ვლადიმირ სოროკინი ბოლო წლები ორ სახლში ცხოვრობდა - რუსეთსა და გერმანიაში. მწერლის ოპტიკას, მისი განმარტებით, გარემოს, ვითარების შეცვლა სჭირდება. მაგრამ 2022 წლის თებერვალში რუსეთიდან მწერლის წასვლა, რა თქმა უნდა, გამოწვეული იყო არა შემოქმედებითი მიზეზებით.
თავის ტექსტებსა და გერმანულ მედიასთან ინტერვიუებში სოროკინი ამტკიცებს, რომ რუსეთში პოლიტიკური რეჟიმის ბუნება არ შეცვლილა ივანე მრისხანის დროიდან. „წითელი პირამიდა“, როგორც ის უწოდებს ამ რეჟიმს, აგრძელებს ძალადობის გამოსხივებასა და ნორმად დამკვიდრებას.
სოროკინი ამბობს, რომ საბჭოთა გვამი არ დამარხეს 1990-იან წლებში, შესაბამისად, იგი დღემდე განაგრძობდა ლპობას აქვე კუთხეში, ბოლოს კი საერთოდ ზომბად გადაიქცა და მთელ მსოფლიოს განადგურებით ემუქრება.
რისი გაკეთება შეუძლია სიტყვას არაადამიანურობასთან ბრძოლაში? შეუძლიათ კი რომანებს ომების შეჩერება? არის თუ არა დამნაშავე რუსული ლიტერატურა პუტინის რეჟიმის მიერ გაჩაღებულ ომში და პასუხისმგებლობის რა წილი აქვს თითოეულ ჩვენგანს? ამის შესახებ მწერალმა ისაუბრა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში:
- ჩეხოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრში სპექტაკლის „ოსტატი და მარგარიტას“ 29 იანვრის პროგრამიდან გაქრა პერსონაჟი ვოლანდი. ყველა სხვა ადგილზეა, ვოლანდის გარდა. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?
მიწაში იდება რუსეთის მამრობითი სქესის ახალგაზრდა მოსახლეობა. სადღაც ინტერნეტში ვიპოვე ახალი ტერმინი - „განმამაკაცება“
- (იცინის) გენიალურია! რუსეთი, რა თქმა უნდა, სიმბოლოებისა და ლიტერატურული პერსონაჟების ქვეყანაა, არა? ეს შეგვიძლია ასევე გავიგოთ: ჩვენს სახელმწიფოში იმდენი კორუმპირებული დემონია, რომ რომანტიკულ ვოლანდს აქ არაფერი ესაქმება. ვოლანდი სამართლიანობას აღასრულებდა, ჩვენი დემონები კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. პუტინი აშკარად არ არის ვოლანდი. სამართლიანობა მისი პრინციპი არაა. პუტინი დიდი დამანგრეველი და ყველაფრის მესაფლავეა - ყოველივე მომხდარის შემდეგ შეუძლებელია მისი აღქმა სხვაგვარად: თავისი მმართველობის დროს მან გაანადგურა და დამარხა ყველაფერი, რასაც შეეხო. დამარხა საღი აზრი. პრაქტიკულად დამარხულია რუსეთის ბოლო „ოქროს საბადოც“ - ნახშირწყალბადების ექსპორტი. იმარხება ჯარი. როგორც რეალურად, ასევე სიმბოლურად, და სულ ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მიწაში იდება რუსეთის მამრობითი სქესის ახალგაზრდა მოსახლეობა. სადღაც ინტერნეტში ვიპოვე ახალი ტერმინი - „განმამაკაცება“. საკმაოდ ინფერნული ამოცანაა. ეს ყველაფერი, როგორც ბულგაკოვმა დაწერა, შავი მაგიის თვითმხილების გაჭიანურებული სეანსია.
- ომის დაწყების შემდეგ ხშირად ჩნდებით გერმანულ პრესაში; თქვენს ტექსტებსა და ინტერვიუებში პუტინის რეჟიმს განიხილავთ არქაიზმის კატეგორიებით (მოჰყვებით ამ ტრადიციას ივანე მრისხანის დროიდან), მაგრამ, იქნებ, პირიქითაა და ეს არის პოსტმოდერნის მოულოდნელი, ამაზრზენი ამოვარდნა, დეფექტი?
ასევე ნახეთ ივანე მრისხანის დაბრუნება- მაინც ვფიქრობ, რომ არქაიკაა, რომელიც პოსტმოდერნზე უფრო მაგარია, რადგან სახელმწიფო მანქანა არსებობს მე-16 საუკუნეში შექმნილი თარგის მიხედვით და ძალაუფლების ამჟამინდელი ვერტიკალი, არსებითად, არაფრით განსხვავდება ივანე მრისხანის ძალაუფლების პირამიდისგან. ბუნებრივია, ეს პირამიდა არ არის აგურისა და ხის, არამედ პლასტმასა-მინა-ბეტონისაა, და ოპრიჩნიკებიც ახლა დადიან არა შავრა ცხენებით, არამედ „მერინებით“ - გერმანული წარმოების „მერსედესებით“. თუმცა „მერინი“ (რუს. мерин - იაბო) დაკოდილი, კასტრირებული ცხენია. ამაშიც არის რაღაც სიმბოლური.
- ამბობენ, რომ მალე „მერინებისთვის“ სათადარიგო ნაწილები აღარ იქნებაო.
- მაშინ მოუწევთ შავრებზე გადასხდომა.
- ისევ თქვენს ციტატას მოვუხმობ. თქვენ თქვით, რომ საბჭოთა სამყაროს გვამი 1990-იან წლებში არ დამარხეს და მთელი ამ წლების მანძილზე კუთხეში ლპება, მაგრამ ახლა გვამი ადგა და ხალხის დასახოცად წავიდა. Როგორ არის ეს შესაძლებელი? და საერთოდ რა არსებაა ეს?
ზევით, როგორც მე-16 საუკუნეში, ზის ერთი მმართველი, რომელსაც აქვს სრული ძალაუფლება, ქვემოთ კი მისი ოპრიჩნინა და მრავალრიცხოვანი ერთგული ქვეშევრდომები არიან.
- ზომბი - გვამი, რომელიც გაცოცხლდა, თუმცა ამით ის ადამიანი არ გამხდარა. ელცინის დროს ეს გვამი კუთხეში მიდგეს და ნახერხი მიაყარეს. იმედოვნებდნენ, რომ თავისით გაიხრწნებოდა, მაგრამ არა, სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა - ინფერნალური, იმქვეყნიური გაგებით, გაცოცხლებით კი გააცოცხლეს იმპერიული რესენტიმენტის ქომაგებმა როგორც ტელევიზორში, ასევე მის გარეთ; შემდეგ მიუერთეს ელექტროდები და, როგორც იტყვიან, გვამი მუხლებიდან წამოდგა. ახლა კი ის ანგრევს ქალაქებს, ემუქრება მსოფლიოს ბირთვული ხელკეტით. შემთხვევით არ არის, რომ ამ გიჟური ომის მთავარი ნიშანია ასო Z - ზომბი.
- რუსული ენის ნორმებით ჩვენ ვამბობთ „ის“, მხედველობაში მაქვს გვამი. მაგრამ საინტერესოა, მდედრობითი სქესისაა თუ მამრობითის? იქნებ სულაც საშუალო სქესია?
- მგონია, რომ საშუალო სქესია, რადგან საუბარია სახელმწიფოს (რუს. Государство) სახეზე, ხატებაზე. საკუთრივ, ვერ მოხერხდა ივანე მრისხანის ამ პირამიდის დამარხვა 1990-იან წლებში - მხოლოდ ფასადი განუახლეს და მანაც განაგრძო ფეხზე დგომა. ზევით, როგორც მე-16 საუკუნეში, ზის ერთი მმართველი, რომელსაც აქვს სრული ძალაუფლება, ქვემოთ კი მისი ოპრიჩნინა და მრავალრიცხოვანი ერთგული ქვეშევრდომები არიან.
- უკრაინა თავდაუზოგავად ეწინააღმდეგება აგრესიას, რასაც რუსეთში ცოტა ვინმე ელოდა. მაგრამ ომი ასევე კლავს სხვა, სიმბოლური გაგებითაც. ომმა გაანულა მილიონობით იმ ჩვენი თანამემამულის ცივილიზაციური ძალისხმევა, რომლებსაც სხვაგვარად სურდათ ცხოვრება. ყველა ძალისხმევა 30 წლის განმავლობაში - პერესტროიკის შემდეგ - ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამაო იყო. თქვენ არ გაქვთ ასეთი გრძნობა?
სოციალისტური ბლოკის ყოფილი ქვეყნების უმეტესობაში მოხერხდა ტოტალიტარიზმის გვამის 1990-იან წლებში დამარხვა
- კითხვა, რა თქმა უნდა, ონტოლოგიური ხასიათისაა. ყველაფერი ამაო არ ყოფილა. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ და შეგვიძლია ამაზე საუბარი. და არიან საკმარისი რაოდენობის საღად მოაზროვნე რუსები, რომლებსაც ესმით, რომ ხუთი საუკუნის ინერცია ძალიან ძლიერი აღმოჩნდა და, რომ 1990-იან წლებში დემოკრატების ჯგუფს არ შეეძლო ამ მახინის დაძვრა. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ყველანი ერთი და იმავე პარტიული ბილეთებით იყვნენ. რუსეთში არ იყო ისე, როგორც გერმანიაში 1940-იანი წლების ბოლოს, ან ჩეხეთში, ვთქვათ, 1990-იან წლებში. სამწუხაროდ, რუსებს ვაცლავ ჰაველი არ აღმოაჩნდათ, გერმანია კი დამარცხებული იყო და ყველაფერს გამარჯვებულები წყვეტდნენ. სწორედ მათ გაუთხარეს საფლავი ნაციზმის გვამს, ანტიფაშისტმა გერმანელებმა კი ჩააგდეს შიგ.
სოციალისტური ბლოკის ყოფილი ქვეყნების უმეტესობაში მოხერხდა ტოტალიტარიზმის გვამის 1990-იან წლებში დამარხვა. სსრკ დაინგრა არა სამხედრო მარცხის შედეგად, არამედ საკუთარი შეუძლებლობის გამო. საუბარია არა ეკონომიკის ან პოლიტიკის, არამედ ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების შესახებ. მახსოვს, 1979 წელს ვმუშაობდი ჟურნალ „სმენაში“ სამხატვრო რედაქტორად. ორი სამხატვრო რედაქტორი ვიყავით. ჩემი კოლეგა ცხოვრობდა სერგიევ პოსადში, სამსახურში საგარეუბნო მატარებლით („ელექტრიჩკით“) დადიოდა. მან მიამბო, რომ ერთხელ შაბათს, როცა დილით გაიღვიძა, მისმა მცირეწლოვანმა შვილმა სთხოვა, მამა, შებოლილი ძეხვი მინდაო. რა უნდა ექნა?! ჩაჯდა მატარებელში და შებოლილი ძეხვის შესაძენად მოსკოვში წავიდა. ეს ხდება 1979 წელს, მოსკოვის გარეუბანში. არა 1949 წელს ან 1929 წელს, არამედ 1979 წელს. პროვინციებიდან მოსკოვში ხალხი ჩადიოდა ქალის ჩექმებისა და შებოლილი ძეხვის შესაძენად. ასეთი სახელმწიფო არ არის სიცოცხლისუნარიანი. საბჭოთა კავშირი უშვებდა კოსმოსურ ხომალდებს, მაგრამ ვერ უზრუნველყოფდა მოქალაქეებს ელემენტარული ნივთებით. საკუთრივ, ამიტომაც დაინგრა და არა CIA-ის ხრიკების გამო. დაინგრა ლენინურ-სტალინური პროექტის კრახის და არა ომის შედეგად. ამიტომაც მოხდა რევანში. ჩვენ არავინ გაგვითხარა საფლავი სავოკისათვის.
- ეს აზრი ყველას უჩნდება, ვინც ფსიქოანალიზის საფუძვლებს იცნობს. ხომ არ არის ამ აბსურდულ ომში მთელი რეჟიმის ფროიდისეული არაცნობერი „სიკვდილისკენ ლტოლვა“? პუტინის რეჟიმი ხომ სავსებით ნორმალურად არსებობდა 22 წლის განმავლობაში, ხალხიც უკეთესად ცხოვრობდა, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების დროს. მაგრამ არა: რატომღაც საჭიროდ ჩათვალეს ყველაფრის განადგურება, საკუთარი თავის ჩათვლით.
- ეს იდეა ზედაპირზე დევს და მასზე უკვე ბევრმა დაწერა და ილაპარაკა. „ისინი ჩაძაღლდებიან, ჩვენ კი სამოთხეში წავალთ“. გამოდის, რომ პუტინის ეს ფრაზა დღევანდელი სახელმწიფო პოლიტიკაა. მაგრამ მანამდე რეჟიმმა პირველ რიგში საღი აზრი დაასამარა. ის, რასაც დღეს სახელმწიფო მოხელეები ტელეეკრანებიდან ბოდავენ - პროპაგანდისტებზე აღარაფერს ვამბობ - საღი აზრის მიღმაა. პარანოიდული შიზოფრენია სუფთა სახით. ვფიქრობ, ამის გაანალიზებას მრავალ წელს მოანდომებენ ფსიქიატრები და სოციოანთროპოლოგები.
- ადრე, რამე მარტივი ფინანსური ტრანზაქციის განსახორციელებლად, ინტერნეტში ორი დაწკაპუნება იყო საკმარისი. ახლა რუსეთის მოქალაქეს ფულის გასაგზავნად ან მისაღებად ჰერაკლეს გმირობების ჩადენა სჭირდება. თითქოს მსოფლიოს ყველა ბორბალი დაჟანგდა.
- ყველაფერი იშლება, მაღაზიები ცარიელდება. თქვენ იცით, რა თქმა უნდა, რომ ასობით კომპანიამ გაიტანა თავისი ბიზნესი რუსეთიდან. ეს პროცესი გაგრძელდება და, შესაბამისად, მათ რიცხვი, ვინც ფულად გზავნილებს აკეთებს, შემცირდება. მოსკოვი ესაა სახელმწიფო სახელმწიფოში და სახელმწიფო ძალაუფლების ეს მსუყე ადგილი ბოლომდე ეცდება ისე დაიჭიროს თავი, თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ მოსკოველები უკვე წუწუნებენ, რომ ყველაფერი გაძვირდა: სასმელი, საკვები, ტანსაცმელი. და რა ხდება პროვინციებში?! თუ ხალხი მართლა „კუბოს ფულის“ - ფრონტზე დაღუპული ოჯახის წევრის კომპენსაციის იმედადაა, ეს მორალურ დეგრადაციაზე კი არა, ჩვეულებრივ სიღატაკეზე მეტყველებს.
- პუტინმა ასევე დაანგრია რუსული სამყარო, რომლის აგებასაც დიდი ძალისხმევით ცდილობდა. რატომ თანხმდებიან ადამიანები ამ მასობრივ თვითმკვლელობას, საიდან მოდის ელემენტარული ინსტინქტების ეს კოლექტიური დაკარგვა, მათ შორის, თვითგადარჩენის გრძნობისა?
- იცით, 1960-იან წლებში მე პატარა ბიჭი ვიყავი, გარეგნულად ეს კეთილდღეობის წლებია: არ იყო მასობრივი რეპრესიები, ტოტალური შიში, რომ ღამით მოვიდოდნენ და წაგიყვანდნენ. მაგრამ შინაგანად, თავად ხალხში, ყველაში იყო შიშისა და ძალადობის მარცვალი, რომელიც თავს იჩენდა გარკვეულ წვრილმან შემთხვევებში, საყოფაცხოვრებო დონეზე, მატარებლებში, მაღაზიებში. ბოლოს და ბოლოს, რა არის საბჭოთა პროექტი? ეს არის დანაშაული არა მხოლოდ კაცობრიობის, არამედ ადამიანის, როგორც სახეობის - ჰომო საპიენსის წინააღმდეგ. დარტყმა ადამიანზე. საბჭოთა ადამიანს ძალადობის გზით ართმევდნენ არჩევანის საშუალებას.
ბოლოს და ბოლოს, რა არის საბჭოთა პროექტი? ეს არის დანაშაული არა მხოლოდ კაცობრიობის, არამედ ადამიანის, როგორც სახეობის - ჰომო საპიენსის წინააღმდეგ
შინაგანი თავისუფლება კი, ფაქტობრივად, არის კიდეც არჩევანის თავისუფლება - ჰომო საპიენსის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. ადამიანს შეუძლია არჩევანი გააკეთოს თვითმკვლელობასა და სიცოცხლეს შორის, ცხოველს ეს არ შეუძლია. საბჭოთა ადამიანს საყვარელი სიგარეტის არჩევაც კი არ შეეძლო. მარტინ ალექსეევიჩების (სოროკინის „ნორმის“ ერთ-ერთი მოთხრობის უსახელო გმირი) ჩლუნგი, უმოტივაციო ბრაზი, ფაქტობრივად, ხალხის რეაქციაა არჩევანის არქონაზე. ჩემს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში მსგავს საძაგელ სცენებს ვხედავდი ყოველ ნაბიჯზე - ყოფით ცხოვრებაში, ოჯახებში, ქუჩაში... სახელმწიფო სრესდა ადამიანს, ის კი ერჩოდა ნათესავებსა და მეზობლებს. 1990-იან წლებში მკითხველები ხშირად მეუბნებოდნენ: „ვოლოდია, ჩვენთან თითქმის ყველა შენი მარტინ ალექსეევიჩები არიან“. ჩვენ გვყავს ღრმად ტრავმირებული საზოგადოება. ახლა ამ ტრავმამ ომის სახე მიიღო.
- ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში თქვენი გამოსვლისას მსმენელმა შენიშნა: ისეთი შეგრძნებაა, რომ პოსტსაბჭოთა მკითხველებმა 2022 წელს ნებაყოფლობით გადაინაცვლეს თქვენს წიგნებში - „ოპრიჩნიკის დღესა“ და „შაქრის კრემლში“. ამგვარად, ლიტერატურამ გაიმარჯვა ცხოვრებაზე.
საერთოდ ომის დრო ცუდია წერისთვის, რადგან ომი ლიტერატურაზე ძლიერია, რადგან ომი სიცოცხლეს შთანთქავს.
- როგორც მამლეევი წერდა: რა უფრო ძლიერია - არაყი თუ სიკვდილი? რა უფრო ძლიერია - ლიტერატურა თუ ცხოვრება? როდესაც მეკითხებიან, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი - „ოპრიჩნიკის დღე“ ხომ 2006 წელს უკვე დაწერილი იყო - მე ვპასუხობ: სწორი ხაზის გასავლებად მხოლოდ ორი წერტილია საჭირო. საკმარისი იყო საგანგებოდ გაწმენდილ-დაცარიელებულ ლენინის პროსპექტზე ვნუკოვოდან მომავალი პუტინის კორტეჟის (ავტოკოლონის) ერთხელ ნახვა, რომ შეგეგრძნოთ ოპრიჩნინისა და შუა საუკუნეების სული. ანუ, ჩემი აზრით, მაშინ უკვე ყველაფერი ძალიან ნათელი იყო, ახლა კი, მით უმეტეს: თუ მოდურად ჩაცმული მსახიობი ოხლობისტინი წითელ მოედანზე გამართული თეატრალური წარმოდგენის დროს ყვირის „გოიდა!“-ს (ოპრიჩნიკების საბრძოლო შეძახილი) - ეს ჟღერს როგორც „ოპრიჩნიკის დღის“ პირდაპირი ციტატა. ავტორს კი, როგორც ამბობენ, ისღა დარჩენია, მხრები აიჩეჩოს. მთხოვენ, ბოლოს და ბოლოს, დავწერო რაღაც პოზიტიური, მაგრამ ჯერჯერობით არ მეწერინება. საერთოდ ომის დრო ცუდია წერისთვის, რადგან ომი ლიტერატურაზე ძლიერია, რადგან ომი სიცოცხლეს შთანთქავს.
ასევე ნახეთ „ოპრიჩნიკის დღე“ თბილისში- ომი გვაიძულებს, გადავიაზროთ, მათ შორის, მთელი რუსული კულტურა; დღეს ბევრი იწერება რუსული ლიტერატურის დანაშაულის შესახებ, რომ ის მილიტარისტულია და თავისი ბუნებით იმპერიული ხასიათისაა. იხსენებენ პუშკინს მისი „რუსეთის ცილისმწამებლებით“, ლერმონტოვს და ტოლსტოისაც კი - პირველ პაციფისტს, მაგრამ ისიც ხომ, ასე ვთქვათ, ომიდანაა გამოსული. არა მხოლოდ გოგოლის „შინელიდან“ ამოიზარდა რუსული ლიტერატურა, არამედ ჯარისკაცის ჩექმიდანაც.
ომის დაწყების შემდეგ მე ვნახე კადრები კიევიდან: ნაგავსაყრელი - და იქ დევს პუშკინის პორტრეტი. ეს ნორმალურია. უკრაინელებს აქვთ ამის სრული უფლება
- მოხელის შინელია, ჩექმაც შეიძლებოდა ყოფილიყო მოხელის... არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ რუსული ლიტერატურა თავისი ბუნებით მილიტარისტულია. ავიღოთ პუშკინი და ლერმონტოვი - მე-19 საუკუნის პირველი ნახევარია; მაშინ იმპერიული მეომრული განწყობა ნორმა იყო ყველა ხალხისთვის. ტოლსტოის მილიტარიზმი - საინტერესოა, რაში მდგომარეობს? ტოლსტოის საერთოდ სძულდა ომი, მას სიგიჟედ და ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო რამედ მიიჩნევდა. მე-19 საუკუნეში ყველა სახელმწიფო იმპერია იყო, იმპერიული სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი ნებისმიერი პოეზია - გაიხსენეთ ბაირონი ან გერმანელი რომანტიკოსები. ამიტომ, ამ სიიდან ამოვრიცხავდი, სულ ცოტა, ჩვენს სამ წვერებიანს - ტოლსტოის, დოსტოევსკისა და ჩეხოვს. და კიდევ ტურგენევს. ისინი არ არიან მილიტარისტები, თუმცა ომის დაწყების შემდეგ მე ვნახე კადრები კიევიდან: ნაგავსაყრელი - და იქ დევს პუშკინის პორტრეტი. ეს ნორმალურია. უკრაინელებს აქვთ ამის სრული უფლება. პუშკინი ნიკოლოზის (ნიკოლოზ პირველის) იმპერიის სახეა, მაგრამ არა ტოლსტოი და არა ტურგენევი.
- რუსულ წიგნებზე გაზრდილმა ერთმა უკრაინელმა ინტელექტუალმა 24 თებერვალს ნაგავში გადაყარა ოკუჯავაც, ბროდსკიც. ეს იყო ჟესტი: ამ გზით მას სურდა სიმბოლურად გაეწყვიტა უკანასკნელი კავშირი რუსულ სამყაროსთან. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ჩვენ გვესმის ამ ადამიანისა, ჩვენ არაფერი გვეთქმის.
- არც არის საჭირო რამის თქმა. რადგან ის ადამიანი მართალია. ისევე როგორც მართლები იყვნენ ფრანგები და ჰოლანდიელები, რომლებიც 1940-იან წლებში გერმანულ წიგნებს სანაგვეში ყრიდნენ და ამბობდნენ, „ჩვენი შვილები არასოდეს ისწავლიან ჰიტლერის ენასო“. მაგრამ ომები დასრულდა და დღეს გოეთეს ან თომას მანს საფრანგეთშიც კითხულობენ და ჰოლანდიაშიც, სწავლობენ უნივერსიტეტებში. მაგრამ ყოველთვის ისე ხდება, რომ ომზე პასუხისმგებლობა ყველაზე ადრე ლიტერატურას ეკისრება, თუმცა ის არავის კლავს. ასეთი რეაქცია სავსებით პროგნოზირებადია ომის დროს: აქამდე საყვარელი წიგნები ახლა უკვე მტრის ენაა.
- ომმა ბევრი სიტყვა წაბილწა, გააუფასურა, თავდაყირა დააყენა. რუსულ ყოველდღიურ ცხოვრებაში გავრცელებულია სიტყვები „მშობლიური“, „ნათესავები“, რომლებსაც ერთმანეთთან ფამილარული მიმართვისას ვიყენებთ. სინამდვილეში, ეს არის ფარული ძალადობა, რომელიც შენიღბულია გულის ამაჩუყებელი ფორმით. ასეთი სიმბოლური ძალადობა ფაქტობრივად შეზრდილია რუსულ ყოველდღიურ მეტყველებაში. ჩვენ მოგვიწევს უამრავ სიტყვასა და გამოთქმაზე უარის თქმა, ერთი შეხედვით უვნებელზე, მაგრამ რომლებიც ახლა სისხლში არიან გარეულები.
- თანამედროვე რუსული სალაპარაკო ენა მძიმე გრძნობებს იწვევს ჩემში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, სემანტიკურად, ლექსიკურად გაღარიბდა, შეივსო შორისდებულებით, უხამსობითა და კრიმინალური ლექსიკით. ხელისუფლება ფაქტობრივად „ფენიაზე“ (რუს. Феня - ქურდული ჟარგონი) ალაპარაკდა. იმის გათვალისწინებით, რომ ივანე მრისხანის ამ პირამიდაში მთელი გამოსხივება მოდის ზემოდან ქვევით, ყველა ჩინოვნიკმა დაიწყო ლაპარაკი ქურდულ ჟარგონზე, ხალხმა - მით უმეტეს. ინტერნეტში მოვისმინე მობილიზებულების საუბრები ნათესავებთან. ოჯახებში ამ რაოდენობის უწმაწური ყოფითი ლექსიკა არ ყოფილა არც 1970-იან და არც 1980-იან წლებში. დეგრადაცია ხდება მენტალურ დონეზე. ასე რომ, ესეც კანონზომიერი პროცესია: თუ ხელისუფლება დეგრადირდება, ხალხიც ვალდებულია დეგრადირდეს.
- უსიამოვნო კითხვა უნდა დაგისვათ: ომის გამო კოლექტიური ან ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა რუსს, ჩვენ ყველას?
ჩვენ, რუსები, ყველა შევსვამთ მწარე ფიალას. ყველას მოუწევს თავისი წილი ქვის ზურგით ტარება
- ვფიქრობ, ერთიც არის და მეორეც. რა თქმა უნდა, როგორც რუსი, ვიზიარებ საერთო კოლექტიურ პასუხისმგებლობას გაჩაღებულ ომზე. მაგრამ მე ასევე იძულებული ვარ, ვკითხო საკუთარ თავს: კონკრეტულად რა არ გავაკეთე ამ ომის თავიდან ასაცილებლად? ვფიქრობ, ასევეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი. ეს დანაშაული თანდათან გაიზრდება და ომის დამთავრების შემდეგაც მოგვიწევს მისი ტარება. ჩვენ, რუსები, ყველა შევსვამთ მწარე ფიალას. ყველას მოუწევს თავისი წილი ქვის ზურგით ტარება. რა წონისა და ზომის იქნება - ამას უკვე ყველა თავად განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დამნაშავე ვართ და არა მხოლოდ პუტინი და მისი გუნდი. პრობლემა ის არის, რომ რეჟიმი ახლაც და სტალინის დროშიც ეყრდნობოდა მილიონობით ისეთ ადამიანს, როგორიც იყო სტალინი ან როგორიც არის პუტინი. იმავე ცნობიერებით, იმავე ეთიკითა და ლექსიკით.
- რუსულ პოსტსაბჭოთა ლიტერატურას უნდა ემუშავა კოლექტიურ ფსიქოლოგად, რომელიც გაუმკლავდებოდა ტოტალიტარულ ტრავმას. ამის ნაცვლად, იშვიათ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, პოსტსაბჭოთა რუსული ლიტარატურა გაიჟღინთა ნარცისიზმით. სხვაგვარად მოხდა უკრაინაში, სადაც განთავისუფლება, საბჭოთა ტრავმის დამუშავება იქცა ლიტერატურის გენერალურ, გამჭოლ თემად. სერგეი ჟადანი, ოქსანა ზაბუჟკო, იური ანდრუხოვიჩი და მრავალი სხვა. ამიტომ უკრაინამ საბოლოოდ მოახერხა გათავისუფლება, შეძლო ის, რაც ჩვენ ვერ შევძელით.
- დიახ. იმიტომ, რომ უკრაინა ევროპაა. როცა იქ ვიყავი ხოლმე, ამას ყოველთვის ვგრძნობდი. უკრაინელებს ბევრად უფრო აქვთ განვითარებული ინდივიდუალური საწყისი, ვიდრე რუსებს. ისინი უფრო ჯანსაღები არიან. ჩვენ ვცხოვრობთ ფანტაზიებში, ონეიროიდში. რუსი თითქოს მოგონებებსა და იმედებს შორისაა გაჭიმული. ის არ ცხოვრობს აწმყოში, არ გრძნობს მას. უკრაინელებს ეს გაცილებით ნაკლებად აქვთ, ამიტომაც გამოუვიდათ მაიდანი და დაამხეს სავოკური ხელისუფლება. ნამდვილი ცხოვრებით დაიწყეს ცხოვრება. მოიპოვეს არჩევანის უფლება. რისთვისაც ახლა იბრძვიან წარსულის ზომბებთან. მაგრამ რაც შეეხება ლიტერატურას, მგონია, რომ რომანებს არსად და არასდროს არ შეუჩერებიათ ომები. ცხადია, რომ ლიტერატურას არ შეუძლია ამის გაკეთება. სხვა საქმეა, თქვენ თქვით „ტრავმის დაძლევა“ - დიახ, უკრაინელებს ეს უფრო მეტად ჰქონდათ გააზრებული, ვიდრე რუსებს. ვფიქრობ, საბოლოოდ ბელარუსშიც იგივე იქნება, რაც უკრაინაშია. როცა მინსკში ვიყავი, წმინდა ეგზისტენციალურ დონეზე, ასევე ვგრძნობდი, რომ ევროპელებს შორის ვიყავი. არ არსებობს არც ურდოს ტრადიცია და არც კოლექტივიზმის დიქტატი.
- ომი ყველა საღად მოაზროვნე ადამიანში ასევე იწვევს გრძნობების პარალიზებას. შეუძლებელია ამ საშინელებისა და სირცხვილისათვის სიტყვების შერჩევა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ დუმილი, შევეგუოთ სირცხვილის სიჩუმეს უკრაინის წინაშე. შევძლებთ ვიპოვოთ სიტყვები?
- ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. სირცხვილის დუმილი - მადლობა ზუსტი განმარტებისთვის. ვფიქრობ, რომ რეჟიმის კრახის შემდეგ სირცხვილის ეს კოლექტიური დუმილი აუცილებლად ყველას დაგვატყდება თავზე. ჩამოისხმება ეს დუმილი ოდესმე სიტყვებად, მათ შორის ბეჭდურ სიტყვებად? ვფიქრობ, კი. ადამიანის თვისებაა გამოხატოს ნებისმიერი გრძნობა და არა მხოლოდ ტირილის, ღრიალის საშუალებით. მაგრამ ახლა სიტყვების შერჩევა რთულია. ამიტომაა, რომ ახლა თითქმის არაფერი იწერება, გარდა პუბლიცისტიკისა. მაგრამ ვიცი, რომ კარგად იწერება, მაგალითად, პოეზია ...
- როგორ ხსნით პოეზიის ამ ამოფრქვევას?
- პოეზია სწორედაც რომ ომის დროს იწერება, რადგან ის მოკლე, იმპულსური და ემოციურია. პროზისგან განსხვავებით, მას არ სჭირდება მანძილი. ამიტომ ყოველდღე იწერება და ჩნდება ძალიან ძლიერი ლექსები ომის შესახებ. სხვადასხვა ავტორის. ომის უარყოფაზე. ომის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ეს ბუნებრივია.
- საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ადამიანი არ იყო მიჩვეული საკუთარ თავში ბოროტების გამოვლენასა და მასთან მუშაობას. ჩემი აზრით, ომის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის: გვასწავლიდნენ, რომ ბოროტება ყოველთვის გარეთ არის და არა ჩვენ შიგნით. ამიტომ, რუსეთში ცოტა თუ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ომის შეფასება უნივერსალური შკალით - „სიკეთე - ბოროტება“ - შეძლო.
- იმიტომ რომ, რომ ყველა საბჭოთა კოლექტიური ტრავმა გატანილი იყო არაცნობიერში, მათზე არავინ მუშაობდა. ეს ტრავმები ქვეცნობიერში ლპებოდნენ, ილექებოდნენ, ახლა სწორედ ამ ჩირქმა დაიწყო ამოსვლა. არ მომხდარა ბოლშევიზმის დანაშაულებათა არც კოლექტიური გააზრება და არც მონანიება. არც კოლექტიური თვითმკურნალობა გახსენებია ვინმეს. ეს ტრავმა, ისევე როგორც საბჭოთა გვამი, ფეხებზე დაიკიდეს და თქვეს: „ჩვენ ჯანმრთელები ვართ“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ავად იყვნენ, თან ძალიან მძიმედ. და ეს ბოროტება, რომელიც თვლემდა ადამიანებში, პროპაგანდის დახმარებით გაცოცხლდა, მასობრივმა დასხივებამ მიაღწია თავის მიზანს. ბუჩა ამ დასხივების სიმბოლური შედეგია. ეს არის წმინდა ბოროტება, რომელიც ამოვიდა კოლექტიური არაცნობიერის სიღრმიდან. არავინ უმკურნალა ტრავმას ისე, როგორც მას მკურნალობდნენ, მაგალითად, გერმანიაში, სადაც გამოჯანმრთელებას 20 წელი დასჭირდა. ჩვენ არანამკურნალევი დაავადების ნაყოფს ვიმკით. აბსურდული, საშინელი, უაზრო ომის სახით.
- პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მიუხედავად იმისა, რასაც განიცდის, მაინც მიმართავს ხოლმე მოაზროვნე რუსებს. ერთხელ ზელენსკიმ საკმაოდ ტოლსტოური კონსტრუქცია გამოიყენა, როცა თქვა, რუსებმა თავიანთი დუმილითა და გულგრილობით „ბოროტებას აღსრულების საშუალება მისცესო“. მე ვხედავ ამ გულგრილობას იმათ შორისაც კი, ვინც რუსეთიდან წავიდა. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ გავრცელებული წამოძახილი, რომელიც ხშირად გამოიყენება: „როდის დასრულდება ეს საშინელება“. ომი აღიარებულია ბოროტებად, მაგრამ ის თითქოს ზოგადია, უპიროვნოა და მასზე არავინ არის პასუხისმგებელი.
თუ გახსოვთ, მაშინ სულ ამბობდნენ: „მხოლოდ ძალადობის გარეშე, მხოლოდ სისხლის გარეშე“. შედეგად ეს ყველაფერი ტოტალური ძალადობით და დიდი სისხლისღვრით დასრულდა
- ეს მარადიული ინფანტილიზმია, მათ შორის რუსული ინტელიგენციისა და ახლა არ დაწყებულა. გაიხსენეთ ოკუჯავას სტრიქონები: „აჰ, ომო, შე საძაგელო, რა ჩაიდინე!...“ ეს არის რაღაც უმწეო მოხუცი ქალის მოთქმა-ყმუილი. ოკუჯავა ხომ თავად იბრძოდა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში გამოხატავს ომის მიმართ ამ ზოგად ინტელიგენტურ დამოკიდებულებას. ეს ყველაფერია - პრობლემის არდანახვის სურვილი, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე არაღების სურვილი. ვფიქრობ, ამიტომაც არ გამოუვიდა რუსეთს არაფერი არც 1990-იან წლებში და არც 2000-იან წლებში, როცა საპროტესტო მოძრაობა ქუჩაში იყო გამოსული. თუ გახსოვთ, მაშინ სულ ამბობდნენ: „მხოლოდ ძალადობის გარეშე, მხოლოდ სისხლის გარეშე“. შედეგად ეს ყველაფერი ტოტალური ძალადობით და დიდი სისხლისღვრით დასრულდა.
- ჯერ კიდევ „ქარბუქში“ (2011) იგრძნობოდა გაუცხოების უცნაური სიცივე, ადამიანის მარტოობის სიშიშვლე. „დოქტორი გარინი“ (2021) სწორედ ამ ტექსტიდან დაიბადა - და აქაც ასევე არის ომის წინათგრძნობა. მეტიც, რუსი ინტელიგენტი მშვიდად ფილოსოფოსობს „სტერილური“ ბირთვული ბომბის აფეთქების დროს, თითქოს ეს რაღაც ნორმალური იყოს.
- სხვა რაღა დარჩენია? დოქტორი - თუ ის ექიმია, საღ აზრზე უნდა დარჩეს. გარინი ჩემი ერთადერთი დადებითი პერსონაჟია ოცი წლის განმავლობაში. მაგრამ ეს გამონაკლისია: მას პროფესია ეხმარება. ექიმია და არა მღვდელი. მღვდლები ახლაც არ იწვევენ სიმპათიას.
- თუმცა, განდეგილი გყავდათ ერთ მოთხრობაში - მახსოვს მშვენიერი მოთხრობა „იისფერი გედები“.
- კი, მაგრამ განდეგილი ანტიმღვდელია. ის ხომ გამოქვაბულში ზის და არ დაფრინავს ბიზნესჯეტით.
- კარგი იქნება, „გედებში“ გამოთქმული თქვენი წინასწარმეტყველებაც რომ ახდეს - ბირთვული მუხტები გადაიქცნენ რაფინადად - შაქრის ნატეხებად. მაგრამ მინდა გკითხოთ თქვენი ბოლო პროზაული კრებულის De feminis-ის შესახებ. ადამიანების გეომეტრიულ ფორმებად გადაქცევა: კონუსებად, პრიზმებად და ცილინდრებად - სალამი კაფკას - მეტაფორის „ადამიანის სხვადასხვა კუთხით დანახვის“ ბუკვალური რეალიზებაა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ კაცობრიობის მომავალი მცირდება, იკუმშება? თუმცა ეს იდეა შეიძლება სხვაგვარადაც იქნეს განმარტებული: რომ მომავალში არაფერი ადამიანური უცხო არ არის ბიოკონსტრუქტორებისთვის; გეომეტრიული ფიგურები ისევე ხარობენ, იტანჯებიან ან ტკბებიან, როგორც ადამიანები.
- მე ვიტყოდი, რომ ახლა ადამიანი ნაწევრდება, იმსხვრევა. იქ, სადაც ადრე არსებობდა უმარტივესი ეთიკური შერაცხადობა, ახლა რთული მრავალწახნაგაა. თითქმის ერთი წელია, ევროპაში სისხლიანი და დაუნდობელი ომი მიმდინარეობს. ზოგიერთი ევროპელი, რომელიც ცდილობს ახსნა მოუძებნოს ამ საშინელებას, ამბობს: „ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვნად არ არის“. ასეთი საუბრები ასევე ეთიკის დანაწევრების, ფრაგმენტაციის სიმპტომია. ახლა ხალხი მეტ-ნაკლებად იწყებს იმის გაგებას, თუ რასთან აქვთ საქმე. მაგრამ ეთიკური გაურკვევლობა ჩვენი ეპოქის ნიშანია. თუმცა ომი მაინც ამცირებს მიჯნების, წახნაგების რაოდენობას.
- ჩემმა კოლეგამ, პოეტმა ელენა ფანაილოვამ ერთხელ თქვა თქვენზე: „მას ესმის მიწისქვეშა წყლების“. ზოგადად როგორ განეწყობით ხოლმე, მათ შორის, მომავლის ხმაურის მოსმენისთვის? რა ტექნიკას იყენებთ?
- გამახსენდა სხვა პოეტი ქალის - ვერა პავლოვას ციტატა: „მე მუცლად ვიღე გრუნტის წყლებიდან...“. ელენას კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია და არაკორექტულიც იქნებოდა ჩემი მხრიდან. რადგან ყოველი მწერალი ინდივიდუუმია თავისი ფსიქოსომატიკით. გაურკვეველია, ვინ რომელი ადგილით წერს. ერთმა მწერალმა მკითხა: „როგორ მოგდის იდეები?“ ვსვამდით. მე ვუპასუხე: „პირველ რიგში, უნდა დაელოდო სავსე მთვარეს. ადგე ადრიანად. სასურველია იყო ზამთრის ტყეში. შიშველი. გამოექანო და თავი ძლიერად დაარტყა არყის ხეს, ოღონდ რუსულ არყის ხეს. თუ ამას გააკეთებ, იდეები მოვა!“
კიდევ ერთი რამ მიწისქვეშა წყლების შესახებ. იყო ასეთი მშვენიერი პოეტი იან სატუნოვსკი, ძირითადად ანდეგრაუნდში იბეჭდებოდა. მან ზუსტად ჩამოაყალიბა: გაცნობიერებული წინათგრძნობა ნამდვილი არაა. ლიტერატურაში ყველაფერი არაცნობიერი და გაუცნობიერებულია და, შესაბამისად, არანაირი შამანისტური პრაქტიკა საქმეს არ უშველის. შენ მხოლოდ იმას გრძნობ, რასაც ვერ აკონტროლებ, მაგრამ შეგიძლია ჩაიწერო. როდის დადგება შემდეგი ჯერი, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.
როგორც ყოველთვის, გადარჩება ლიტერატურა, რომელიც დიდ კითხვებს სვამს. ახლა სწორედ ასეთ ლიტერატურას იხსენებენ და სწორედ ისაა ახლა ცოცხალი
- ახლა ცხადი ხდება: ლიტერატურა, რომელიც მშვიდობიან ცხოვრებაში რაღაც წარმოუდგენელ, არასასიამოვნო და შემაშფოთებელ რამედ ჩანდა, დღეს მხოლოდ ასეთი ლიტერატურაა შესაფერისი არსებული აბსურდისა და კოშმარის აღსაწერად. კერძოდ, ხარმსის ენა. როგორ ფიქრობთ, კიდევ რომელი მწერალი გადარჩება?
- როგორც ყოველთვის, გადარჩება ლიტერატურა, რომელიც დიდ კითხვებს სვამს. ახლა სწორედ ასეთ ლიტერატურას იხსენებენ და სწორედ ისაა ახლა ცოცხალი. ხარმსი გაიხსენეთ. მე კი გამახსენდა დიდი პოეტი ანდეგრაუნდიდან, იგორ ხოლინი, დიდი სამამულო ომის მონაწილე. მას აქვს ასეთი ლექსი:
Долина плоска
Как доска
Здесь
У шоссейного поворота
Цветет
Третья рота
Роту накрыл
Огненный шквал
Сто сорок рыл
В землю зарыл
[პწკარედული თარგმანი]
ველი ბრტყელია
როგორც ფიცარი
Აქ
გზატკეცილის გადასახვევთან
ყვავის
მესამე როტა
როტას გადაუარა
ცეცხლის ქარიშხალმა
ას ორმოცი სიფათი
მიწაში ჩაიმარხა
პირდაპირ ჩვენს დღევანდელობაზეა დაწერილი. აი, ასეთი ლიტერატურა გადარჩება.
- რუსეთში პატრიოტები (უბრალო სიტყვებით, მილიტარისტები) ჩივიან, რომ ომის ერთი წლის განმავლობაში არც ახალი კონსტანტინ სიმონოვები გამოჩენილან და არც ახალი ერენბურგები. თურმე, ნუ იტყვით, არ გვაქვს პატრიოტული ლიტერატურის მოზღვავება.
საიდან გაჩნდება პატრიოტული ლიტერატურა? ამ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ტლანქი სახელმწიფო დაკვეთა
- ეს ბუნებრივია. რაც უნდა ვთქვათ, მაშინ იყო სამამულო ომი და საბჭოთა ხალხი იცავდა სამშობლოს. ყველას ესმოდა, რომ მიზანი ერთი იყო - განთავისუფლება გერმანელი ოკუპანტებისაგან. და რა არის ახლა რუსული მილიტარისტული მანქანის მიზანი? ომის მსვლელობისას, რომელსაც თავად პუტინმაც კი ვერ უწოდა ომი, ყოველთვიურად იცვლება მიზნები. ახლა თურმე „ნატოსთან ომი“ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ომი მიმდინარეობს ნატოს არაწევრი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. რა გულწრფელობა შეიძლება წარმოიშვას აქ, საიდან გაჩნდება პატრიოტული ლიტერატურა? ამ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ტლანქი სახელმწიფო დაკვეთა.