„ვისაც ველაპარაკე, ყველა ავადაა“, - როგორ ვხვდებით ვირუსების სეზონს

„ჩემს გარშემო ბევრს აქვს კოვიდი“, „თქვენ გარშემოც ყველა გაციებულია?“, „ვეღარ გავიგე, უნდა გავიკეთოთ ეს პირბადეები ისევ?“ „საერთოდ, ვინმე იტესტება კიდევ ამ კოვიდზე?“ „კი, მქონდა რაღაც ვირუსი, მაგრამ რა იყო, არ ვიცი“, „ხალხო, გაუფრთხილდით თავს, კოვიდი შემხვდა და ძალიან ცუდად ვიყავი“, „გრიპის საწინააღმდეგო რამე ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში?“ „დაავადებათა კონტროლის ცენტრის საიტზე ვერაფერი ვნახე აცრებზე“- ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმ პოსტებისა და კომენტარებისა, რომლებიც ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში იწერება.

ე.წ. "ვირუსების სეზონი" იწყება. ან უკვე დაიწყო კიდეც, რადგან ბოლო რამდენიმე დღეა, გარშემო, შეუიარაღებელი თვალითაც აქტიურად შეინიშნება რესპირაციული ვირუსების მატება. ტესტირების მსურველთა რიგები დგას კლინიკებთან.

ინფორმაციის მისაღებად, მაგალითად, რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში, როდის შემოვა ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, კიდევ გვაქვს თუ არა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, ღირს თუ არა კოვიდ-ვაქცინის გაკეთება ა.შ. „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ საიტსა და ფეისბუკის გვერდს ტყუილად „დალაშქრავთ“. მათი სოციალური ქსელი 28 სექტემბრის მერე დღეს, 10 ოქტომბერს პირველად განახლდა და სულ სხვა შინაარსის ინფორმაციით.

კითხვებზე პასუხის ძებნა „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ პრეს-სამსახურში დავიწყეთ. იქიდან ასეთი პასუხით გამოგვისტუმრეს:

„ჯერ ძუძუს კიბოს თვე გვაქვს, ოქტომბერი, და მაგაზე [სეზონურ ვირუსებზე] რომ გადავალთ, მერე გეთანამშრომლები, ჯერ ჩვენც ხომ უნდა მოვემზადოთ, არა?“

ვაქცინა ოქტომბრის ბოლოდან

ინფორმაციის ძებნა-ძებნაში, 10 ოქტომბერს წამოგვეწია ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას კომენტარი - ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება:

„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე შეიძლება შევნიშნოთ და გავიხსენოთ ისიც, რომ მაგალითად, გასულ, 2022 წელს, სეზონური გრიპის ვაქცინაცია ქვეყანაში 21 სექტემბრიდან დაიწყო. ამჯერად, როგორც ჩანს, ვაქცინაციის პროცესი ერთი თვის დაგვიანებით დაიწყება.

არადა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობა მაშინ იზრდება, როდესაც ის დროულად, ანუ გრიპის ვირუსის სეზონის გააქტიურებამდე კეთდება, რაკიღა იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ადამიანს ვაქცინაციიდან ორი კვირა სჭირდება.

ისევე როგორც წინა წლებში, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ-ჯგუფებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ.

ესენი არიან:

  • დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
  • აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
  • ორსულები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.

რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს დღეს ქვეყანაში?

„ძალიან ბევრია რინოვირუსის შემთხვევა. გავრცელების მიხედვით, მეორე ადგილზე დგას ორი ტიპის ვირუსი - კორონავირუსი, რომლის წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 7%-ია და ასევე, პარა-გრიპი, რომლის წილია 2%“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე, რომელიც ეყრდნობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ბოლო, მიმდინარე კალენდარული წლის 39-ე კვირის მონაცემებს.

მისი თქმით, მართალია შემთხვევები ერთეულია, მაგრამ უკვე დაფიქსირდა A ტიპის გრიპის ვირუსიც, რომელმაც გასულ წლებთან შედარებით, წელს გაცილებით ადრე იჩინა თავი:

ივანე ჩხაიძე

„გრიპის პირველი შემთხვევების დაფიქსირება, როგორც წესი, პანდემიამდე პერიოდში ხდებოდა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში ხოლმე. წელს გრიპის შემთხვევები გაცილებით ადრე დაგვიფიქსირდა და უფრო მეტიც, თუკი გავიხსენებთ, რა ხდებოდა 2022 წელს, გრიპის სეზონი გვქონდა მისთვის სრულიად უჩვეულო პერიოდში, ზაფხულში. პანდემიის პერიოდში, ორწლიანი იზოლაციის შემდეგ, იცვლება ვირუსული ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი, რაც გამოიხატა გრიპის შემთხვევების უფრო ადრე დაწყებაში და სხვა ტიპის ვირუსების გააქტიურებაში“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

იმის გათვალისწინებით, რომ წელს შედარებით ადრე იჩინა თავი გრიპის ვირუსის შემთხვევებმა, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი დროულად დაიწყოს და არ გაიწელოს. მით უმეტეს, რომ შარშანდელთან შედარებით, ეს პროცესი ისედაც ერთი თვის დაგვიანებით იწყება.

თამარ გაბუნია ფიქრობს, რომ „მომდევნო კვირიდან სისტემა მზად იქნება იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს“.

რა განასხვავებს ერთმანეთისგან რინოვირუსსა და გრიპის ვირუსს?

გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელია ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი ცვლილება, საერთო სისუსტე, უმადობა, ძილის დარღვევა, სახსრების, თავის ძლიერი ტკივილი, ყელის ტკივილი, ხველა, მაღალი ტემპერატურა. შედარებით ნაკლებად ცემინება.

რინოვირუსი უფრო მეტად გაციების სიმპტომებს იწვევს. ნაკლებად ახასიათებს მაღალი ტემპერატურა. შესაძლოა, ტემპერატურის გარეშეც მიმდინარეობდეს. ის უფრო მეტად ზამთრის განმავლობაში იჩენს ხოლმე თავს, თუმცა, წელს, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, მისი აქტიურობა მკვეთრად მომატებულია უკვე ოქტომბრის თვეში.

და COVID19?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ივანე ჩხაიძე გვეუბნება, რომ გასულ კვირაში ტესტირებულთა 7%-ს დაუდასტურდა კორონავირუსი.

მისივე ინფორმაციით, რომელიც ისევ და ისევ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ცირკულირებს COVID19-ის ბოლო შტამი, „ომიკრონი“, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, არ გამოირჩევა მძიმე მიმდინარეობით:

„წინა შტამებისგან განსხვავებით, ჩვენ უკვე ვიცით, რომ მისთვის აღარ არის დამახასიათებელი დაავადების პროცესში ქვემო სასუნთქი გზების, ფილტვების ჩართვა, რაც მაგალითად, ახასიათებდა კოვიდის „დელტა“ ვარიანტს. უმრავლეს შემთხვევებში, კორონავირუსი მიმდინარეობს გაციების კლინიკური სიმპტომატიკით, ცემინება, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ტემპერატურით ან მის გარეშე. ახლა უკვე მას ძალიან იშვიათად ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

მკვლევრების და მოხალისეების საერთაშორისო ჯგუფის Worldometer-ის საიტზე, სადაც ყოველდღიურად ახლდება მსოფლიოს კოვიდ-სტატისტიკა, საქართველოს შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2023 წლის 26 აგვისტოსაა განახლებული. ამ დღეს საქართველოში ოფიციალურად დადასტურდა კოვიდის 515 შემთხვევა. ამავე პორტალზე ატვირთული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს თვეში საქართველოში კოვიდით გარდაცვალების 6 შემთხვევა დაფიქსირდა.

ვაქცინა ომიკრონისთვის?

გახსოვთ ის ცნობილი პორტალი, სადაც ორი წლის წინ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად ადგილსა და დროს ვჯავშნიდით - Booking.moh.gov.ge? - ეს საიტი დღეს ისევ ფუნქციონირებს, სადაც გამოტანილია კოვიდსაწინააღმდეგო, ამერიკული ვაქცინის, „ფაიზერის“ 32 ათასზე მეტი დოზა, რომლის მიღებაც რამდენიმე კლინიკაშია შესაძლებელი.

თუმცა, როგორც ივანე ჩხაიძე გვეუბნება, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ მიმდინარეობს: „ძირითადი გეგმა, რაც ქვეყანას აქვს, ეს არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება რისკის ჯგუფებისთვის“.

აქ ის ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი, რომ „ფაიზერი“ ნაკლებეფექტიანი ვაქცინა გამოდგა „ომიკრონთან“ ბრძოლაში, ხოლო შემოვა თუ არა ქვეყანაში კონკრეტულად “ომიკრონზე” მორგებული ვაქცინის ადაპტირებული ვერსია Spikevax, რომლის ავტორიზაციის რეკომენდაცია ზუსტად ერთი თვის წინ, 2023 წლის 14 სექტემბერს, გასცა ევროპის წამლის სააგენტომ, ეს ჯერჯერობით, უცნობია.

პირბადე ხომ არ გაგვეკეთებინა?

კი, რატომაც არა. განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში:

„აქ უკვე ლაპარაკია პირად პასუხისმგებლობაზე. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ დახურულ სივრცეში, ეს იქნება სავაჭრო დაწესებულებები თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კარგი იქნება თუკი პირბადეს გავიკეთებთ. დღესდღეობით, გრიპის ვირუსის სიჭარბე არ გვაქვს, მაგრამ მატების მოლოდინში ვართ უახლოეს კვირებში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან სასურველია, რომ პირბადე ვატაროთ, განსაკუთრებით, რისკის ჯგუფებმა“.

ინფექციონისტები გრიპის შემთხვევებისა და ვირუსული ინფექციების მატებას ნოემბრიდან, ხოლო გავრცელების პიკს დეკემბერ-იანვარში ელიან. სეზონური ვირუსების პერიოდი, სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე შენარჩუნდება. თუმცა, გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც რესპირაციული ვირუსების შემთხვევები ინტენსიურად ფიქსირდებოდა ივნისი-აგვისტოს პერიოდშიც, ჭირს პროგნოზირება, სეზონური ვირუსი გაზაფხულის დადგომასთან ერთად იკლებს თუ შარშანდელივით, ოთხივე სეზონს მოერგება.