. ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნებისთვის“ ფინანსურ დახმარებას და გადარიცხვებს. ვხედავთ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილისთვის გადარიცხულ თანხებს. ვხედავთ ასევე, მაგალითად, გუშინ პაატა სილაგაძის მაგალითი მოვიყვანე - მისი ძმა არის იმ კომპანიებთან და იმ პირთა წრესთან უახლოეს კავშირში, ვინც პირდაპირ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან და მის ერთ-ერთ ოფშორულ პანამურ კომპანიასთან Frankston International-თან“.
ზაზა აბაშიძე ხაზს უსვამს იმას, რომ მოსამართლეობის კანდიდატების ინდივიდუალურ პროფაილებში ასახულია რეალობა ინტერპრეტაციის გარეშე:
„ამ დოკუმენტში ვერ ნახავთ მტკიცებით ფორმაში ნათქვამ რომელიმე ფრაზას ან წინადადებას. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ და ავსახავთ რეალობას, რაც დაგვხვდა. გაცნობთ რისკებს, რაც შეიძლება იყოს საყურადღებო და გამოადგეთ მკვლევრებს, პარლამენტარებს. ინტერპრეტაცია თქვენთვის მოგვინდია“.
დეკლარაციების გარდა, ექსპერტთა ჯგუფმა გადაამოწმა მოსამართლეობის კანდიდატების ოჯახის წევრებისა და მათი ახლო ნათესავების ეკონომიკური მდგომარეობა და შემოსავლები, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.
გარდა ამისა, როგორც „დილის საუბრების“ სტუმარი აღნიშნავს, კითხვებს აჩენს ზოგიერთი კანდიდატის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დისბალანსი, ბოლო წლებში ფინანსური შემოსავლებისა და შესყიდული უძრავი ქონების მკაფიოდ ზრდის დინამიკა და ა.შ..
Your browser doesn’t support HTML5