ვიტალი საფაროვის მკვლელობა - სასამართლო პროცესის დეტალები უპრეცედენტო საქმეზე

3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მორიგი სასამართლო სხდომა დიუმას ქუჩაზე მოკლული 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის საქმეზე.

მოწმის სტატუსით ოთხი ბარმენი დაიკითხა - ვიტალის კარგი ნაცნობები. ყველა აცხადებდა, რომ ბრალდებულის სკამზე მსხდომნი: გიორგი სოხაძე (23 წლის) და ავთანდილ კანდელაკიშვილი (20), ასევე მათი მეგობრები, რომლებიც ვიტალის მსგავსად, ბარების ხშირი სტუმრები იყვნენ, აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.

მოწმეთა სიტყვებით, "ისინი ნაცისტურსიმბოლოებიანი ტანსაცმლით მოძრაობდნენ" და "ხშირად იყვნენ ბარში კონფლიქტის გამომწვევები", რის გამოც ბარის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს არაერთხელ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორ ახალგაზრდას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობა, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული - რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე.

ბრალს არც ერთი ბრალდებული აღიარებს. სოხაძეს - სამი, კანდელაკიშვილს კი ერთი ადვოკატი იცავს.

საფაროვის ოჯახი კი მკვლელობის პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ ვიტალი - სავარაუდოდ, ნეო-ნაცისტური დაჯგუფების წევრებმა მოკლეს. ვიტალის დედამ, მარინა ალანაკიანმა ეს ბრძოლაც ამიტომ დაიწყო და სწორედ ეს უთხრა რადიო თავისუფლებას ვიტალის მკვლელობიდან ორ თვეში - „ვიბრძვი იმის წინააღმდეგ, რისთვის ჩემი შვილი იბრძოდა. იმისთვის, რომ სხვების შვილებიც არ შეეწირონ სიძულვილსო“.

დაცვა VS მოწმეები

პირველ მოწმედ სასამართლო დარბაზში ბარ „ვარშავის“ ყოფილი ბარმენი სესილი ბუთხუზი გამოიძახეს. ეს სწორედ ის ბარია, სადაც 2018 წლის 30 სექტემბრის ღამით, საფაროვსა და მის სავარაუდო მკვლელებს შორის კონფლიქტი დაიწყო და ვიტალის სიკვდილით დასრულდა.

სესილი სასამართლოზე ყვებოდა, რომ ბრალდებულ გიორგი სოხაძეს, და მისი მეგობრებს მუდმივად მოსდიოდათ კონფლიქტი ხან ბარის უცხოელ (ინდოელ) მეპატრონესთან, ხანაც ბარის უცხოელ სტუმრებთან, ხშირად - შეძახილებით: „აქ რატომ ჩამოდიან, რა უნდათ“.

მათ ხშირად სთხოვდნენ ბარის დატოვებას. ბოლოს კი, როგორც სესილი ყვება, ისინი „შავ სიაში“ შეიყვანეს და შიგნით აღარ უშვებდნენ. თუმცა ისინი ბარ „ვარშავას“ მაინც სტუმრობდნენ, ოღონდ გარეთ, კიბეებზე ჩამომსხდარები სვამდნენ ხოლმე.

გიორგი სოხაძეზე, იგივე „სლეიერაზე“ სესილი ბუთხუზი ყვება, როგორ დაადო მან ერთხელ ბარის მეპატრონეს გადამტვრეული ბოთლი.

„როცა მივედი და ვუთხარი, რას აკეთებ-მეთქი, რა მნიშვნელობა აქვს ეგ ხომ ადამიანი არ არისო, სოხაძემ მიპასუხა“.

იმ დღეს სესილიმ პატრულიც გამოიძახა, მაგრამ ბარის ინდოელმა მეპატრონემ არ იჩივლა - არ მინდა, რამე დამიშავონო - სოხაძეს და მის მეგობრებს გულისხმობდა.

„პოლიციას სოხაძე ძალიან ზრდილობიანად ელაპარაკებოდა ხოლმე. ისედაც, როცა მარტო იყო, მაშინ არ იყო აგრესიული. მხოლოდ მას შემდეგ იწყებოდა კონფლიქტი, როცა ბარში მეგობრებთან ერთად მოდიოდა. მახსოვს, კასტეტიც ხშირად ჰქონდა. ერთხელ ბარზე დარჩა და ვნახე კიდეც ეს რკინის კასტეტი“.

- რა იცით, რომ რკინის იყო? იქნებ მუყაო იყო ან თაბაშირი? მყარი მუყაო გინახავთ? - ჰკითხა სესილის დაცვის მხარემ.

- სრულწლოვანი ვარ და რკინას და მუყაოს ვარჩევ, - იყო სესილი ბუთხუზის პასუხი. მისი შთაბეჭდილება 3 მაისის სხდომის შესახებ ამ ფეისბუქსტატუსიდან გამოჩნდა:

3 მაისის სასამართლო სხდომაზე ბევრი მსგავსი დიალოგი შედგა, პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ დაცვის არაერთი კითხვა გააპროტესტა.

ბრალდებულების დაცვის მხარე, რომელიც ამტკიცებს, რომ მათ ვიტალი საფაროვი არ მოუკლავთ, მოწმეებს ეკითხებოდა, საიდან დაასკვნეს მათ, რომ ბრალდებულები ნაცისტური დაჯგუფების წევრები არიან, ან რა იციან მათ ზოგადად ნაციზმზე, ე.წ, „SS”-ის სიმბოლიკაზე, რისი სიმბოლოა მათი აზრით, ტატუ - სამი ექვსიანით, რას ნიშნავს ქართულად „ზიგ ჰაილ“...

როდესაც მოწმეებს ბრალდების მხარემ, პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ ჰკითხა, როგორ გამოიყურებოდნენ ბრალდებულები ბარში სტუმრობისას, რას ამბობდნენ, როგორ იქცეოდნენ, რა ეცვათ, თითქმის ყველამ თქვა, რომ მათ ეცვათ ძირითადად შავი ტანსაცმელი, ხელში ეჭირათ ჯაჭვები, ატარებდნენ კასტეტებს, „სხვებისგან გამოირჩეოდნენ“. იყენებდნენ შეძახილებს: „საქართველო ქართველებს“, „ზიგ ჰაილ“ (რაც ნიშნავს „დიდება გამარჯვებას“ და ეს არის ნაცისტური შეძახილი, რომლითაც ესალმებოდნენ თავის დროზე ადოლფ ჰიტლერს და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ელიტის წევრები ხშირად სწორედ ამ შეძახილით ასრულებდნენ თავიანთ გამოსვლებს), „დიდება“ და სხვა. ბარმენების თქმით, ისინი ღიად ამბობდნენ, რომ ინდოელებს და ირანელებს საქართველოში ბიზნესი არ უნდა ჰქონოდათ.

სოხაძის ადვოკატმა, ლევან ბუაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბრალდება მოგონილია - მას ვიტალი საფაროვი არ მოუკლავს და ამას 31 მაისის განაჩენიც იტყვის:

Your browser doesn’t support HTML5

ლევან ბუაძე ვიტალი საფაროვის სასამართლოზე

​სასამართლოზე კითხვები თავად ბრალდებულებმაც დასვეს. ძირითადად გიორგი სოხაძე აქტიურობდა. მას ბარმენებისგან აინტერესებდა:

  • თუ დაუნახავთ, როგორ შეეხო ის ვინმეს ფიზიკურად ან თუ სცემა ვინმე
  • თუ დაუნახავთ, როგორ იცავდა ის, მაგალითად, ერთ-ერთ უცხოელს და მეტიც, როგორ მეგობრობდა ერთ-ერთ ებრაელთან.

ერთ-ერთ მოწმეს, გელა შენგელაიას, სოხაძემ წარსულიც გაახსენა - შენც ხომ ნაციონალისტი იყავი და უცხოელებს ლანძღავდიო. აღმოჩნდა, რომ ადრე ერთ მაგიდასთანაც მსხდარან და ერთადაც გამოუთქვამთ უკმაყოფილება საქართველოში „ბიზნესის მკეთებელი უცხოელების“ მიმართ. მოწმე გელა შენგელაიას არ უარყვია, რომ ეს მართლაც ასე იყო:

„მაგრამ მე დღეს ასე აღარ ვფიქრობ. წელიწადზე მეტია აზრი შევიცვალე და ამაში სწორედ ერთ-ერთი უცხოელი დამეხმარა“, - თქვა მან სასამართლო პროცესზე.

ისიც, მისი კოლეგების მსგავსად, საუბრობდა იმაზე, რომ გიორგი სოხაძე, ავთანდილ კანდელაკიშვილი და სხვა მათი მეგობრები ხშირად იქცეოდნენ აგრესიულად, ყვიროდნენ, უცხოელებს აგინებდნენ და მათ საცემადაც იწევდნენ. სწორედ ამიტომ „გააშავეს“ ისინი, როგორც გელა ამბობს და ბარში აღარ უშვებდნენ.

ბრალდებულები გელამ სწორედ იმ ღამით ნახა ბოლოს, როცა ვიტალი მოკლეს. ღამის 4 საათი იყო:

„ბარი დაკეტილია-მეთქი, ვუთხარი როცა მოვიდნენ. წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მე კი ტაქსი გამოვიძახე და წამოვედი. ვიტალის სიკვდილის ამბავი მეორე დღეს გავიგე“.

დაცვის მხარე ძირითადად იმაზე აპელირებდა, რომ მოწმეებს არ შეეძლოთ ყოფილიყვნენ ობიექტურები, რადგან ისინი იყვნენ ვიტალი საფაროვის მეგობრები, ასევე, ისინი მონაწილეობდნენ სოლიდარობის აქციაში საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად.

ვიტალი საფაროვის ოჯახის ადვოკატი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ უპრეცედენტო საქმეზე (რადგან მსგავსი ბრალდების საქმე არ განხილულა ქართულ მართლმსაჯულებაში), მოსამართლე სამართლიან და ობიექტურ განაჩენს გამოიტანს.

Your browser doesn’t support HTML5

ეკა ქობესაშვილი - ვიტალი საფაროვის საქმეზე

ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვის პირველ სხდომას, 2019 წლის 24 აპრილს სამოქალაქო სოლიდარობის პლატფორმის (Civic Solidarity Platform) წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ.

მონიტორინგის ჯგუფის წევრები იყვნენ - სვიტლანა ვალკო (Truth Hounds, უკრაინა), ალექსანდრა ნოვიჩკოვა (Public Alternative, უკრაინა), ალბერტ კუზნეცოვი (Committee against Torture/კომიტეტი წამების წინააღმდეგ, რუსეთი). მათი ანგარიში ამბობს,რომ ბრალდებულთა დაცვის მხარის თავდაცვის სტრატეგია მიზნად ისახავს სასამართლო პროცესის გადადება-გაჭიანურებას ისე, რომ სასამართლომ ვერ შეძლოს განაჩენის გამოტანა წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადის ამოწურვამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეა. მონიტორთა ჯგუფი შიშობს, რამდენად მოასწრებს სასამართლო დარჩენილ ორ თვეში ყველა მოწმის დაკითხვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევას. თუ სასამართლო ვერ მოასწრებს ამ დროში მტკიცებულებათა გამოკვლევასა და განაჩენის გამოტანას, ბრალდებულები გათავისუფლდებიან წინასწარი პატიმრობიდან. ამით მათ ექნებათ შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინონ საქმისთვის მნიშვნელოვან მოწმეებზე.

საქმის პროკურორი მიხეილ ჩხეიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოში ყველა საჭირო მტკიცებულება წარადგინა:

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ ჩხეიძე ვიტალი საფაროვის საქმეზე

„ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი და ვიტალი საფაროვის მეგობარი გიორგი მარჯანიშვილი კი ჩვენთან საუბარში შენიშნავს, რომ მისთვის, როგორც ვიტალის თანამებრძოლისა და ზოგადად, უფლებების დამცველისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ სასამართლოს შემდეგ საქართველოში არავინ მოკლან ეთნიკური ნიშნით სიძულვილის გამო:

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი მარჯანიშვილი ვიტალი საფაროვის სასამართლო პროცესზე

ვიტალი საფაროვის საქმეზე შემდგომი სასამართლო სხდომა 10 მაისს გაიმართება.

საქმის მოსამართლე შორენა გუნცაძეა.