ვნებები „ს“-სა და „ჰ“-ს გამო

ქართული დამწერლობის ილიასეული რეფორმა ანბანიდან 5 ასოს ამოგდებით დასრულდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ამავე პერიოდში იყვნენ ლიტერატორები, რომლებიც ქართული ზმნებიდან პირის ნიშნების - „ს“-სა და „ჰ“-ს განდევნას ცდილობდნენ. წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, რომ საქმე ლამის ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მივიდა. ვინ იყო ქალი, რომელიც „გულითად ზიზღს გამოუთქვამდა“ და სილის შემოკვრით ემუქრებოდა ცნობილ საზოგადო მოღვაწესა და ლიტერატორს, პეტრე უმიკაშვილს, რომელიც თავგადაკლული იცავდა „ს“-სა და „ჰ“-ს „ყოფნას“ ქართულ ზმნებში?

კბილები თუსხოლასტიკური მართლწერა“?!

1895 წლის 6 ოქტომბერს ტფილისში, ბინაზე მყოფმა პეტრე უმიკაშვილმა მიიღო მუქარითა და რისხვით სავსე წერილი, რამაც უკიდურესად შეაწუხა წესიერებით ცნობილი ადრესატი.

„ეს სამი კვირაა შეწუხებული ავადმყოფი ვარ და სულ იმას ვწუხდი, რომ ვაი თუ ამიტყდეს რამე და ვერ მოვასწრო გამოგიცხადოთ ჩემი გულითადი ზიზღი, ბატონო უმიკაშვილო! იმაზე, რომელიც თქვენ გამოიწვიეთ უკანასკნელ სხდომაზე წერა-კითხვის საზოგადოებისა“, - წერდა წერილის ავტორი - „იმის მაგიერათ როგორც შეშვენის პატიოსანს კაცს, რომ პირადათ მოგელაპარაკნათ გიორგი წერეთელთან მართლწერის შესახებ, რომ მთელი ბათუმის საზოგადოება „კვალის“ წინააღმდეგიაო, როგორც მაშინ თქვენა ბრძანეთ, თქვენ მობრძანდით კრებაზე, სადაც იცოდით, რომ უმეტესი ნაწილნი „კვალის“ წინააღმდეგნი იყვნენ და დაიწყეთ დაცინვა და ოხუნჯობა, ვითომდა მთელი ბათუმის მაზრის აზრს ეუბნებოდით ყველას. თქვენ მაშინ ღირსი იყავით სილის შემორტყმისა, ხელიც გავიწვდინე, მაგრამ ბოლოს თავი შევიკავე. ეს ჩემი ნაწერი შეინახეთ თქვენ არხივში დოკუმენტებთან, გამოგადგებათ, როგორც აზრი „კვალის“ რედაქტორისა.“

„კვალის“ რედაქტორი და, შესაბამისად, წერილის ავტორიც, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელია, გიორგი წერეთლის, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცოლი.

გიორგი წერეთელი და ანასტასია თუმანიშვილი

ფილიპე გოგიჩაიშვილი, პეტრე უმიკაშვილის უმცროსი მეგობარი და „ივერიის“ რედაქტორი 1905-1906 წლებში, ერთგან წერს, რომ პეტრე უმიკაშვილს უთანხმოება მოუვიდა ცოლ-ქმართან „კვალის“ მართლწერის გამოო:

„ხშირად ულაპარაკნია [პეტრეს] ჩემთან და სხვებთანაც იმ თემაზე, რომ „კვალმა“ განდევნა „ს“ და „ჰ“ ქართული ზმნებიდან და ამას ვერ ვურიგდებიო.“

„ს“-სა და „ჰ“-ს ქართული ზმნებიდან განდევნას პეტრე უმიკაშვილი მართლაც დიდად განიცდიდა. „კვალის“ მესვეურების ამ გადაწვეტილებას „სხოლასტიკურ მართლწერას“ უწოდებდა და ენერგიულადაც აკრიტიკებდა მას.

„სხოლასტიკა იცით, რაც არის, - იგი ბუნების კანონს კი არ უყურებს, რაღაცა განყენებულ მოსაზრებაზეა დამყარებული. რათ გინდათ, რომ სხოლასტიკური მართლწერა შემოგაქვთ?.. თქვენ სწერთ: „მიცა“ მისცას მაგიერ, „დაწვდა“ - დასწვდას მაგიერ, „დია“ - სდიას მაგიერ, „კრა“ - ჰკრას მაგიერ და სხვა“, - ვკითხულობთ პეტრე უმიკაშვილის ჩანაწერებში.

პეტრე უმიკაშვილი პიესებსაც წერდა. ჰოდა, მართლწერის გამო თავის ეს წუხილი ერთ საპიესო სურათშიც ასახა: საქართველოში მოხვედრილ იუპიტერს ქართველი ლიტერატორი უყვება თავის გულისტკივილს, რომ ერთი პარტია ახალი ენით ლაპარაკობს, მეორე კი - ძველი ენითო:

"ერთი ასე ამბობს, პრომეტეოსმა ღმერთებს ცეცხლი მოჰპარა და ადამიანებს მისცაო, მეორე ამბობს, ეგ ძველი ენააო და ახალი ენით ასე უნდაო: პრომეტეოსმა ღმერთებს ცეცხლი მოპარა და ადამიანებს მიცაო... ამგვარად, შედგა ორი პარტია, ერთი ამბობს, ძმამ ძმას ხმა გასცაო, მეორე ამბობს, ძმამ ძმას ხმა გაცაო. ასე აირივნენ და ერთმანეთისთვის ხმა ვეღარ გაუციათ ულანძღავად".

გაზეთი "კვალი"

მართლწერის გამო დაპირისპირება გასაგებია, მაგრამ მაინც რამ გაამწარა ანასტასია ისე, რომ მასზე ბევრად უფროს მამაკაცს სილის შემორტყმა მოუნდომა?

ინციდენტის დროს პეტრე 61 წლის იყო, ანასტასია - 48 წლისა.

როგორც ფილიპე გოგიჩაიშვილი იხსენებს, პეტრესთვის ხუმრობით უკითხავს, არშიყობა ხომ არ დაუწყე ანასტასიას და ამისთვის ხომ არ გაგიწყრაო?

ცხადია, არანაირი არშიყი არ ყოფილა!

აშკარა ხუმრობის მიუხედავად, პეტრემ, ბუნდოვანების გასაფანტად, მაინც მისწერა ფილიპე გოგიჩაიშვილს და ნათელი მოჰფინა იმ გარემოებასაც, თუ რა მოხდა წერა-კითხვის საზოგადების კრებაზე და რამ გააცეცხლა ასე ანასტასია:

"შენ რომ უმზრახობაზე მოგწერე ანასტასიასთან, წერეთლის ცოლთან, სულ გადაბრუნებულად გესმის. მიზეზი "ს"-ს გამოკლება იყო ზმნაში. ერთ კრებაზე გავეხუმრე: ბათუმში ამბობდნენ-მეთქი, რომ ცოლ-ქმარს კბილები ჩასცვენია, "ს" ვერ გამოუთქვამთ და "კვალსაც" ჩააბეჭდეს თავისი ნაკლებულება. ამაზე ტასო გაწყრა და გამლანძღა“.

ფილიპე გოგიჩაიშვილის ვარაუდით, „ტასოს“ რისხვა გამოიწვია „კბილების ჩაცვენაზე“ ხუმრობამ. აქ ფილიპე გოგიჩაიშვილი საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს პეტრეს ხუმრობის კონტექსტი. უნდა გვახსოვდესო, ამბობს ის, რომ ანასტასია, როდესაც გიორგი წერეთელმა შეირთო, საკმაოდ შესული იყო ასაკსა შინაო (45 წ).

1895 წელს, როდესაც ინციდენტი მოხდა, ის სულ რაღაც სამიოდე წლის გათხოვილი იყო, და ამ დროს უმიკაშვილმა კბილების ჩაცვენაზე გადაუკრა. ჰოდა, რა გასაგებია 48 წლის ანასტასიას აღშფოთება?!

თუმცა „ანასტასიას გაცეცხლების“ მიუხედავად, გიორგი წერეთელს და პეტრე უმიკაშვილს მეგობრობა არ მოუშლიათ. 1897 წლის 31 დეკემბერს, ახალ წელს, გიორგი წერეთელმა შინ მიიწვია პეტრე შემდეგი წერილით:

„მინდა, რომ ოც წელს შემდეგ ისევ შენთან გავითენო ახალი წელი და სიყმაწვილე ჩემი გავიხსენო. ამისათვის გთხოვ, ძველი უსიამოვნება ძველ დაბერებულ წელს გავატანოთ და ახალ წელიწადს ახალი აღფრთოვანებული იმედებით მივეგებოთ მე და შენ, ვითარცა სვიმონ მოხუცი, რომელსაც ხელში უჭირავს ეს ახალი წელი ვითარცა ახალი ყრმა, განმაახლებელი ცხოვრებისა და მომავლის იმედი. შენი გიორგი".

პეტრე უმიკაშვილი ახალგაზრდობაში

როგორც ფილიპე გოგიჩაიშვილსათვის მიწერილი ერთ-ერთი წერილიდან ჩანს, პეტრე შინ დარჩა ახალი წლის ღამეს, მაგრამ ანასტასიას შემორიგება მაინც მოახერხა.

„ახალ წელს გიორგიმ მიმიწვია (მიწვეული ვიყავი აგრეთვე ილია ჭავჭავაძესთან). ამ ღამეს მე არსად მინდოდა წასვლა... მეორე დღეს ვნახე ტასო... და ხელზე კოცნით მოვიბოდიშე"-ო, ამბობს ის.

პიროვნული კონფლიქტი ასე დასრულდა, თუმცა დავა ქართული ზმნებიდან პირის ნიშნების განდვნა/ხმარებაზე დღემდე გრძელდება. პეტრე უმიკაშვილს რომ დავესესხოთ, მავანნი დღემდე ჯიუტად ცდილობენ „სხოლასტიკური მართლწერის“ შემოტანას.

ჩვენი პეტრე...

რა კაცი იყო პეტრე უმიკაშვილი?

„ყველამ იცოდა, რომ სიავით, ავგულობით, განზრახ არავის აწყენინებდა. ყველამ იცოდა მისი კეთილი გული, მისი ტკბილი და უწყინარი ბუნება, მისი მხურვალე თანაგრძნობა მწუხარებასა და გაჭირვებაში. ვისთანაც შეივლიდა ნაცნობთან, ყოველთვის რაღაც სიტკბოება და გულითადობა შეჰქონდა მის შინაურობაში. ეს თვისება ხდიდა მას ყველა ნაცნობისათვის საყვარელ და სასიამოვნო პირად. იგი ყველასათვის „ჩვენი პეტრე“ იყო“, - წერდა ფილიპე გოგიჩაიშვილი პეტრე უმიკაშვილის „ხალხური სიტყვიერებისათვის“ დართულ ბიოგრაფიულ ნარკვევში.

1890 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში პეტრე ნათელს ჰფენს თავის წარმომავლობას:

„...ნარიყალას ციხე არ ყოფილა აშენებული, რომ ჩვენი გვარი ქალაქში ყოფილა. თითქმის თამარ დედოფლის დროს ანუ უწინ. ჩემი გვარის ზოგნი სომეხნი არიან, ზოგნი მართლმადიდებელნი. მე კათოლიკე ვარ; წარსულ საუკუნეში სომხობიდან გადასულა მამაჩემის პაპა. მამაჩემი იყო ტფილისის ფრანცუზის კონსულის, გამბას სეკრეტარი და მთარგმნელი, 1843 წელს მამა მოკვდა და დავრჩი 5 წლისა ობოლი, დედამ გამზარდა, სიღარიბე და გაჭირვება ვნახეთ. დედა იყო ტფილისის მოქალაქის სტეფანე კაკალაშვილის ქალი, მომთმინო, ჭკვიანი, შორს მხედველი და საკვირველის ესტეტიურ გემოვნების დედა კაცი იყო, სახით მშვენიერი ქალი იყო“.

უსახსრობის გამო თავის თანატოლებს ჩამორჩა განათლების მიღებაში, რასაც ძალიან განიცდიდა. მხოლოდ 1864 წელს მოახერხა თავისი დანაზოგითა და ნათესავებისგან ნასესხები ფულით პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, სადაც სამი წლის განმავლობაში დარჩა.

პეტრე უმიკაშვილი

პეტრემ დიდი ძალისხმევის ფასად დააღწია თავი სიღარიბეს. 25 წლის განმავლობაში ასწავლიდა გიმნაზიაში, შემდეგ კი სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში მსახურობდა. პეტრე უმიკაშვილმა პირველმა დაიწყო იაფი წიგნების გამოცემა წერა-კითხვის გასავრცელებლად. პირველმა დაბეჭდა შაურიანი წიგნი "ანბანი", რომელიც სწრაფად გავრცელდა და რამდენჯერმე გამოიცა. მერე პეტრეს სხვებმაც მიბაძეს და დაიწყეს წვრილი წიგნების გამოცემა; პეტრემ ასევე პირველმა გამოთქვა უკმაყოფილება იმით, რომ სემინარიიდან გამოსულები (დაბალი ფენის შვილები) უყურადღებოდ რჩებოდნენ, ძირითადი თანხები კი გიმნაზიელების (თავად-აზნაურების) შემდგომ სწავლაზე იხარჯებოდა.

„ეცადეთ შეიერთოთ ყველანი და თავი დაანებოთ მარტო თავად-აზნაურთა შვილების ბედზე ზრუნვას. 26 წელი მასწავლებლად ვიყავი გიმნაზიაში, ხომ იცი, რაც შევწირე და რა იმედით, მაგრამ ამოდენა თავობა ყმაწვილ კაცებისა რა იმედს გვაძლევს? სულ იმიტომ, თავადაზნაურთა შვილები იყვნენ უმთავრესად გიმნაზიაში მოსწავლენი. დროა, მივაპყრათ თვალი იმ ნაწილს, რომელიც ჩვენში დღეს უფრო საიმედო ღონეს გვიჩვენებს. ნიკო, ამ სიტყვებს მელნით არა ვწერ, ამას ჩემი სისხლითა ვწერ. გამიგონე, დაფიქრდი და შენი პატიოსანი ბეჯითობა, შენი კეთილი გული და მოსაზრება ამას მოანდომე“, - წერდა პეტრე უმიკაშვილი ნიკო ცხვედაძეს.

„ჩვენ ქალაქში ბევრი კაი პატიოსანი ადამიანია, მაგრამ ეგ უპატიოსნესიაო; თუ გაიცნობ, შენც გაიგებო“, - ასე დაუხასიათებია პეტრე იაკობ მანსვეტაშვილისთვის დიმიტრი ყაზბეგს.

ფულს არასოდეს სესხულობდა. არც უფულობაზე წუწუნებდა. ცხოვრობდა გიმნაზიის მასწავლებლის ხელფასზე, თვეში 33 მანეთად, მაგრამ ძალიან ხელმომჭირნე იყო და რომ გარდაიცვალა 12 ათასამდე მანეთი დანაზოგი დარჩა.

ბევრს დადიოდა საქართველოს კუთხეებში, აგროვებდა როგორც ძველ წიგნებსა და ხელნაწერებს, ასევე სახალხო სიტყვიერების ნიმუშებს. გამოსცა "ანდაზები", "სახალხო ლექსები", ვერ მოასწრო სახალხო სიტყვიერების გამოცემა (გამოსცა ფ. გოგიჩაიშვილმა 1937 წელს).

პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. მარტოხელა იყო, ცხოვრობდა ჯერ დედასთან და მერე დეიდასთან. გარეგნობის გამო ქალები არ გიჟდებოდნენ მასზე. 35 წლის ასაკში შეუყვარდა გიორგი წერეთლის და, მარიამი, რომელსაც თითქმის ათი წელი ეტრფოდა, ბოლოს გაუმხილა სიყვარული, მაგრამ თანაგრძნობა ვერ მიიღო. ოჯახის შექმნა აღარ უცდია, მარიამი კი ახალგაზრდა გარდაიცვალა ჭლექით, რამაც კიდევ ერთხელ მოუკლა გული პეტრეს.

როგორც მისი თანამედროვეები გადმოგვცემენ, დაუვიწყარი სახე და გარეგნობა ჰქონდა. ერთგან ნიკო ნიკოლაძეს აქვს აღნიშნული, რომ მისი გარეგნობა ერთხელ თუ ნახე, მერე დიდხანს არ დაგავიწყდებაო.

ფილიპე გოგიჩაიშვილი

„იყო დაბალი, დაბალზე დაბალი ტანის კაცი, ჭაღარა, წვერ-ულვაშგაკრეჭილი, ნახევრად მელოტი. ფერმკრთალი, მოგრძო სახისა, რომელზედაც ვეება, სპილოს ხორთუმივით ძირსდაშვებული, მოხრილი ცხვირი ეკიდა. ტანთ ეცვა წინაკალთებშემოჭრილი სერთუკი, რომელიც მის დაბალ ტანს რამდენადმე უფრო დარბაისლურ შესახედაობას აძლევდა. გულზე ეკიდა პენსნე. ლაპარაკობდა ტკეპნა-ტკეპნით, მაგრამ გრძნობით და გატაცებით. მიხვრა-მოხვრა ჰქონდა სწრაფი, დადიოდა ნელა, მაგრამ ცუნცრუკით. ლაპარაკის დროს, განსაკუთრებით ახალგაცნობილს, გიცქეროდა თვალებში, იწიწკნიდა მოკრეჭილ ულვაშებს, გშინჯავდა, გათვალიერებდა“, - ასე ახასიათებს თავის მასწავლებელს ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომელმაც უმთავრესად სწორედ პეტრე უმიკაშვილის ფინანსური შეწევნითა და პროტექციით შეძლო უმაღლესი განათლების მიღება გერმანიაში.

...როდესაც გარდაიცვალა, მისმა სიკვდილმა ყველა გულწრფელად დააღონა. პეტრე უმიკაშვილი ფიზიკურად ძალიან ჯანმრთელი აგებულების კაცი იყო და ავადმყოფობა იშვიათად იცოდა. იმსხვერპლა გარეგნულად სულ უმნიშვნელო დაავადებამ:

„რაღაც გაციების გამო ცალი ყური ასტკივდა, შიგნით დაუმწიფდა და ბალღამმა დენა დაუწყო. ექიმი, რომელიც სწამლობდა (ყურის სპეციალისტი მაისურიანცი), აიმედებდა და მალე მორჩენას ჰპირდებოდა. მაგრამ ავადმყოფს თანდათან უარესობა დაეტყო. იყო ექიმთა კონსილიუმიც. მაგრამ სენმა თავისი გაიტანა. ყურიდან ჩირქი ავადმყოფს ტვინის აპკზე გადაუვიდა, რამაც ტვინის ანთება გამოიწვია, და ეს ტკბილი და უწყინარი ადამიანი ორ დღეში წუთისოფელს გამოესალმა“.

პეტრე უმიკაშვილის ნეკროლოგი

1904 წ. 28 მაისს დილის 10 საათზე ქართველმა მწერლებმა, ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, პეტრე უმიკაშვილის ნეშტი გამოასვენეს თეატრის შესახვევში მდებარე მისი ბინიდან. მიცვალებულს მრავალმა ხალხმა მიაგო პატივი. კათოლიკეთა მიძინების ეკლესიაში წირვისა და წესის აგების შემდეგ, ცხედარი წასვენებულ და დასვენებულ იქნა კუკიის კათოლიკეთა სასაფლაოზე.

ტასო - „ჯეჯილის“, „კვალის“ და ყველა ქალის მფარველი

მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია თუმანიშვილი გაიზარდა მიხეილ თუმანიშვილის (ცნობილი მწერლის, ქართული თეატრისა და ჟურნალის აღორძინების ერთ-ერთი ინიციატორის) ოჯახში, იმ დროის საქართველოში ქალისთვის უმაღლესი განათლების მიღება წარმოუდგენლად რთული საქმე იყო.

მიხეილ თუმანიშვილი

1877 წელს ანასტასია საგანგებოდ გაემგზავრა საფრანგეთსა და შვეიცარიაში, სადაც ოთხი თვე დაჰყო. ძლიერი სურვილის მიუხედავად, სასწავლებლად ვერ დარჩა, დედის ავადმყოფობამ შეუშალა ხელი, თუმცა ევროპაში მოგზაურობამ, როგორც თვითონ ჩაწერა დღიურში, განსაზღვრა მისი ცხოვრების მიზანი: მუშაობა ხალხისათვის, უპირატესად ქალებისთვის...

„შევერთდით სამი-ოთხი ქალი: ელ. ყიფიანი (ლორთქიფანიძის მეუღლე), ეკ. მესხისა, ეკ. ღვინიაშვილი (ფურცელაძისა), ნიკოლაძის ქალები და გამოვეცით ორი წიგნი“, - ასე დაიწყო ანასტასია თუმანიშვილის, მწერლის, რედაქტორ-გამომცემლისა და ქალთა დიდი ქომაგის საზოგადოებრივი საქმიანობა.

ანასტასია თუმანიშვილი ეკატერინე გაბაშვილთან ერთად იყო პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს ქალთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად.

1886 წელს, სამწლიანი ბრძოლის შემდეგ, ანასტასია თუმანიშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, ოფიციალურად აფორმებს „მასწავლებელ ქალთა საზოგადოებას“, რომელსაც შემდეგ მთელი 33 წელი თავმჯდომარეობდა. საზოგადოება მფარველობდა ხელმოკლე მასწავლებლებს, განსაკუთრებით რაიონებში მომუშავე ქალ მასწავლებლებს, რომლებსაც ეხმარებოდნენ როგორც ფულით, ასევე ნივთებით.

ანასტასია თუმანიშვილის დაფუძნებულია ხელთუბნის სკოლა, რომელზეც მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრუნავდა. სწორედ ხელთუბნის სკოლას უკავშირდება ერთი ინციდენტი, რომელმაც კარგად გამოაჩინა ანასტასიას ფიცხი ხასიათი. საქმე კი ასე იყო: წერა-კითხვის გამავრცელებლ საზოგადოებას სკოლისთვის მოთხოვა 200 მანეთი, მაგრამ, როგორც ანასტასიაზე დაწერილი ვრცელი მონოგრაფიის ავტორი, სერგი მინაშვილი შენიშნავს, მოითხოვა ისეთი დაბეჯითებით, რომ საზოგადოების გამგეობის წევრს, იაკობ მანსვეტაშვილს ღიმილი მოჰგვარა, რაც კარგად ჩანს მის პასუხშიც:

„კარგს ინებებთ, რომ ამ კვირას, როგორც იწერებით, ჩამოხვიდეთ, საქმესაც კარგად გაიგებთ და, ვგონებ, ფულსაც მიიღებთ, ან კი როგორ გეტყვით უარს, როდესაც ასეთს მუქარას გვითვლით, რომ თუ არ მომცემთ ფულს, სამუდამოდ დამკარგავთო. ღმერთმა ნუ ქნას, მე პირველი დაგიჭერთ, რომ ჩვენგან არ წახვიდეთ... „удостоверение“-ს გიგზავნით ხაზინიდამ ფულის მისაღებად“.

ანასტასია თუმანიშვილი

ანასტასია იყო საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილისა“ და გაზეთ „კვალის“ რედაქტორ-გამომცემელი. ვინმეს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ „კვალი“ - ეს მნიშვენლოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი იყო „ჯეჯილის“ პირმშო და არა პირიქით. საქმე ის არის, რომ XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა პირობები ახალი გაზეთის გამოცემისა. პირობათა შორის უმთავრესი იყო ის, რომ ბევრ ახალი თუ ძველი თაობის მოღვაწეს უთანხმოება ჰქონდა „ივერიასთან“, ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა განხეთქილებამ ბანკის გარშემო. შესაბამისად, საჭირო იყო ახალი ტრიბუნა, მაგრამ მეფის რუსეთში გაზეთის გამოცემა ძნელი საქმე იყო. სერგი მინაშვილის მიხედვით, სწორედ ანასტასიას მოაგონდა, რომ სომხურ საყმაწვილო ჟურნალს - „აღპიურს“ ჰქონდა კვირეული დამატება მშობლებისათვის „ტარაზ“. და ანასტასიას დაებადა აზრი, რომ ასეთი დამატებისათვის ნებართვას უფრო ადვილად მიიღებდნენ, ვიდრე დამოუკიდებელი გაზეთისთვის. ითქვა ისიც, რომ „ჯეჯილის“ დამატება სინამდვილეში განკუთვნილი იქნებოდა არა მშობლებისათვის, არამედ „ახალი თაობისათვის“. ანასტასიას გვერდში ამოუდგნენ გიორგი წერეთელი, აკაკი წერეთელი და ვანო მაჩაბელი, რომლებმაც შეადგინეს კიდეც „კვალის“ მომავალი სარედაქციო კოლეგია.

1892 წლის ოქტომბერში ანასტასია განცხადებით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარეს და „ჯეჯილის“ დამატებად ჟურნალ "კვალის" გამოცემას ითხოვს.

როგორც იქნა, ანასტასიამ მიიღო „კვალის“ გამოცემის უფლება, დაინეტერსებულ პირთ კი დაურიგდათ შემდეგი ხასიათის მიმართვა:

„1893 წელს იანვრიდან ყოველ კვირაობით გამოვა ნახატებიანი ჟურნალი „კვალი“, იმის დანიშნულება იქნება:

1. განავრცელოს საქართველოში და ყოველ ქართულ ოჯახში სწავლა-მეცნიერება;

2. საფუძვლიანად გამოიკვლიოს ყოველდღიური ცხოვრების ვითარება და იმისი საჭიროება;

3. მისცეს მას მეცნიერების საშუალებით გარკვეული პასუხი;

4. და ადვილ-გასაგები ლიტერატურის ენით შეაყვაროს კითხვა ჩვენს საზოგადოებას. ამასთან მძიმე საქმის ასრულებას მარტო „კვალის“ რედაქცია ვერ შეძლებს, თუ ყოველმა სამშობლოსათვის გულშემატკივარმა ქართველმა თავისი წვლილი არ მოგვაწოდა.

თქვენი თანამშრომლობის მოიმედე „კვალის“ რედაქტორი - ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი".

ამ დროს ანასტასია უკვე გიორგი წერეთლის ცოლია.

გიორგი წერეთელი ცოლთან და შვილებთან

გიორგი წერეთლის პირველი მეუღლე, ოლიმპიადა ნიკოლაძე (ნიკო ნიკოლაძის უმცროსი და) 1883 წელს გარდაიცვალა. ანასტასიამ და გიორგიმ ჯვარი 1891 წლის ზაფხულში, ხელთუბნის ეკლესიაში დაიწერეს.

ლიტერატურის მუზეუმში ინახება ოლიმპიადას დის, ეკატერინე ნიკოლაძის წერილი (დათარიღებული 1891 წლის 10 აგვისტოთი), რომლის ადრესატი ანასტასია თუმანიშვილია:

„რაც შეეხება გიორგის არჩევანს, განმეორებით მეგობრის გამორჩევაში, გეფიცები იმ ჩემს დაკარგულ დას, ეგ არჩევანი ყოველის მხრივ სასიამოვნოა: პირველი, რომ იმან არ დასცა ჩემი დის სახელი და სამაგიეროდ ღირსეულთან გაჩერდა; მეორე რომ, შენ დღემდისაც ჩვენი საუკეთესო მეგობარი იყავი და დღეიდან საერთო ინტერესები კიდევ უფრო დაგვაახლოვებს, მესამე, - რას ვამბობ, მესამე-თქო, მესამე კი არა ჩემი ცხოვრების უპირატესი საგანი - ჩემი საცოდავი ობოლი დისწულების დედა ხდები“.

ანასტასიას ერთ-ერთი გერი ირაკლი (კაკი) წერეთელია - ცნობილი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, რომელმაც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაშიც გააგრძელა ბოლშევიზმთან ბრძოლა. სხვათაშორის მისი ხელშეწყობით დაარსდა რადიო „ევროპის გათავისუფლების“, შემდგომ რადიო „თავისუფლების“ ქართული სექცია.

ირაკლი (კაკი) წერეთელი

ანასტასიას ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ქალთა ქართული სასწავლებლის დაარსება, რის აუცილებლობასაც ასე ასაბუთებდა:

„ვის ხელში უნდა იყოს აღზრდა-განათლება?.. ჩვენი ოჯახის ბედ-იღბალი? ვის ხელში უნდა იყოს სამშობლო ენის დაცვა? - კიდევ და კიდევ ვიტყვით - დედაკაცების ხელში. განა არ გვიჭირს მათ განათლებაზე, მათ შკოლებზე ზრუნვა? მერე რას ვხედავთ? ამისთანა მძიმე საქმეში განა ერთი ჯგუფი ქალებისა რასმე გახდება. თუ მთელი საზოგადოება ამ საჭირბოროტო საქმეს არ მიიჩნევს თავის საკუთარ საქმეთ?.. ნუ დაივიწყებთ ქალების აღზრდას, მეტი ყურადღება მიაქციეთ ამ საქმეს... მიეშველეთ, თორემ ოჯახი დაიღუპება, მამული სხვის ხელში გადადის უდედაკაცობით და ჩვენ ვრჩებით პირში ჩალაგამოვლებულები“ (ან. თუმანიშვილი. ჩვენი საჭირბოროტო საქმე. „კვალი“. 1895 წ. N21)

სკოლა დაარსდა ყაზბეგის ქუჩაზე და მას ყაზბეგის სკოლა ეწოდა, მაგრამ ეს იყო დაწყებითი ტიპის სკოლა, ანასტასია კი საშუალო სკოლას ითხოვდა. ამ მიზნის მისაღწევად ჩამოაყალიბა ქალთა წრე, რომელმაც თავის მხრივ დაარსა საზოგადოება „განათლება“ (18 წელი უცვლელად თავმჯდომარეობდა ანასტასია). 1909 წლის იანვრიდან ქალთა ქართული სასწავლებელი თავის საკუთარ შენობაშია და განათლებას აძლევს 113 გოგონას - უმთავრესად ღარიბთა და ხელმოკლე ოჯახთა შვილებს, რომელებიც ან უფასოდ სწავლობდნენ ან მცირე გასამრჯელოს იხდიდნენ.

ანასტასია თუმანიშვილმა დაარსა მწერალ ქალთა წრე და ქართველ მწერალ ქალთა ალმანახი, რომლის პირველი ტომი გამოსცა 1925 წელს.

ა. თუმანიშვილი, ეკ. გაბაშვილი, კეკე მესხი

სიცოცხლის ბოლო წლები პარალიზებულმა გაატარა საწოლში. შვიდი წელი მორიგეობდნენ მეგობრები ანასტასიას სარეცელთან. "დადამბლავებულს" მოძრაობა არ შეეძლო, მხოლოდ - ლაპარაკი. და როდესაც მის სანახავად მისული მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, წარმოება-დაწესებულებათა ხელმძღვანელები მიდიოდნენ და როცა ეტყოდნენ, თუ გაქვს რამე სურვილიო, უპასუხებდა:

„როცა ყმაწვილ, გაჭირვებულ ქალებს გამოგიგზავნით ხოლმე, ალაგი მიეცით, რომ იმსახურონ“ („ა. თუმანიშვილი-წერეთელი“. სერგი მინაშვილი. 1978 წ)

ანასტასიამ თავისი ბიბლოეთეკა და ოთახი საბავშვო წიგნის კაბინეტს დაუტოვა ანდერძით.

გარდაცვალების შემდეგ პოეტმა ვარლამ რუხაძემ ასე გამახატა ანასტასიას ღვაწლი:

ობლებს ედედავა, რძე აწოვა ტკბილი...

არ უნახავს შვება, არ უნხავს ძილი.

ვაჟკაცურად ეპყრა ხელში ბრძოლის ხმალი

და ღირსეულადაც მოიხადა ვალი...

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი 1932 წლის 7 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალეს 11 თებერვალს, მთაწმინდაზე და არა დიდუბის პანთეონში, სადაც 1900 წლიდან მისი მეუღლე, გიორგი წერეთელი განისვენებდა.