აბასთუმანში ისტორიული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ძველ სანატორიუმსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე კიდევ 17 სახლს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
Your browser doesn’t support HTML5
"დემონტაჟის დროს, დაზიანებული ჭვირული ფარდები, ასე ეძახიან, რომლებიც მოვხსენით სვეტების ზედა ნაწილიდან და წავიღეთ სარესტავრაციოდ. ეს ქვედა ნაწილი მოაჯირის არის, რომლის დემონტაჟსაც ვაკეთებთ და ვამზადებთ იმისათვის, რომ წავიღოთ სახელოსნოში“, – განმარტავს არქიტექტორ-რესტავრატორი თემურ ხუჭუა.
ახლა აქ გამაგრებითი სამუშაოები მიდის. გამოსაცვლელია ძირითადი ნაწილი. რაც ათწლეულების განმავლობაში დალპა, ყველაფერი გამოიცვლება...თემურ ხუჭუა
სახელოსნოში წაღების შემდეგ აივნების, მოაჯირებისა და ოთახის ზედა ნაწილის მორთულობისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებაზე რესტავრატორები ზრუნავენ. თემურ ხუჭუა ამბობს, რომ საუკუნის წინანდელი ორნამენტებით მოკაზმული სახლები მომავალი წლის ბოლოსთვის მთლიანად აღდგენილი უნდა იყოს. პროექტის შესასრულებლად 18 თვე და 18 ისტორიული სახლის განახლებაა საჭირო.
"დაშლის პროცესშიც აქ ვარ, იმიტომ რომ უნდა დაინომროს თითოეული დეტალი და წავიდეს საწყობში. შემდეგ საწყობიდან გამოდის ნიმუშები, ხდება რესტავრაცია, ეწერება ისევ ნომრები და ყველაფერი რომ დასრულდება, მერე მოხდება მისი დამონტაჟება. ახლა აქ გამაგრებითი სამუშაოები მიდის. გამოსაცვლელია ძირითადი ნაწილი. რაც ათწლეულების განმავლობაში დალპა, ყველაფერი გამოიცვლება“, – ირწმუნება თემურ ხუჭუა.
კურორტ აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია აპრილის ბოლოს დაიწყო. ჭვირული ორნამენტით დახუნძლული შენობებიდან ბევრი დრომ ისე დააზიანა, რომ კედლებისა და სახურავის მთლიანი შეცვლაგახდა საჭირო. სპეციალისტები სამუშაოს მოცულობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ წინაპრების საქმიანობის გასაცოცხლებლად ყველაფერს გააკეთებენ.
"აღვადგენთ ძველ, ჩვენი წინაპრების ნამუშევარს თანამედროვე ტექნოლოგიებით. ყველანაირად ვცდილობთ რესტავრატორები, რომ პირვანდელი სახე დავუბრუნოთ ისტორიულ სახლებს. აგერ, ფაქტი გვაქვს – რა იყო და რა არის ახლა. რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ, შეიძლება ისე ვერ გავაკეთოთ, მაგრამ შეიძლება უკეთესი გამოვიდეს, იმიტომ რომ ეს თანამედროვე საშუალებებით კეთდება – ძველი ნამუშევრები ყველა დაშლილია, ესენი კი აღარასდროს დაიშლება“, – აცხადებს რესტავრატორი ვახტანგ თუმანიშვილი.
პროექტით განსაზღვრულია დაბა აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის ქუჩის N56-დან N104-ნომრამდე მონაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების - რეაბილიტაცია. აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული 17 სახლი და უძრავი ქონება დაყოფილია 84 დამოუკიდებელ ტერიტორიად, რომელსაც 85 მფლობელი ჰყავს. ადგილობრივები აბასთუმანში შენობების სიძველესა და კურორტის ტურისტულ პოტენციალზე ამახვილებენ ყურადღებას.
"სახლი, სადაც ვცხოვრობთ, ძალიან ძველია, ამორტიზებულია. კარგია, რომ რესტავრაცია დაიწყო, რადგან რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება აბასთუმანში, შემოსავალიც მეტი იქნება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ აბასთუმანი იყო ბალნეოლოგიური კურორტი და ამ მიმართულებითაც უნდა განვითარდეს. როგორც უკვე გითხარით, სახლი 200 წელზე დიდი ხნის წინ ქართველ თავადს ეკუთვნოდა, ისედაც ეტყობა, რომ ქართულ იერზეა აშენებული“, – აცხადებს მიხეილ დალაქიშვილი.
"ასე აგვიხსნეს ჩვენ, რომ სახლები ეკუთვნის ძეგლთა დაცვას და რესტავრაციას უკეთებენ ბინებს. სახლები საშინელ მდგომარეობაშია და ჩვენთვის საცხოვრებლად, დიდი ხანია უკვე, საშიშია“, – აცხადებს თინა ვოსკანიანი.
არქიტექტორ-რესტავრატორებს შენობებზე დაზიანებული ჩუქურთმებისა და ორნამენტების აღდგენა ან, ზოგ შემთხევაში, ახლის გაკეთება უწევთ. ისტორიული სახლების შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციასაც აპირებს. სამუშაოებისთვის 3 715 305 ლარია გათვალისწინებული.