ხვალ,15 აგვისტოს, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების თითქმის ერთთვიანი პროცესი დასრულდება. გასაუბრების ეტაპზე გადასული 50 კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 49-ს უკვე დაუსვეს შეკითხვები. მას შემდეგ კი რაც გასაუბრების ეტაპი სრულად დამთავრდება, ყურადღების ცენტრში მორიგი, კენჭისყრის პროცესი და მისი შედეგები მოექცევა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 50-დან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის ვინაობა უნდა გამოავლინოს.
როგორ ჩაიარა კანდიდატებთან გასაუბრებამ? ვინ გადავა ბოლო, პარლამენტში კენჭისყრის ეტაპზე და შესაძლებელია თუ არა გამარჯვებული ოცეულის წინასწარ პროგნოზირება? ეს შეკითხვები ამჯერად ჩვენ დავუსვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს.
ნაზი ჯანეზაშვილი პროცესსა და შედეგზე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში, შეიძლება ითქვას, თავისი პერსონალური შედეგები აქვს: კანდიდატებს რაოდენობრივად ყველაზე მეტი შეკითხვა მან დაუსვა და ანა დოლიძესთან ერთად, ყველაზე ხშირად გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებიდან სიტყვიერი თავდასხმის ობიექტი.
ნაზი ჯანეზაშვილი ვერ იხსენებს გასაუბრების ვერც ერთ დღეს, შეკითხვებს ჩინჩალაძე - მურუსიძის კლანისა და საბჭოს მოსამართლე წევრების გავლენების შესახებ მის მიმართ პირდაპირი შეტევა რომ არ მოჰყოლოდა. პროცესის ზოგად შეფასებაში იგი საგანგებოდ აღნიშნავს იმასაც, რომ არ არსებობს სხვა მეორე სტრუქტურა, სადაც მსგავსი ტიპის გასაუბრებას კომისიის წევრები ერთმანეთთან ჩხუბში ატარებენ. რაც შეეხება ზოგად ძირითად მიგნებებს, ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ
- გასაუბრების პროცესმა წარმოაჩინა, რომ ბევრი ადამიანი გაურკვევლად, დაუმსახურებლად მოხვდა 50 კაციან სიაში
- გასაუბრებაში გამოვლინდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს ჰყავდათ ფავორიტები და სხვადასხვაგვარად ცდილობდნენ მათ დახმარებას
- პროცესი იყო ფასადური და არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალურ კონკურსთან
- კონკურსში მონაწილე მოსამართლეებიდან ვერავინ გაბედა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკი
ნაზი ჯანეზაშვილი თავს იკავებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების საბოლოო 20 კაციანი სიის შემადგენლობის პროგნოზირებისგან, თუმცა ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობას, ვის მიმართაც, მისი შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები განსაკუთრებით მობილიზებულები და კეთილგანწყობილები იყვნენ: ეს კანდიდატები არიან გიორგი მიქაუტაძე, ილონა თოდუა, ლევან თევზაძე, შალვა თადუმაძე, მაია ვაჩაძე, მამუკა ვასაძე, შოთა გეწაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, პაატა შავაძე, ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი ტყავაძე, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ზურაბ აზნაურაშვილი, უჩა თოდუა და კახაბერ სოფრომაძე. კანდიდატთა ამ სიაში 7 პირი გვხვდება იმ 10 კაციანი სიიდან, რომლიც გასული წლის დეკემბერში დაასახელა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.
გასაუბრების აბსურდები და კურიოზები ანუ როცა ლენინი ლიდერია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 50 კანდიდატი, რომელთაგან ამ დროისთვის 49 - მ უკვე გაიარა გასაუბრება, მთლიანობაში ფარული კენჭისყრით 137 კანდიდატიდან შეირჩა. საბჭოს არამოსამართლე წევრები, სახალხო დამცველთან ერთად კენჭისყრის დასრულების შემდეგ აცხადებდნენ, რომ სია საეჭვო სქემით, გარიგებითა და ნეპოტიზმით შეიქმნა. ამ და სხვა დარღვევებს შორის პროცესის მონიტორები საგანგებოდ ამახვილებენ ყურადღებას ასევე გასაუბრების ფორსირებულ ხასიათზე, არასამუშაო რეჟიმზე, მათ შორის თავდასხმებზე არამოსამართლე წევრების მიმართ და სხვა. რაც შეეხება ტენდენციებს, როგორც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი გვანცა წულუკიძე გვეუბნება, ერთ-ერთი მთავარი, რაც გასაუბრებების პროცესში გამოიკვეთა, არის ის, რომ მოსამართლეთა უმრავლესობას სამართლის მიღმა არსებულ ღირებულებათა წესრიგზე წარმოდგენაც კი არ აქვს:
„კანდიდატის შემოწმება არ ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმით, რამდენად იცის მან სამართალი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორი ღირებულებები გააჩნიათ მათ სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში - როგორია მათი ცოდნა ადამიანის უფლებებში, მათ შორის პრეცედენტულ სამართალში, რამდენად ეცნობიან ევროპის ადამიანის უფლებათა პრაქტიკას, საკონსტიტუციოს პრაქტიკას და ა.შ", - გვითხრა გვანცა წულუკიძემ. მისი თქმით,
- მოსამართლე კანდიდატთა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე, დისკრიმინაციაზე, საკონსტიტუციო სამართალზე
- კანდიდატთა უმრავლესობას უჭირს კანონის მიღმა ცალკეულ საკითხებზე თავიანთი აზრისა და შეხედულებების ჩამოყალიბება
გვანცა წულუკიძემ ისაუბრა ტენდენციებიდან გამონაკლისებზეც და დაასახელა 6 კანდიდატი, რომლებიც, მონიტორების შეფასებით იმსახურებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50-ე კანდიდატთან გასაუბრება 15 აგვისტოს 14 საათზეა დანიშნული. 15 აგვისტოსვე გაირკვევა, როდის გაიმართება კენჭისყრა საპატიო ოცეულის გამოსავლენად. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვირიტიშვილმა განაცხადა, კენჭისყრა შესაძლოა უახლოეს დღეებში, ან საბჭოს წევრთა შვებულებების შემდეგ, სექტემბერში გაიმართოს. კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი 20 კანდიდატის სია პარლამენტს გადაეგზავნება. კანდიდატებს პარლამენტმა სათითაოდ უნდა უყაროს კენჭი.