ვის რამდენი მაჟორიტარი ეყოლება მომავალ პარლამენტში

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, მომავალ პარლამენტში შევა პროპორციული წესით არჩეული - 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი.

მაჟორიტარ დეპუტატებს ამომრჩეველი 30 ერთმანდატიან ოლქში აირჩევს. კანონპროექტის ტექსტის თანახმად, ოლქები „ამ კანონის მიღების დროისათვის მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად“ იქმნება. კანონპროექტში ასახულია ყველა ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც ამა თუ იმ ოლქის ფარგლებში მოექცევა.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით თუ დავალაგებთ, ოლქები ასე გადანაწილდება:

თბილისი - 8 ოლქი:

  • მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები;
  • ვაკის რაიონი;
  • საბურთალოს რაიონი;
  • ისნის რაიონი;
  • სამგორის რაიონი;
  • დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები;
  • გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი.

კახეთი - 2 ოლქი:

  • თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები;
  • გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები.

ქვემო ქართლი - 3 ოლქი:

  • რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები.

მცხეთა-მთიანეთი - 1ოლქი:

  • მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.

შიდა ქართლი - 2 ოლქი:

  • კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები;
  • ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები.

სამცხე-ჯავახეთი - 2 ოლქი:

  • ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები;
  • ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები.

იმერეთი - 4 ოლქი:

  • ქუთაისის მუნიციპალიტეტი;
  • საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები;
  • ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;
  • სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები.

სამეგრელო - 3 ოლქი:

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
  • ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები;
  • წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები.

გურია - 1 ოლქი:

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

აჭარა - 3 ოლქი:

  • ბათუმის მუნიციპალიტეტი;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ხელვაჩაურის (მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები.

რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი - 1 ოლქი:

  • ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.

პარლამენტში 11 მარტს დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ასახავს. ამის შესახებ განცხადება 11 მარტს, ბიუროს სხდომაზე გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

კანონპროექტის ტექსტს ეთანხმება როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის ძირითადი ნაწილი.

„შემდეგ პლენარულ სხდომაზე შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ერთი თვის ვადაში უზრუნველყოფს საჯარო განხილვებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა ამ საჯარო განხილვების ფორმატი და პლატფორმა შეიცვალოს. მაგრამ ის აუცილებლად ჩატარდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით გამართულ შეხვედრაზე, შედგა კომპრომისული შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მომავალ პარლამენტში შევა პროპორციული წესით არჩეული - 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი.

საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. როგორც რომან გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საარჩევნო სისტემის გარშემო 8 მარტს მიღწეული შეთანხმება საბოლოოდ შემდგარად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც შესრულდება ასევე ერთობლივ განცხადებაში ასახული დაპირება.

ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს და ასევე - შეწყვიტოს ოპოზიციონერებისა და მედიამფლობელების შერჩევითი გასამართლება.